მოითხოვეთ და წინასწარ გაეცანით ხელშეკრულებას
მას შემდეგ, რაც სესხის გაცემაზე კრედიტორი დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს და შესაბამის შემოთავაზებას წარმოგიდგენთ, პირობების გაცნობისა და ურთიერთშეთანხმების პროცესი იწყება. გაითვალისწინეთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ თქვენთვის საინტერესო ყველა საკითხი, რაც ბუნდოვანია, ან უფრო მეტ განმარტებას საჭიროებს, სესხის გამცემი ორგანიზაციის წარმომადგენელთან დააზუსტოთ, ასევე, სიტყვიერად და ხელშეკრულებაში წერილობით გაწერილი საკითხები ერთმანეთს შეადაროთ; ამასთან, შეგიძლიათ ხელშეკრულების ხელმოსაწერი ვარიანტი მოითხოვოთ და მას გულდასმით იქვე, ფილიალში, ან სახლში გაეცნოთ, რათა ნებისმიერი სახის მოულოდნელობა გამორიცხოთ. სესხთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ყველა ფინანსური ხარჯი მოცემული უნდა იყოს ხელშეკრულების თავსართში, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ხელშეკრულების ყველა გვერდს სრულად გაეცნოთ.
გაეცანით სესხის დაფარვის გრაფიკს
გაეცანით სესხის დაფარვის გრაფიკსაც, არის თუ არა ის თქვენი შემოსავლების მიღების სქემაზე მორგებული. დააზუსტეთ, გრაფიკი ყველა ხარჯს ითვალისწინებს თუ მასში მხოლოდ სესხის შენატანებია მოცემული და სხვა ხარჯების, მაგალითად, დაზღვევის, ანგარიშის მომსახურებისა თუ სხვა დამატებითი შენატანების გაკეთება დამატებით მოგიწევთ. ზოგიერთ საკრედიტო პროდუქტის, მაგალითად, საკრედიტო ბარათის, ხელშეკრულებას გრაფიკი არ ახლავს, რადგან დასაფარი თანხის მოცულობა მომხმარებლის ქცევაზეა დამოკიდებული, მათ შორის ლიმიტიდან ათვისებული თანხის მოცულობასა თუ თანხის ათვისების არხებზე. ამ შემთხვევაში, ხელშეკრულებაში დეტალურად უნდა იყოს მოცემული ათვისებული თანხიდან დასაფარი თანხის მოცულობის დაანგარიშების პრინციპი, ასევე, დასაფარი თანხის ოდენობაზე ინფორმაციის მიღების თქვენთვის ხელმისაწვდომი არხები - მაგალითად, მოკლე ტექსტური შეტყობინება, ინტერნეტბანკი და ა.შ..
ხელშეკრულების დეტალურად გაცნობის პასუხისმგებლობა არამხოლოდ მსესხებელს, არამედ სესხთან დაკავშირებულ სხვა პირებსაც - თავდებს, თანამსესხებელსა თუ უზრუნველყოფაში ჩასადები ქონების მესაკუთრესაც ეკისრება.
მომხმარებელთან ურთიერთობის გამოცდილება და მომხმარებელთა პრეტენზიების ანალიზი ცხადყოფს, რომ ხელშეკრულების ბრმად, მისი სათანადო გაცნობის გარეშე ხელმოწერა, შემდგომში წარმოქმნილი ბევრი გაუგებრობის მიზეზი შეიძლება გახდეს. ამიტომ, მიუხედავად სესხის გამცემი ორგანიზაციის ვალდებულებისა დეტალურად გაგაცნოთ შეთავაზებული სესხის პირობები, მომხმარებლის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერამდე მისი კარგად გაცნობის პასუხისმგებლობა ასევე მნიშვნელოვანია.
მსგავსი თემები
- მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასება
- ვალუტის გადამცვლელ პუნქტებთან ურთიერთობისას
- როგორ მართოთ აღებული ვალდებულება?
- როგორ უნდა მოიქცეთ, თუ პრეტენზია გაქვთ
- ძირითადი საკანონმდებლო ჩარჩო
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
- ფინანსური ორგანიზაციების ვალდებულებები
- რას უნდა მიაქციოთ ყურადღება სესხის პირობების გაცნობისას