როდესაც უმაღლესი განათლების მიღებაზე დაფიქრდებით, უპირველესად, უნდა განსაზღვროთ, რა პროფესიის შესწავლა გსურთ და რომელ სასწავლო დაწესებულებაშია შესაძლებელი მისი შესწავლა.
პროფესიის შერჩევა
მომავალი პროფესიის შერჩევა ეს პირველი, ყველაზე საპასუხისმგებლო და ამავდროულად, ყველაზე რთული საფეხურია. ამ საფეხურთან დაკავშირებით რჩევების მიცემა ძალიან რთულია. თუმცა, იმის გათვალისწინებით, პროფესიის დაუფლებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი დროითი და ფინანსური რესურსების გამოყოფა მოგიწევთ და იმავდროულად, ეს იქნება საქმე, რომლითაც მომავალში უნდა დაკავდეთ, ზოგადი რჩევაა, აქცენტი თქვენს ინტერესებსა და მისწრაფებებზე გააკეთოთ. როგორც ამბობენ, სხვა თანაბარ პირობებში, მეტი წარმატების მიღწევა იმ საქმეშია შესაძლებელი, რომელსაც ადამიანი ამ საქმისადმი სიყვარულით და სიამოვნებით აკეთებს.
მას შემდეგ რაც განსაზღვრავთ, თუ რა იქნება თქვენთვის ყველაზე საინტერესო, მნიშვნელოვანია, შეარჩიოთ ის სასწავლო დაწესებულება, რომელსაც სწავლების პროცესს მიანდობთ.
სასწავლო დაწესებულებები, სადაც შესაძლებელია, მიიღოთ უმაღლესი განათლება
დღესდღეობით საქართველოში უმაღლესი განათლების სამი საფეხური არსებობს: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა. უმაღლესი განათლების მიღება საქართველოს მასშტაბით შეგიძლიათ შემდეგ დაწესებულებებში: კოლეჯში, სასწავლო უნივერსიტეტსა და უნივერსიტეტში. სასწავლო დაწესებულების შერჩევისას გასათვალისწინებელია, რომ სხვადასხვა ტიპის სასწავლო დაწესებულება, შესაძლოა, უმაღლესი განათლების ყველა საფეხურის შესაბამის კურსს არ გთავაზობდეთ. მაგალითად, კოლეჯს შეუძლია მხოლოდ ბაკალავრიატთან გათანაბრებული პროგრამა შემოგთავაზოთ, სასწავლო უნივერსიტეტში ბაკალავრისა და მაგისტრის წოდების მიღებას შეძლებთ, ხოლო უნივერსიტეტი უმაღლესი განათლების სამივე საფეხურს შემოგთავაზებთ.
სასწავლო დაწესებულება და ავტორიზაცია
სასწავლებლის შერჩევისას, ასევე, მნიშვნელოვანია, დააზუსტოთ სასწავლებლის ავტორიზაციის საკითხი. ავტორიზაციის პროცედურით ხდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვება. ამ პროცედურის ფარგლებში დგინდება, რომ კონკრეტული დაწესებულება აკმაყოფილებს შესაბამის საქმიანობის ანუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის აუცილებელ სტანდარტებს. რატომ უნდა დააზუსტოთ ავტორიზაციის საკითხი? თუ დაგჭირდებათ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, არაავტორიზებული სასწავლებლის მიერ გაცემულ დიპლომს, დიდი ალბათობით, ყველა დამსაქმებელთან ვერ გამოიყენებთ.
სასწავლო დაწესებულების შერჩევა - ინფორმაცია ინტერნეტში
როდესაც განსაზღვრავთ უმაღლეს სასწავლებლის ტიპს, მნიშვნელოვანია, შეარჩიოთ კონკრეტული სასწავლო დაწესებულება. სასწავლო დაწესებულების შესარჩევად ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც პასუხი უნდა მიიღოთ არის ის, თუ რამდენად გამართლდება თქვენი მოლოდინები სასურველი პროფესიის საუკეთესოდ შესასწავლად და უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ, რამდენად მაღალი იქნება სასურველი პროფესიის შესაბამისად დასაქმების ალბათობა.
სასწავლებლები საგანმანათლებლო პროგრამის სილაბუსებს, ანუ მოკლე აღწერებს, საჯაროდ ათავსებენ. თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, დეტალურად გაეცნოთ იმ პროგრამას, რომლის საფუძველზეც კონკრეტული სპეციალობას შეგასწავლიან. გადაწყვეტილების მიღებამდე მნიშვნელოვანია, კარგად გაეცნოთ პროგრამების ჩამონათვალსა და მათ აღწერილობას, სასურველია, ნახოთ აკადემიური პერსონალის მონაცემებიც. შეგროვებული ინფორმაცია შეადაროთ თქვენს მოლოდინებს და კონკრეტულ სასწავლებელზე არჩევანიც ამის მიხედვით გააკეთოთ.
სასწავლო დაწესებულების შერჩევა - ინფორმაცია ღია კარის დღეებზე
ელექტრონული სახით მოძიბული ინფორმაცია, დიდი ალბათობით, ყველა თქვენს შეკითხვას ვერ უპასუხებს. ამიტომ დაინტერესდით სასწავლებლების მიერ ორგანიზებული ღია კარის დღეებით. ამ ღონისძიებებზე საშუალება გაქვთ, დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები, რომელზე მიღებული პასუხებიც სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. ღია კარის დღეებზე შეგიძლიათ, მაგალითად, დააზუსტოთ ქვემოთ ჩამოთვლილი საკითხები:
სწავლების ხარისხისა და სასწავლო პროცესის შესახებ:
- რამდენად კვალიფიციურია აკადემიური პერსონალი? გექნებათ თუ არა შესაძლებლობა, პრაქტიკაში დაინახოთ თეორიული საკითხები?
- სწავლების როგორი სტილია სასწავლებელში დანერგილი?
- სასწავლებლის არჩევის შემთხვევაში რა შესაძლებლობები აქვთ სტუდენტებს? მაგალითად, რა ღონისძიებებში შეძლებთ ჩართვას? როგორია სასწავლებლის ბაზაზე არსებული ლაბორატორიები და ზოგადად, ინფრასტრუქტურა?
- თუ აქვს სასწავლებელს სტუდენტთა მომსახურების სამსახური, რომელიც დაგეხმარებათ ახალ გარემოსთან ადაპტაციაში და, ასევე, თქვენთვის საინტერესო საკითხების მოგვარებაში?
დამატებითი სარგებლის შესახებ:
- თუ აქვს სასწავლებელს სტუდენტთა საცხოვრებელი და როგორ შეიძლება სარგებლობა?
- რა დამატებით აქტივობას სთავაზობს სასწავლებელი სტუდენტებს სასწავლო პროგრამის და სასწავლო დროის მიღმა?
- რა დამატებით სარგებელს გთავაზობს სასწავლებელი? რით გამოირჩევა ის სხვა ანალოგებისაგან, სადაც სწავლა შეგიძლიათ და რატომ უნდა გააკეთოთ არჩევანი კონკრეტულად ამ დაწესებულებაზე?
სწავლის საფასურის გადახდის შესახებ:
- როგორ შეძლებთ გადასახადის გადახდას? რა პირობებით შეგიძლიათ ისარგებლოთ?
- შესაძლებელია თუ არა სტუდენტური სესხით სარგებლობა? არის თუ არა რაიმე პროგრამა შემუშავებული, რაც სტუდენტს თანხის გადახდაში დაეხმარება?
- აქვს თუ არა სასწავლებელს საგრანტო პროგრამა? არის თუ არა უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული შიდა დაფინანსების პროგრამა და რა პირობებია?
დასაქმების შესახებ:
- აქვს თუ არა სასწავლებელს სტუდენტთა დასაქმების ცენტრი ან სტუდენტთა დასაქმების პროგრამა?
- რამდენად წარმატებით საქმდებიან უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები? ხომ აქვთ შესაბამისი სტატისტიკა?
კითხვების ჩამონათვალი, რა თქმა უნდა, არასრულია და მათი შერჩევა თქვენი ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. მიღებული პასუხები უნდა დაგეხმაროთ იმის დადგენაში, თუ რა შესაძლებლობებს გიხსნით კონკრეტული სასწავლებლის არჩევა და უნდა ელოდოთ თუ არა ისეთ შემოთავაზებებს, რაც თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებს ყველაზე მეტად მოერგება.
სასწავლო დაწესებულების შერჩევა - ინფორმაცია სასწავლებლის სხვა სტუდენტებისგან
სასწავლებლის ღია კარის დღიდან მიღებული ინფორმაციის სხვა კუთხიდან დანახვას თუ გადაწყვეტთ, სასურველია გაესაუბროთ სასწავლებლის კურსდამთავრებულებს ან სტუდენტებს. ის, თუ როგორ ფუნქციონირებს სასწავლებელში დანერგილი სისტემა, ყველაზე უკეთ გამოცდილი თავად სტუდენტებს ექნებათ. შესაბამისად, კარგია თუ მათთანაც გაივლით რიგ საკითხებს, მაგალითად:
- რა არის ყველაზე პრაქტიკული უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ მომსახურებებს შორის?
- რამდენად გამართლდა მათი მოლოდინები აღნიშნული სასწავლებლის არჩევისას?
- რისი გათვალისწინება წაადგებოდათ ყველაზე მეტად სტუდენტებს სასწავლო პროცესში?
ამ და სხვა ტიპის ინფორმაციის მოძიება დაგეხმარებათ, რეალურად შეაფასოთ სასწავლებლის შემოთავაზება და პირობები, ასევე, ნაკლოვანებებისა და ძლიერი მხარეების შესწავლის შემდეგ, შეძლებთ, ალტერნატივებს შორის საუკეთესო აირჩიოთ.