სანამ დეპოზიტის კონკრეტულ ბანკში გახსნის გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, გონივრული იქნება, თუ მოიძიებთ ყველა შესაძლო ალტერნატივას, შეადარებთ პირობებს, მათ შორის, მისაღებ სარგებელს და ამის საფუძველზე აირჩევთ საუკეთესო ალტერნატივას.
ინფორმაციის მოსაძიებლად რამდენიმე მეთოდი არსებობს, კერძოდ, თქვენთვის საინტერესო ფინანსურ პროდუქტზე, მათ შორის, დეპოზიტებზე მოქმედი პირობების მოსაძიებლად შეგიძლიათ:
- ესტუმროთ თქვენთვის საინტერესო ყველა ბანკს და ადგილზე დააზუსტოთ ყველა დეტალი
- ისარგებლოთ ბანკების დისტანციური არხებით - ვებგვერდით, გაეცნოთ ინტერნეტბანკისა თუ მობილბანკის შეთავაზებებს
- გამოიყენოთ ფინანსური ორგანიზაციის სატელეფონო მომსახურების ცენტრი თუ ოფიციალურ ვებსაიტზე ჩართული ონლაინ კონსულტაციის ფუნქცია.
შეეცადეთ, ინფორმაციის მოძიების პროცესში დაეყრდნოთ ოფიციალურ და, შესაბამისად, სანდო ინფორმაციას. პირი, რომელიც არაა ფინანსური ორგანიზაციის წარმომადგენელი და უბრალოდ ფლობს ინფორმაციას კონკრეტულ დეპოზიტზე ან თავადაც სარგებლობს ამ პროდუქტით, ინფორმაციის სანდო წყაროს შესაძლოა არ წარმოადგენდეს. ფინანსურ პროდუქტებზე, მათ შორის დეპოზიტებზე პირობები მუდმივად განახლებადია, შესაბამისად სანდო ინფორმაციის ფლობისთვის საჭიროა ამ პროდუქტის მომწოდებელი ორგანიზაციიდან ინფორმაციის მიღება უშუალოდ დეპოზიტის გახსნის წინ.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება სხვადასხვა შეთავაზების განხილვისას?
დეპოზიტის ვადა
პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ დეპოზიტის ვადას. რაც მეტია დეპოზიტის ვადა, სტანდარტულად უფრო მეტია მისაღები სარგებელი. უკეთესი ალტერნატივის ასარჩევად, როგორც წესი, ორი იდენტური ვადის მქონე დეპოზიტის შედარება იქნებოდა უფრო გონივრული.
დეპოზიტის ნომინალური საპროცენტო განაკვეთი
დაითვალეთ მისაღები სარგებელი ნომინალური საპროცენტო განაკვეთის მიხედვით. თუ გსურთ დაითვალოთ, კონკრეტულ ვადაზე რა სარგებლის მიიღებთ, შეგიძლიათ ისარგებლოთ დეპოზიტის კალკულატორით.
დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი
დაითვალეთ ყველა ხარჯი ან სარგებელი რაც თქვენი დეპოზიტის არსებობის განმავლობაში შეიძლება გქონდეთ. მაგალითად, მისაღები საპროცენტო სარგებელი, დეპოზიტით სარგებლობის გამო გადმოცემული საბანკო პროდუქტები და მომსახურება. ყურადღება მიაქციეთ დეპოზიტის ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს. სხვა თანაბარ პირობებში (ვადა, შენატანების სიხშირე და მოცულობა) სხვადასხვა ალტერნატივის შედარებისას უფრო ხელსაყრელი ის დეპოზიტი იქნება, რომლის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი უფრო მაღალია. ამიტომ აქ მნიშვნელოვანია ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მნიშვნელობების შედარებისას დარწმუნდეთ, რომ გათვლებში თანაბარი მონაცემებია გამოყენებული.
თუ მაგალითად, ეფექტური საპროცენტო პროცენტის მნიშვნელობებს უბრალოდ ბანკის ვებგვერდიდან ეცნობით, გაითვალისწინეთ, რომ იქ ეს მაჩვენებელი შესაძლოა საშუალო შენატანებზე იყოს გაკეთებული, რომელიც განსხვავებული იყოს ბანკების მიხედვით და არც თქვენს გეგმებს ემთხვეოდეს. მაგალითად, ბანკი ითვლიდეს, რომ ანაბარი 1,000 ლარით გაიხსნა და ყოველთვიურად 100 ლარის დამატება ხორციელდება, თქვენ კი აპირებდეთ ანაბარი 200 ლარით გახსნათ და ყოველთვიურად 150 ლარიანი შენატანი გააკეთოთ. ამიტომ უმჯობესია თუ კონკრეტულად თქვენს ფინანსურ გეგმებზე მორგებულ გათვლებს გააკეთებთ. ეს ინფორმაცია შეგიძლიათ ბანკთან დააზუსტოთ ან ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებული კალკულატორებითაც ისარგებლოთ.
სარგებლის დარიცხვის მეთოდი და სარგებლის კაპიტალიზაციის პერიოდულობა
არჩევანის გაკეთება არა მხოლოდ სხვადასხვა ბანკს, არამედ პროდუქტებს შორისაც მოგიწევთ. აქაც ეფექტური საპროცენტო განაკვეთი სხვადასხვა ალტერნატივის შესადარებლად საუკეთესო საშუალებაა. თუმცა თქვენთვის საბოლოოდ საინტერესო იქნება ის საბოლოო სარგებელი, რაც უნდა მიიღოთ ანაბრის დასრულების შემდეგ. ამ გათვლებში ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებული კალკულატორებიც დაგეხმარებათ. ყურადღება მიაქციეთ სარგებლის დარიცხვის მეთოდს და სარგებლის კაპიტალიზაციის პერიოდულობას. სარგებლის რთული მეთოდით დარიცხვა სხვა, თანაბარ პირობებში უფრო მეტ სარგებელს მოგიტანთ მარტივი მეთოდით დარიცხვასთან შედარებით.
მაგალითად, თუ აპირებთ ანაბარი 100 ლარით გახსნათ და ყოველთვიურად, 6 თვის მანძილზე დაამატოთ 50 ლარი, შეიძლება გქონდეთ სადეპოზიტო პროდუქტის ორი ალტერნატივა:
- გახსნათ ზრდადი ტიპის ვადიანი დეპოზიტი, რომელზეც სარგებელი მარტივი მეთოდით დაირიცხება
- გახსნათ მოთხოვნამდე, უვადო ტიპის დეპოზიტი, რომელზეც სარგებელი რთული მეთოდით დაირიცხება
სწორი არჩევანის გასაკეთებლად დაითვალეთ, ორივე ანაბრით სარგებლობისას ჯამურად რა სარგებელს მიიღებთ და ამის საფუძველზე მიიღეთ გადაწყვეტილება. მიაქციეთ ყურადღება, რომელიმე დეპოზიტზე განაღდების ან სხვა სახის საკომისიო ხომ არაა გათვალისწინებული, რადგან ამ ხარჯმა შესაძლოა, საბოლოოდ, მნიშვნელოვნად შეამციროს მისაღები სარგებლის მოცულობა.
მსგავსი თემები
- საპროცენტო სარგებელი და მისი დაანგარიშება
- დეპოზიტის მნიშვნელოვანი პირობები
- სესხის გადახდა და გრაფიკი
- რჩევები ფინანსური პროდუქტის შეძენამდე
- ნომინალური და ეფექტური საპროცენტო განაკვეთი
- დეპოზიტების სახეები
- შეესაბამება თუ არა დეპოზიტი თქვენს მიზანს და შემოსავალს?
- დეპოზიტის განკარგვასთან დაკავშირებული ხარჯები