კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება სესხის პირობების გაცნობისას

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება სესხის პირობების გაცნობისას?

სესხის მოცულობა

როდესაც არსებულ შეთავაზებებს ერთმანეთს ადარებთ, ერთ-ერთი პირობა სესხის მოცულობაა. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული თანხა ერთი მხრივ, საკმარისი იყოს იმ საჭიროების დასაფინანსებლად, რისთვისაც სესხულობთ თანხას, ხოლო მეორე მხრივ, ამ თანხის დაბრუნება უპრობლემოდ შეძლოთ. 

სესხის ვადა

საჭიროა გაითვალისწინოთ, რომ თუ სესხის მცირე ვადით აღებას გადაწყვეტთ, მის დასაფარად პერიოდულად უფრო დიდი შენატანების გაკეთება მოგიწევთ, ვიდრე იგივე თანხის უფრო ხანგრძლივი ვადით აღებისას მოგიწევდათ. თუმცა, საყურადღებოა ისიც, რომ მოკლევადიანი სესხის აღებისას ჯამურად გადასახდელი საპროცენტო ხარჯი უფრო ნაკლებია, ვიდრე ეს გრძელვადიან სესხზე იქნებოდა. მნიშვნელოვანია სესხის ოპტიმალური ვადა ისე განსაზღვროთ, რომ სესხზე გადასახდელების მოცულობა თქვენს ბიუჯეტთან ყველაზე კომფორტულად შეთავსებადი იყოს.

სესხის დაფარვის პირობები

ყურადღება უნდა მიაქციოთ სესხის დაფარვის გრაფიკს. სესხის ტიპიდან გამომდინარე, გრაფიკი შესაძლოა განსხვავდებოდეს. კერძოდ, სტანდარტული და ყველაზე ხშირად გამოყენებული დაფარვის გრაფიკით თანხას თანაბარი პერიოდული შენატანებით ფარავთ და ეს შენატანი, როგორც წესი, დარიცხულ პროცენტთან ერთად ძირის ნაწილსაც მიცავს; არსებობს არასტანდარტული გრაფიკებიც, რომელიც საშეღავათო პერიოდს (მაგალითად, სესხის აღებიდან პირველი თვე თანხას არ იხდით), სეზონურ გადახდებს (მაგალითად, თანხას მხოლოდ შემოდგომით, მოსავლის რეალიზაციის შემდეგ ფარავთ) ან განსხვავებულ შენატანებს (მაგალითად, სესხის აღებიდან პირველი სამი თვე მხოლოდ პროცენტს იხდით) ითვალისწინებს. მთავარი საკითხი, რატომაც ღირს სესხის დაფარვის გრაფიკზე დაფიქრება, არის მისი თქვენი შემოსავლების სახესა და პერიოდულობასთან შესაბამისობა. ისეთი გრაფიკი უნდა შეარჩიოთ, რომ არა მხოლოდ სესხის აღების მომენტისთვის, არამედ მთელი მისი სარგებლობის პერიოდში, შენატანების გაკეთება არ გაგიჭირდეთ. მაგალითად, თუ თქვენ თანაბარი ყოველთვიური შემოსავლები გაქვთ, თქვენთვის ხელსაყრელი იქნება ისეთი გრაფიკით სესხის აღება, რომელიც, ასევე, თანაბარ გადახდებს ითვალისწინებს. მაგრამ თუ თქვენი შემოსავლები სეზონურია, უმჯობესია, თუ ისეთ შემოთავაზებას მოძებნიდით, რომელიც სესხზე გადასახდელების არათანაბარ, თუმცა ამავე სეზონებზე მორგებულ პერიოდებს ითვალისწინებს. გარდა ამისა, თუ პროდუქტის დაფარვის გრაფიკი საშეღავათო პერიოდს ან გადახდის გადავადებას ითვალისწინებს, ეს ყოველთვის ხელსაყრელ შემოთავაზებად არ უნდა მიიჩნიოთ. გაითვალისწინეთ, რომ საშეღავათო პერიოდით სარგებლობა თქვენს სესხზე ჯამურ ხარჯებს ზრდის, რამდენადაც საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, უმეტესწილად, პროცენტის დარიცხვა არ წყდება. მეორე მხრივ, საშეღავათო პერიოდი საშუალებას გაძლევთ ამ პერიოდის განმავლობაში სესხის მომსახურებისთვის განსაზღვრული თანხა სხვა საჭიროებებს მოახმაროთ. 

სესხთან დაკავშირებული ხარჯები

სესხთან დაკავშირებული ხარჯების გათვალისწინებით სესხის ფასის განსაზღვრისა და რამდენიმე ალტერნატივის ერთმანეთთან შესადარებლად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. სესხთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ შესაბამის მენიუში, ასევე, ისარგებლოთ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის კალკულატორით და დაითვალოთ მისი მნიშვნელობა სხვადასხვა შემოთავაზებისთვის.