ფინანსური განათლების, მომხმარებელთა უფლებების დაცვის, პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული ფინანსური სისტემისა და ფინანსური ჩართულობის თემები განიხილეს 1 ივნისს საქართველოს ეროვნულ ბანკში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც მსოფლიო ბანკის ექსპერტები კოლინ მასენიკი და სორენ ნელმანი უძღვებოდნენ.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საფინანსო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის, კომერციული ბანკების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, და საერთაშორისო/არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები.
საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს მომხმარებელთა დაცვის კანონმდებლობაში უკანასკნელ პერიოდში გატარებული ცვლილებები წარუდგინეს და გააცნეს ეროვნული ბანკის მიდგომები მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების მიმართულებით.
მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა ქართველ სპეციალისტებს ფინანსური განათლების მიმართულებით გლობალური ტენდენციები და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა გააცნეს. ღონისძიების მონაწილეებმა იმსჯელეს ფინანსური განათლების სტრატეგიის განხორციელებისა და შეფასების ეფექტურ გზებზე, ასევე, მოსახლეობაში ჯანსაღი ფინანსური ქცევის ხელშეწყობის, ქცევითი ეკონომიკისა და ფინანსური განათლების გასართობი არხებით გავრცელების საკითხებზე.
"ფინანსური განათლება და მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია, რამდენადაც მოსახლეობაში ფინანსური ცნობიერების ამაღლება მათი უფლებების დაცვის წინაპირობაა. ვფიქრობთ, დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში განხილული ინფორმაცია ხელს შეუწყობს ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიით განსაზღვრული ამოცანების მიღწევას. ფინანსური განათლების მიმართულებით აღსანიშნავია, რომ დღეს ასევე გავრცელდა სებ-ისა და "შემნახველი ბანკების ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის" (SBFIC) მიერ ერთობლივად განვითარებული ვიდეორგოლი, რომელიც მომხმარებლებს მოუწოდებს პასუხისმგებლობით და გონივრულად მიუდგნენ საკუთარი თანხების დაზოგვა-შენახვის საკითხს", - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა.