რა არის "ფინანსური პირამიდა"?
მსოფლიოს მასშტაბით პირამიდული სქემები განსაკუთრებით უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში მომრავლდა. მსგავსი სისტემა ხშირად ხორციელდება გარკვეული საქონლის ან მომსახურების, მაგალითად, სხვადასხვა აქსესუარის, კოსმეტიკური საშუალებების, ტურისტული საგზურების და სხვა პროდუქტისა თუ მომსახურების, გაყიდვების გზითაც და ერთი შეხედვით, ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ ბიზნეს საქმიანობას. თუმცა, მსგავს საქონლის თუ მომსახურების ფასი საბაზროზე გაცილებით მაღალია. ამგვარი სქემის მიზანია წევრმა დამატებით გაყიდოს აღნიშნული საქონელი და მომსახურება და ამ გზით სხვებიც "გააწევრიანოს" სქემაში. საყურადღებოა, რომ ამ ტიპის აქტივობების მთავარი მიზანი ახალი წევრების ჩართვა და სახსრების მოზიდვა და არა პროდუქციის რეალიზაციით ბიზნესის განვითარებაა.
როგორ მუშაობს "ფინანსური პირამიდა"?
როგორ ამოიცნოთ ე. წ. "ფინანსური პირამიდა"?
გაცილებით მაღალი საპროცენტო სარგებელი
კომპანია თქვენ, როგორც მის პოტენციურ წევრს, ბაზარზე არსებულთან შედარებით გაცილებით მაღალ საპროცენტო სარგებელს ან შემოსავალს გპირდებათ.
ახალი წევრების მიყვანა
სარგებლის მისაღებად კომპანია გთხოვთ სქემაში ახალი წევრების მიყვანას და/ან გარკვეული პროდუქციის საბაზრო ფასთან შედარებით გაცილებით მაღალ ფასად შეძენას. ასეთი კომპანიები შესაძლოა, ე. წ. "შუამავლობასაც" უწევდნენ უცხოეთში რეგისტრირებულ პირამიდულ სქემებს.
გაურკვეველი ეკონომიკური საქმიანობა
კომპანიის მიერ მოზიდული თანხების დაბანდების მექანიზმი გაუმჭვირვალეა, ან არ არსებობს კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობის წარმოების ნიშნები და საქმიანობის სფეროს ზუსტი განმარტება.
ინფორმაციის ხელმიუწვდომლობა
კომპანია არ გამოირჩევა გამჭვირვალობით და საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობით. მისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ სათანადო ინფორმაციის მოძიება თითქმის შეუძლებელია.
მასშტაბური სარეკლამო კამპანიები
კომპანია, როგორც წესი, აწარმოებს მასშტაბურ სარეკლამო კამპანიებს, მათ შორის, სოციალური ქსელით და ინტერნეტ საშუალებებით. რომლებშიც ხშირად, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები მონაწილეობენ. ხშირად, კლიენტურის გაფართოების მიზნით, კომპანია ატარებს ე.წ. "საქველმოქმედო" აქციებს.
როგორ აირიდოთ თავიდან პირამიდულ სქემაში გაწევრიანება?
გამოიჩინეთ სიფრთხილე საკუთარი თანხების დაბანდებისას
და გაითვალისწინეთ, რომ კომპანიებისთვის, რომლებიც ზემოხსენებული ნიშნებით ხასიათდებიან, დანაზოგის მინდობა დაკავშირებულია მნიშვნელოვან ფინანსურ და სამართლებრივ რისკებთან.
მოიძიეთ ინფორმაცია იმ ორგანიზაციის შესახებ, სადაც თანხის დაბანდებას აპირებთ
სანამ დანაზოგს რომელიმე ორგანიზაციას მიანდობდეთ, მოიძიეთ ინფორმაცია ამ ორგანიზაციის საქმიანობის და ფინანსური მდგომარეობის შესახებ, და დარწმუნდით, რომ საქმე არ გაქვთ თაღლითურ სქემებთან. ყოველთვის მოითხოვეთ ხელშეკრულება, ყურადღებით გაეცანით მის პირობებს და თუ თვლით, რომ გესმით და მისაღებია ეს პირობები, მხოლოდ ამის შემდეგ მოაწერეთ ხელშეკრულებას ხელი. არ ანდოთ თქვენი დანაზოგი ორგანიზაციებს, რომლებზეც არ გაქვთ ამომწურავი ინფორმაცია.
დაფიქრდით, როდესაც საეჭვოდ მაღალ სარგებელს გთავაზობენ
დაფიქრდით, როცა თქვენი შრომით მოპოვებული ფულის დაბანდების შემთხვევაში რომელიმე კომპანია საეჭვოდ მაღალ საპროცენტო განაკვეთს გთავაზობთ და დაიმახსოვრეთ, რომ სხვა თანაბარ პირობებში, მაღალ დაპირებულ სარგებელს მაღალი რისკიც უკავშირდება.