კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასება

როგორ ხდება გადახდისუნარიანობის შეფასება?

საკრედიტო განაცხადში მითითებული ინფორმაციისა და, ზოგჯერ, დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, სესხის გამცემი ორგანიზაციები სესხის გაცემამდე მომხმარებლის  გადახდისუნარიანობას აფასებენ, რომელსაც შემდეგ სესხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება ეფუძნება. მონაცემების შეფასება ხდება როგორიც შიდა საკრედიტო პოლიტიკით, ისე საკანონმდებლო მოთხოვნების გათვალისწინებით. 

გასათვალისწინებელია, რომ სესხის გაცემის აღნიშნული ეტაპი ორგანიზაციაში მოქმედ საკრედიტო პოლიტიკაზეა დამოკიდებული. მაგალითად, სწრაფი სესხის თუ განვადების გაცემისას, გადაწყვეტილების მიღებას რიგ შემთხვევაში შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე წუთი, ზოგჯერ კი რამდენიმე დღე დასჭირდეს. გადაწყვეტილებისთვის საჭირო დროის ხანგრძლივობა ხშირად მოთხოვნილი თანხის მოცულობაზე, სესხის ტიპსა და მონაცემების შესწავლის თავისებურებებზეც არის დამოკიდებული. მაგალითად, თუ საჭიროა დამატებითი დოკუმენტის წარდგენა, რომლითაც განაცხადში მითითებულ ინფორმაციას დაადასტურებთ, გადაწყვეტილების მიღების პროცესის ხანგრძლივობა თქვენ მიერ ამ დოკუმენტების წარდგენის დროზეც იქნება დამოკიდებული. 

სესხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადები რიგ შემთხვევაში გარე პროცესებსაც უკავშირდება. მაგალითად, თუ ბინის შესაძენად იპოთეკური სესხის აღება გსურთ, პროცედურა ფინანსური მონაცემების ანალიზთან ერთად შესაძენი თუ უზრუნველყოფაში ჩასადები ქონების შესახებ ინფორმაციის შესწავლასაც მოიცავს, რამდენადაც გასაცემი სესხის თანხა უზრუნველყოფაში წარმოდგენილი ქონების ღირებულებაზეცაა დამოკიდებული. 

რა დოკუმენტაცია მოითხოვება გადახდისუნარიანობის შეფასებისას?

განაცხადის დამუშავების პროცესში სესხის გამცემმა ორგანიზაციამ შესაძლოა თქვენი ან არსებობისას თქვენი თანამსესხებლისა თუ თავდების შემოსავლების თუ უზრუნველყოფაში წარმოსადგენი ქონების შესახებ დამატებითი დოკუმენტაცია მოგთხოვოთ. სესხის გაცემის პროცესში, კრედიტორი ინდივიდუალურად განსაზღვრავს წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას. აღნიშნული დამოკიდებულია როგორც საკრედიტო ორგანიზაციის შიდა პოლიტიკაზე, ისე სესხის სპეციფიკაზეც. მაგალითად, თუ სესხის აღება სწავლის დასაფინანსებლად ხდება, კრედიტორის მხრიდან შესაძლოა მოთხოვნილ იქნას ცნობა ლიცენზირებულ სასწავლებელში ჩარიცხვისა და სახელწიფო გრანტების არსებობის შესახებ.

ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რასაც სესხის გამცემ ორგანიზაციაში წარადგენთ, საბოლოო ჯამში თქვენი გადახდისუნარიანობის შესწავლასა და სასურველი საკრედიტო პროდუქტის დამტკიცებას ემსახურება. კერძოდ, ერთი მხრივ, შეისწავლება მსესხებლის საკრედიტო ისტორია, მისი სხვა ფინანსური ვალდებულებების თანაფარდობა არსებულ შემოსავლებთან და, მეორე მხრივ, გაითვალისწინება შემოსავლის მიღების პერიოდულობა და სხვა თავისებურებები, რათა შეთავაზებულ იქნას ისეთი მახასიათებლების მქონე პროდუქტი, რომლის დაფარვაც მსესხებელს განსაკუთრებულ სირთულეებს არ შეუქმნის. 

საბოლოო ჯამში, მონაცემების შესწავლა და ანალიზი კრედიტორს სესხის დაბრუნების რისკების შეფასებაში ეხმარება. კრედიტორის უპირველესი ინტერესია თავიდან აირიდოს სამომავლო სირთულეები და არ გასცეს სესხი, რომლის დაუბრუნებლობის ალბათობაც მისთვის მისაღებ ზღვარს აღემატება.

იმ შემთხვევაში, როცა ორგანიზაციას კონკრეტულ მსესხებელთან უკვე ჰქონდა ურთიერთობის გამოცდილება და გარკვეული ნდობაც არსებობს, სესხის გაცემის ეს ეტაპი, როგორც წესი, უფრო მარტივად და მცირე ვადებში მიმდინარეობს.