კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

საგადახდო მომსახურების პროვაიდერი

საგადახდო მომსახურების პროვაიდერი (პროვაიდერი) - იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირდება ეროვნულ ბანკში და მომსახურებას უწევს საგადახდო მომსახურებით მოსარგებლე მომხმარებელს. საგადახდო მომსახურება, როგორც სახელწოდება მიუთითებს, დაკავშირებულია გარკვეული ტიპის გადახდებთან. შესაბამის კანონში საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ საკმაოდ დეტალურადაა ჩამოთვლილი ყველა ეს ოპერაცია, რომელთა შორისაა: 

  • გადამხდელის ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოჭრა და/ან მიმღების ანგარიშზე ფულადი სახსრების ჩარიცხვა და მათ შესრულებასთან დაკავშირებული ოპერაციები. მაგალითად, საგადახდო პროვაიდერს შეუძლია, მიიღოს თქვენგან თანხა ნაღდი სახით ან ჩამოჭრას ეს თანხა თქვენი ბარათიდან და გადაურიცხოს ელექტროენერგიის მომწოდებელ პროვაიდერს, შესაბამისად, მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია თქვენი დავალიანების შესამცირებლად. ამასთან, გადახდა არ გულისხმობს მხოლოდ კომუნალურ გადასახადებს და შესაძლებელია ნებისმიერი მიზნობრიობით განხორციელდეს (მაგალითად, ფინანსური მომსახურება, სწავლის გადასახადი და ა.შ).
  • გადახდის განხორციელება პირდაპირი დებეტით (მათ შორის, ერთჯერადი დავალებით), საგადახდო ბარათის ან სხვა ელექტრონული საშუალების გამოყენებით, ან საკრედიტო გადარიცხვა (მუდმივი დავალების ჩათვლით), საგადახდო მომსახურების მომხმარებლის საკუთარი თანხის ან საკრედიტო რესურსის ფარგლებში. მაგალითად, თუ მომხმარებელი წინასწარ მიანიჭებს უფლებამოსილებას, საგადახდო პროვაიდერს შეუძლია, ელექტროენერგიის მიმწოდებელი პროვაიდერის მიმართ დავალიანების წარმოქმნისთანავე, მომხმარებლის ანგარიშიდან თანხა მიმართოს შესაბამისი დავალიანების დასაფარად;
  • საგადახდო ინსტრუმენტების, მათ შორის, ელექტრონული ფულის ინსტრუმენტების, გამოშვება ან/და ექვაირინგი, ასევე, ელექტრონული ფულის გამოშვება, გადახდის ოპერაციების განხორციელება ელექტრონული ფულის, მობილური ტელეფონის, ინტერნეტის ან სხვა ელექტრონული საშუალების გამოყენებით;
  • ფულადი გზავნილები.

აქვე გასათვალისწინებელია, რომ საგადახდო ოპერაციების შესრულებისას, პროვაიდერი ვალდებულია, ოპერაციის განხორციელებამდე მომხმარებელს გაუმჟღავნოს/მიაწოდოს ოპერაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რათა მომხმარებელს შეეძლოს გონივრული და მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღება. ამასთან, კანონმდებლობა ადგენს ამ ინფორმაციის ჩამონათვალსა და მისი მომხმარებლისთვის მიწოდების სტანდარტსაც.