კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

როგორ დაიცვათ სმარტფონების უსაფრთხოება?

სმარტფონი
თანამედროვე სამყაროში, სმარტფონი აღარაა მხოლოდ ზარების განხორციელებისა და შეტყობინებების გაგზავნის საშუალება, ამ მოწყობილობებში თქვენს შესახებ უამრავი მნიშვნელოვანი მონაცემი ინახება. გარდა თქვენი პირადი მონაცემებისა, სმარტფონის საშუალებით შეიძლება სარგებლობდეთ კორპორატიული ელექტრონული ფოსტითა თუ მობილბანკით, შესაბამისად, კონფიდენციალური თუ ფინანსური ინფორმაციის დასაცავად, მნიშვნელოვანია სმარტფონის უსაფრთხოების სათანადო დაცვა.

რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს სმარტფონს?

სმარტფონებთან და ზოგადად მობილურ მოწყობილობებთან მიმართებაში არსებული საფრთხეები შეგვიძლია შემდეგნაირად დავყოთ:

მავნე აპლიკაციები

ხშირად, კიბერთაღლითები ქმნიან სხვადასხვა აპლიკაციებს, რომლებიც ლეგიტიმურად გამოიყურება და მომხმარებლისთვის საჭირო ფუნქციებსაც ასრულებს, თუმცა ამავდროულად, ასეთი აპლიკაციები იღებენ წვდომას და იპარავენ მოწყობილობაში არსებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან მონაცემს.

ქსელები

სმარტფონით ღია ან დაუცველი WiFi-ის გამოყენებისას, კიბერთაღლითებს შეუძლიათ დაუშიფრავი ინფორმაციის ნახვა და მოპარვა.

ფიზიკური საფრთხეები

დაკარგვისა და მოპარვის შემთხვევაში, დაუცველი სმარტფონიდან დიდია ინფორმაციის გაჟონვის საფრთხე.

რა უნდა გაითვალისწინოთ სმარტფონების უსაფრთხოებისთვის?

დააყენეთ ეკრანის დაბლოკვა (ე.წ. Screen Lock)

სმარტფონზე გააქტიურეთ ეკრანის დაბლოკვის (ე.წ. Screen Lock) ფუნქცია. ეკრანის განბლოკვა უნდა ხდებოდეს პაროლის ან თქვენი ბიომეტრიული მონაცემების საშუალებით, რათა ტელეფონის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში არ მოხდეს თქვენს პირად ინფორმაციაზე უცხო პირების წვდომა.

არ ჩამოტვირთოთ საეჭვო აპლიკაციები

არ დააყენოთ სმარტფონში საეჭვო (არაოფიციალური) წყაროებიდან მოპოვებული აპლიკაციები თუ პროგრამები, მნიშვნელოვანია, ყოველთვის გადაამოწმოთ აპლიკაციის ავტორი და დარწმუნდეთ მის სანდოობაში.

დააკვირდით, რა წვდომას ითხოვს აპლიკაცია

აპლიკაციის დაყენებისას შეამოწმეთ, რა უფლებებსა და წვდომას ითხოვს აპლიკაცია, რადგან ზოგიერთი მათგანი შეიძლება მოითხოვდეს მისთვის არასაჭირო ფუნქციას, რაც არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის შეიძლება გამოიყენოს.

განაახლეთ პროგრამული და ოპერაციული სისტემები

უკვე აღმოჩენილი სისუსტეების აღმოსაფხვრელად, აუცილებელია პროგრამული და ოპერაციული სისტემის განახლებების (Updates) დაყენება

არ გამოიყენოთ საჯარო Wi-Fi ქსელები

საჯარო უსადენო ინტერნეტ ქსელის გამოყენებისას, არ შეხვიდეთ თქვენს ანგარიშებში და არ შეიყვანოთ პირადი მონაცემები. გამოყენების შემდეგ კი აუცილებლად გათიშეთ WiFi, NFC და Bluetooth კავშირი.