კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ქორწინების შემდეგ გასათვალისწინებელი ფინანსური რჩევები

როდესაც საქმე წყვილის ფინანსებს ეხება, ოქროს წესად შეიძლება ჩაითვალოს ორმხრივი კომუნიკაცია - ერთობლივი ფინანსების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და დაზოგვა პირველი ნაბიჯებია ბედნიერი და ჯანსაღი ფინანსური ცხოვრებისთვის.

დაქორწინება თქვენი ერთობლივი ცხოვრების მხოლოდ დასაწყისია. ფინანსების შეთანხმებულად და სწორად მართვა კი, საბოლოოდ, ფინანსურად ძლიერებსა და დამოუკიდებლებს გაგხდით. 

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, იმისათვის რომ თქვენი ოჯახის მომავალი ფინანსურად უფრო ძლიერი და დაცული იყოს.

ერთად დაისახეთ ფინანსური მიზნები

ისაუბრეთ მომავალ ფინანსურ მიზნებზე, შეთანხმდით ფინანსურ პრიორიტეტებზე. აუცილებელია იცოდეთ, რა არის თითოეული თქვენგანისთვის მნიშვნელოვანი. შესაძლოა, ერთისთვის მნიშვნელოვანია სახლის შეძენა, ხოლო მეორე ფიქრობს, რომ ავტომობილის შეძენა უფრო პრიორიტეტულია. დასახეთ ფინანსური გეგმა ერთად და იმოქმედეთ შეთანხმებულად, ასე უფრო მარტივად მოახდენთ ამ გეგმის შესრულებისთვის სწორი ნაბიჯებით წინსვლას. 

ერთად აწარმოეთ ოჯახის ბიუჯეტი

ფინანსურ გამოწვევებთან გასამკლავებლად ყველაზე საუკეთესო გზა ბიუჯეტის  წარმოებაა. შემოსავლებისა და ხარჯების მუდმივი მონიტორინგი, ასევე, ფინანსური მიზნების დასახვა და მათ მისაღწევად დანაზოგის შექმნა დაგეხმარებათ ფინანსური სტაბილურობის მიღწევაში. მაგალითად, კინოში კვირაში ერთხელ თუ წახვალთ, ორჯერ წასვლის ნაცვლად, შეგიძლიათ გამოითვალოთ რამდენს დაზოგავთ ამ გადაწყვეტილებით და რომელ ფინანსურ მიზანს მიაღწევთ ამ დანაზოგით უფრო მოკლე დროში.

არ იქონიოთ ფინანსური საიდუმლოებები

ხშირად განიხილეთ ფინანსები ერთად და ეცადეთ, არ იქონიოთ ფინანსური საიდუმლოებები. 

ნუ დაუმალავთ ერთმანეთს ძვირადღირებულ ფინანსურ შენაძენებს, ამან მომავალში შესაძლოა თქვენი ურთიერთობა საფრთხის წინაშე დააყენოს.

ერთად დაზოგეთ

მიზნების განსაზღვრასთან ერთად შეგიძლიათ განიხილოთ ანაბრის გახსნა, რომელზეც თანხას ერთად შეაგროვებთ გარკვეული მიზნისთვის. რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს უარის თქმას პირადი ანგარიშის ან ანაბრის ქონაზე. თუმცა, ანაბრებზე თანხის ერთად შეგროვებამ შეიძლება, გაზარდოს თქვენი მოტივაცია დაზოგვის მიმართ.

ერთად გაუმკლავდით ვალდებულებებს

შეადგინეთ ერთობლივი გეგმა ყველა ვალდებულების დროულად დასაფარად. ვალდებულება ვის სახელზეც უნდა იყოს, თქვენი თუ თქვენი მეუღლის, თუ ის არ დაიფარება, მიზეზის მიუხედავად, თქვენი ოჯახი  არასასიამოვნო შედეგების წინაშე დადგება. ამიტომ იყავით გულწრფელნი ერთმანეთთან და ერთად გაუმკლავდით ფინანსურ სირთულეებს. 

ყველა მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილება ერთად მიიღეთ

გაითვალისწინეთ, დაქორწინება თქვენი ერთობლივი ცხოვრების მხოლოდ დასაწყისია. წყვილები, რომლებიც შეთანხმებულად იღებენ გადაწყვეტილებებს, მომავალში წარმატებებსაც უკეთ აღწევენ. ფინანსების შეთანხმებულად და სწორად მართვა საბოლოოდ ფინანსურად ძლიერსა და დამოუკიდებლებს გაგხდით. ერთობლივად შეადგინეთ და მიჰყევით ფინანსურ გეგმას, ერთად იზეიმეთ არაერთი წარმატება და ერთად მიაღწიეთ ფინანსურ სტაბილურობას.