კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბარათებთან დაკავშირებული თაღლითობა

რა ინფორმაციას მოიცავს საგადახდო ბარათი?

საგადახდო ბარათზე დატანილია ინფორმაცია, რომლის გამჟღავნება მესამე პირებისათვის ამ ბარათზე მიბმული ანგარიშიდან თანხის გახარჯვის საშუალებას იძლევა. ეს ინფორმაციაა:

  • ბარათის 16-ნიშნა ნომერი;
  • ბარათის მოქმედების ვადა;
  • ბარათის წინა ან უკანა მხარეს მითითებული უსაფრთხოების 3 ან 4-ნიშნა კოდი (CVV/CVC).

გარდა ამისა, მომხმარებელს ასევე SMS-ით ეგზავნება საბარათე ოპერაციის დამადასტურებელი ერჯერადი კოდი (ე.წ OTP). ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციის მოპოვებით შესაძლოა თაღლითმა ბარათის ფიზიკურად მოპარვის გარეშეც, ინტერნეტში გამოყენებით აითვისოს თქვენს ანგარიშზე არსებული თანხა თუ დაშვებული საკრედიტო ლიმიტი - მაგალითად, ბარათის მონაცემების (ნომერი, მოქმედების ვადა, უსაფრთხოების კოდი, ტრანზაქციის დამადასტურებელი ერთჯერადი კოდი) გამოყენებით ონლაინ გადახდის ან გადარიცხვის განხორციელებით.

როგორ ხდება ბარათის ინფორმაციის მოპოვება თაღლითების მიერ?

ფიშინგის გზით

თაღლითის მიერ ბარათის მონაცემების მოპოვების ერთ-ერთი გზა ფიშინგია, როდესაც თაღლითის მიერ შექმნილ ნამდვილი ორგანიზაციის ვებგვერდის ყალბ ასლზე შეჰყავს მომხმარებელს ბარათის მონაცემები და შემდეგ ეს უკანასკნელი თაღლითის ხელში ხვდება. ამიტომ, სიფრთხილე გამოიჩინეთ ისეთ ელექტრონულ წერილებთან, შეტყობინებებთან თუ შეთავაზებებთან, რომლებიც ბმულზე გადასვლას და ბარათის მონაცემების, ასევე ერთჯერადი კოდის შეყვანას ითხოვს.

სატელეფონო ზარით

თაღლითები შესაძლოა ტელეფონითაც დაუკავშირდნენ მომხმარებელს და ამ გზით სცადონ ბარათის მონაცემების გაგება. მაგალითად, მომხმარებელს თავი გააცნონ როგორც რომელიმე სანდო ორგანიზაცია, მისი მომსახურე კომერციული ბანკი ან ეროვნული ბანკიც კი და ვითომდა მის მიერ განხორციელებული ტრანზაქციების გადამოწმების მიზნით, ბარათის მონაცემები და ერთჯერადი კოდი მოითხოვონ. არასოდეს გაუზიაროთ ბარათის მონაცემები და ტრანზაქციის დამადასტურებელი კოდი მესამე პირებს, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ეს მოთხოვნა ლეგიტიმური ორგანიზაციისგან მოდის.

ფიზიკურად, ფოტოს გადაღებით

თაღლითმა შესაძლოა ბარათის მონაცემები, ასევე, მოიპოვოს მისი ვიზუალურად დამახსოვრებით ან ფოტოს თუ ვიდეოს გადაღებით. ეს მაშინ შეიძლება მოხდეს, როცა, მაგალითად, მომხმარებელი მაღაზიაში, კვების ობიექტში ან ბენზინგასამართ სადგურზე პროდუქციის/მომსახურების საფასურს ბარათით იხდის. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთ შემთხვევებში არ გადასცეთ თქვენი ბარათი მომსახურე პერსონალს, არამედ ითხოვოთ პოსტერმინალის მოტანა და თქვენ თვალწინ გადახდა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ გადახდისას, სხვა ადამიანი ვერ უნდა ხედავდეს ბარათის მონაცემებს ან/და აკრეფილ კოდს. მართალია, ამ გზით თაღლითი მხოლოდ თქვენს ბარათზე დატანილ ინფორმაციას გაიგებს, ტრანზაქციის გასახორციელებლად კი, როგორც წესი, დამატებით, ერთჯერადი კოდიც დასჭირდება. მაგრამ ამ კოდის გაგებას ის შეიძლება სხვა გზით, მაგალითად ტელეფონზე დარეკვით შეეცადოს. 

ბანკომატით სარგებლობისას

თაღლითებმა შესაძლოა ისარგებლონ თქვენი უყურადღებობით და თქვენი ბარათის მონაცემები და შესაბამისად თანხაც მაშინ მიითვისონ, როცა ბანკომატით სარგებლობთ. მაგალითად, ისეთ ბანკომატებზე, სადაც თანხის გამოტანა უკონტაქტოდ, ანუ ბარათის მიდებით შეგიძლიათ, თუ მოხდა თქვენი ბარათის იდენტიფიკაცია (ანუ მიადეთ ბარათი), შემდეგ კი სისტემიდან არ გამოხვედით და ისე მოშორდით ბანკომატს - მესამე პირებს ამ ბანკომატის საშუალებით თქვენი ანგარიშიდან თანხის გატანა შეუძლიათ. ამიტომ, ბანკომატის მოხმარებისას იყავით ყურადღებით - ხომ არ გაკვირდებათ ვინმე, არ მისცეთ სხვებს პინკოდის აკრეფისას მისი დანახვის საშუალება, ტრანზაქციის დასრულებისას კი დარწმუნდით, რომ გამოსული ხართ სისტემიდან და ბანკომატს არ აქვს დამახსოვრებული თქვენი ბარათის მონაცემები. 

სკიმინგის გზით

თაღლითებს საბანკო ბარათის მონაცემების მოპარვა ბანკომატით ან პოსტერმინალით სარგებლობისას,  ე.წ. სკიმინგის გზითაც შეუძლიათ. სკიმინგის დროს, თაღლითი ბანკომატზე ან პოსტერმინალზე სპეციალურ მოწყობილობას, სკიმერს ამონტაჟებს, რომლის საშუალებითაც ხდება მაგნიტურზოლიანი ბარათის მონაცემების (ბარათის ნომერი, მოქმედების ვადა, უსაფრთხოების კოდი, პინკოდი) მოპარვა, რომელსაც, თავის მხრივ, თაღლითი თანხის მისათვისებელად იყენებს. 

სკიმინგის ამოცნობა შემდეგნაირად შეგიძლიათ: დააკვირდით ბანკომატს, ხომ არ არის მასზე დამონტაჟებული საეჭვო მოწყობილობები ან ხომ არ ემჩნევა დაზიანებები? ბანკომატის კლავიატურაზე, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შეჰყავს საკუთარი ბარათის პინკოდი, თაღლითების მიერ შეიძლება გადაკრული იყოს რაიმე მოწყობილობა ან რეზინის/პლასტმასის გამჭვირვალე გარსი. ასევე შესაძლოა ბარათის წამკითხველი, რომელშიც მომხმარებელი ბარათს ათავსებს ბანკომატით სარგებლობისას, იყოს შეცვლილი და მასში იყოს ჩამონტაჟებული თაღლითური მოწყობილობა. ასეთ დროს ბარათის წამკითხველი ხშირად გამოწეულია ბანკომატის კორპუსიდან, ან უფრო სქელია, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევებში. შეიძლება ის მოძრაობდეს ხელით შეხებისას და არ იყოს მყარად მიმაგრებული ბანკომატზე, რაც მისი აღმოჩენის საშუალებას იძლევა. ზოგჯერ ბანკომატზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიძლება დამონტაჟებული იყოს კამერა, რომელიც ბანკს არ ეკუთვნის და რომელსაც ბარათის მონაცემების დაფიქსირება შეუძლია. 

სკიმერის დამონტაჟება, ბარათის მონაცემების მოპარვის მიზნით, პოსტერმინალებზეც ხდება. ასეთ დროს, პოსტერმინალს შესაძლოა ეტყობოდეს გარკვეული დაზიანებები. 

როგორ აირიდოთ თავიდან საგადახდო ბარათებთან დაკავშირებული თაღლითობა?

არ დატოვოთ ბარათი ყურადღების გარეშე 

ბარათის ინფორმაციის მისათვისებლად, ყოველთვის სპეციალური მოწყობილობები ან ფიშინგის გზით ინფორმაციის გამოძალვა სულაც არ არის საჭირო: არ დატოვოთ ბარათი და ფინანსური დოკუმენტები მაგიდაზე სამსახურსა თუ უნივერსიტეტში, მანქანასა თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, არსად, სადაც მასზე ხელი სხვა ადამიანს მიუწვდება.

გაუფრთხილდით პინკოდს

არ დააწეროთ პინკოდი თქვენს ბარათს და ბარათი და ფურცელზე ამოწერილი პინკოდი საფულეში ერთად არ განათავსოთ.

არ გასცეთ ბარათის მონაცემები

არ გააზიაროთ ბარათის მონაცემები - ბარათის ნომერი, მოქმედების ვადა, უსაფრთხოების კოდი, SMS-ით მოსული ერთჯერადი კოდი - ტელეფონით ან ელ. ფოსტის საშუალებით და არ გაუზიაროთ ეს მონაცემები თქვენს მეგობრებსა და ოჯახის წევრებსაც კი.

არ გაუზიაროთ სხვას 3D სერვისით მიღებული შეტყობინება

ინტერნეტში ბარათით გადახდის დროს დამატებითი უსაფრთხოების ხარისხს უზრუნველყოფს 3D სერვისი, რაც მოიცავს ოპერაციის განსახორციელებლად თქვენი ბანკის მიერ ერთჯერადი კოდის თქვენთვის გამოგზავნას და თქვენ მიერ მისი შეყვანით ოპერაციის დადასტურებას - არავის გაუზიაროთ აღნიშნული კოდი.

გამოიჩინეთ სიფრთხილე ბანკომატით სარგებლობისას

ბანკომატის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ მის ეკრანზე განთავსებულია ბანკის ოფიციალური დასახელება/ლოგო.

ბანკომატით სარგებლობისას არ დაუშვათ, რომ სხვა ადამიანი თქვენთან ზედმეტად ახლოს იდგეს და ხედავდეს, თუ რა კოდს კრეფთ; დაფარეთ ბანკომატის კლავიატურა, როდესაც მას იყენებთ. კარგად დაათვალიერეთ ბანკომატი და დარწმუნდით, რომ ბანკომატზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე არ არის დაყენებული საეჭვო კამერა ან მოწყობილობა, რომელმაც შესაძლოა თქვენი ბარათის მონაცემები დააფიქსიროს. 

დაეჭვდით, თუკი ბანკომატით სარგებლობისას უცნობი ადამიანი დახმარებას გთავაზობთ, ან გეუბნებათ, რომ ბანკომატი გაფუჭებულია და სხვა ბანკომატით ისარგებლოთ.

ბანკომატის გამოყენების შემდეგ დარწმუნდით, რომ გამოხვედით თქვენი ანგარიშიდან.

თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ბანკომატის გამოყენება უსაფრთხოა, მაშინ აჯობებს, თავი შეიკავოთ მისი გამოყენებისგან, პრობლემის არსებობის შესახებ კი დაუყოვნებლივ აცნობოთ ბანკს.

დაიცავით თავი სკიმინგისგან

ამ მიზნით, ბანკომატის გამოყენებისას დარწმუნდით, რომ ის განათებულ ადგილასაა განთავსებული,  არ ემჩნევა დაზიანებები და რომ უშუალოდ ბანკომატზე არ არის დამონტაჟებული საეჭვო მოწყობილობები, ხოლო ღამის საათებში კი უმჯობესია, თუ დაცულ გარემოში (მაგ. ბანკის თვითმომსახურების 24-საათიან სერვის ცენტრებში) არსებულ ბანკომატებს გამოიყენებთ. 

გამოიჩინეთ სიფრთხილე პოსტერმინალით სარგებლობისას

პოსტერმინალით გადახდისას, მოითხოვეთ ტრანზაქცია თქვენი თანდასწრებით ჩატარდეს და არასდროს გაატანოთ ბარათი მომსახურე პერსონალს (მათ შორის ბენზინგასამართ სადგურებზე, რესტორნებსა და სხვა ადგილებში), რამდენადაც ამ დროს ჩნდება თქვენი ბარათის მონაცემების მოპარვის საშიშროება.

ისარგებლეთ SMS-მომსახურებით

ფინანსური თაღლითობისგან თავის დაცვის მიზნით, კარგი საშუალებაა ბანკის SMS-მომსახურებით სარგებლობა, რაც საშუალებას მოგცემთ, მომენტალურად მიიღოთ ინფორმაცია თქვენი ბარათით განხორციელებული ოპერაციების შესახებ მობილურ ტელეფონზე. (იმ შემთხვევაში, თუ შეიცვლით მობილურის ნომერს, აუცილებლად შეატყობინეთ მომსახურე ბანკს ამის შესახებ). ამასთან, ბარათით განხორციელებული ოპერაციების გაკონტროლების კარგი საშუალებაა საბანკო ამონაწერის რეგულარული შემოწმება. ამ გზით, მარტივად შეამჩნევთ იმ საეჭვო ტრანზაქციებს, რომლებიც, შესაძლოა, თქვენ არ შეგისრულებიათ.

ბარათის დაკარგვის ან მოპარვისას დაუყონებლივ დაუკავშირდით ბარათის გამცემს

საგადახდო ბარათის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით იმ საფინანსო ორგანიზაციას, რომელმაც გადმოგცათ ბარათი და მოითხოვეთ ბარათის დაბლოკვა. ხშირ შემთხვევაში, ბარათის დაბლოკვა ინტერნეტ- და მობილბანკითაც შეგიძლიათ. გაითვალისწინეთ, რომ თუ ბარათს არ დაბლოკავთ, თაღლითებმა, რომლებმაც მოიპარეს ან იპოვეს თქვენი ბარათი, შესაძლოა მყისიერად განახორციელონ თაღლითური ოპერაციები ინტერნეტში.