ბავშვის შეძენა, რა თქმა უნდა, უამრავ დადებით ემოციას უკავშირდება. ის ოჯახისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოტივატორიც ხდება ხოლმე ერთობლივი მიზნების დასახვისა და მიღწევისათვის. ამასთან ერთად, ბავშვის შეძენა არაერთ ახალ ხარჯსაც უკავშირდება, რომლისთვის მზადებაც უმჯობესია, შეძლებისდაგვარად ადრიანად დაიწყოთ.
ბავშვის მოვლის ხარჯების ჩამონათვალი და მოცულობა ყველა ოჯახისთვის ინდივიდუალურია. თუმცა, არსებობს ტიპური ხარჯები, რომლის გაწევაც ყოველთვის საჭიროა და გვერდს ვერ აუვლით. განვიხილოთ ამგვარი ხარჯების მაგალითები.
ორსულობასთან დაკავშირებული ხარჯები
ორსულობის პერიოდში, აუცილებელია, მომავალი დედა იღებდეს ვიტამინებს, შესაბამის საკვებს, რაც ნაყოფს ნორმალურ ჩამოყალიბებაში ეხმარება. თუ ჯანსაღ კვებას ორსულობამდეც მისდევდით და ორსულობის შემდეგ ამ მხრივ დიდად არაფერი შეცვლილა, ეს ძალიან კარგია. შესაძლოა ამ მხრივ ხარჯები არც გაგეზრდოთ, უბრალოდ, საკითხზე ზრუნვა კვლავ თქვენს პრიორიტეტებში დარჩება. გარდა, ამისა, ორსულობა შესაძლოა გაზრდილ სამედიცინო შემოწმების ხარჯებსაც ითვალისწინებდეს. თუმცა აქაც ახალი ხარჯების არსებობა აუცილებლად არ დადგება დღის წესრიგში, თუ თქვენი ან სახელმწიფო ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემა ყველა აუცილებელ ხარჯს ისედაც ანაზღაურებს.
მშობიარობის ხარჯები
თქვენ შეგიძლიათ მრავალი ალტერნატივა მოიძიოთ, რომელიც შემოთავაზებების მრავალფეროვნებით და, შესაბამისად, ფასით იქნება ერთმანეთისგან განსხვავებული. მომსახურების და კომფორტის ზრდის შესაბამისად, მზარდია ფასებიც. აღსანიშნავია, რომ მშობიარობის ხარჯები შეგიძლიათ გადაანაწილოთ. დღესდღეობით სახელმწიფო პროგრამა მშობიარობის ღირებულებიდან ფიქსირებულ თანხას ფარავს. თუკი დაზღვევით სარგებლობთ, სადაზღვევო პაკეტის პირობებიდან გამომდინარე, შეიძლება დარჩენილი გადასახდელი თანხა სრულად ან ნაწილობრივ აინაზღაუროთ. იმისთვის, რომ თქვენთვის ხელსაყრელი პირობებით მოაგვაროთ აღნიშნული საკითხი, სასურველია, თუ დაზღვევით და მშობიარობის დაფინანსების საკითხებით შეძლებისდაგვარად ადრე დაინტერესდებით. ასე ხელსაყრელი გადაწყვეტილების მისაღებად მეტი მოქნილობა გექნებათ.
ავეჯისა და დამხმარე მოწყობილობების ხარჯები
ისევე როგორც ზრდასრულ ადამიანს, თქვენი ოჯახის პატარა წევრსაც სრული კომფორტისთვის შესაბამისი ავეჯი და მოწყობილობები დასჭირდება. მთავარი ხარჯები ამ კუთხით, უპირველესად, ბავშვის საწოლისა და ეტლის ხარჯებია. ამ ნივთების შერჩევისას ბევრი ალტერნატივა გექნებათ შესადარებელი და გადაწყვეტილება თქვენი ბიუჯეტის მიხედვით შეგიძლიათ მიიღოთ. გარდა ამისა, მშობლები არც თუ იშვიათად, ყიდულობენ, ასევე, ბავშვის ტანსაცმლის კარადას, გამოსაცვლელ მაგიდას, აბაზანის აღჭურვილობას, ბავშვის შეზლონგს, რომლებიც საკმაოდ დიდ დანახარჯებთან ასოცირდება. თუკი თქვენ გადაწყვეტთ ამ ნივთების შეძენას, სასურველია, თუ წინასწარ მოიძიებთ ინფორმაციას ნივთების ხარისხისა და ფასის შესახებ და ისე მიიღებთ ყიდვის გადაწყვეტილებას.
ბავშვის კვების ხარჯები
როგორც მედიკოსები ამბობენ პატარას ბუნებრივ ანუ დედის რძით გამოკვებას ალტერნატივა არ გააჩნია. ამასთან კვების ეს მეთოდი ფინანსურადაც უფრო ნაკლებ ხარჯიანია, თუმცა ხდება ისეც, რომ ის ყოველთვის არაა შესაძლებელი. მაგალითად, ბუნებრივი კვება ბავშვს არ ჰყოფნის ან სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, მუდმივად პატარასთან ყოფნას ვერ ახერხებთ. ამ შემთხვევაში დღის წესრიგში ხდება ბავშვისთვის ხელოვნური ანუ რძის შემცვლელი ფორმულის მქონე საკვების საკვების შეძენა. ასეთი კვება ბაზარზე საკმაოდ მრავალფეროვანი ფასითაა წარმოდგენილი, თუმცა ზოგადად, ყოველთვიურად გასაწევი ხარჯები საკვებზე საბოლოოდ საკმაოდ მაღალია და შესაძლოა, პატარაზე ზრუნვის ხარჯებში ყველაზე დიდი წილიც ეკავოს. ეს ასპექტი საყურადღებოა იმ კუთხითაც, რომ 6 თვის ასაკიდან ბავშვს, გარდა რძისა და მისი შემცველი ფორმულისა, სხვა საკვებიც უნდა მიეცეს, რაც ნიშნავს იმას, რომ გარდა განხილული საკვებისა, თქვენს პატარას დამატებით დასჭირდება კვების გამრაველფეროვნება, რაც ასევე ხარჯებთან იქნება დაკავშირებული.
ჰიგიენური საშუალებების ხარჯები
ისევე, როგორც სხვა საჭიროებების შემთხვევაში, ჰიგიენური საშუალებებიც, შეძლებთ აირჩიოთ სხვადასხვა ფასის მქონე ნივთებს შორის. თუმცა, ხარჯების დასათვლელად შეგიძლიათ, დაეყრდნოთ ჰიგიენური ნივთების იმ ჩამონათვალს, რომლებსაც ყველაზე ხშირად მოიხმარენ მშობლები. მათ რიცხვს განეკუთვნება ბავშვის საფენები, ჰიგიენური ერთჯერადი ხელსახოცები, ერთჯერადი ზეწრები, ტანის მოვლის საშუალებები: ბავშვის ტალკი, ტანის კრემი, ზეთი ან კრემი თავის გასაწმენდად. ასევე, მნიშვნელოვანი ყურადღება შეიძლება დაუთმოთ აბაზანის საშუალებებს. მშობლები ხშირად ყიდულობენ სპეციალურ აბაზანას ბავშვისთვის, წყლის თერმომეტრს, სპეციალურ სათლს ბავშვის ჩასასმელად. თუკი ამ არასრულ სიას გადახედავთ, შეიძლება გაიფიქროთ, რომ ეს ხარჯები სავალდებულოა და მხოლოდ ჰიგიენურ საშუალებებზე თქვენი ბიუჯეტის დიდი ნაწილი წავა. თუმცა ეს დადასტურებულად ასე არაა. მაგალითად, ხშირად მშობლები იყენებენ არა ერთჯერად, არამედ რეცხვად საფენებსა და ზეწრებს, ასევე სარგებლობენ სტანდარტული, და არა სპეციალურად საბავშვო სააბაზანო კომპლექტით, რომლის ფასი ზოგადად უფრო მაღალია მის სხვა ანალოგებთან შედარებით. ხშირ შემთხევაში ტანის კრემების მოხმარებაც მშობლის არჩევანია და არა პირდაპირი რეკომენდაცია. გარდა ამისა, თუ თქვენ უკვე გყავთ შვილი, მისი ნივთები შეგიძლიათ გამოიყენოთ ოჯახის ახალი წევრისთვისაც, რაც დიდ თანხას დაგიზოგავთ.
მედიკამენტებისა და სამედიცინო მომსახურების ხარჯი
თქვენი ოჯახის პატარა წევრს მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება. სიცოცხლის პირველ ეტაპზე, გარემოსთან ადაპტაციისა და ორგანიზმის გაძლიერების პროცესში სამედიცინო პერსონალის ყურადღებაც დასჭირდება: პერიოდული ვიზიტი პედიატრთან წონის, სიგრძის და განვითარების მონიტორინგისთვის. ასევე, განსაზღვრულ ვადებზე ვაქცინაციის ჩასატარებლადაც. გარდა ამისა, დაგჭირდებათ მედიკამენტების მინიმალური მარაგის შექმნა, რათა, საჭიროების შემთხვევაში, ყველა აუცილებელი მედიკამენტი ხელმისაწვდომი იყოს თქვენთვის. სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების ღირებულების ხარჯის შემცირებას სადაზღვევო პოლისის ფლობითა და სახელმწიფო პროგრამების გამოყენებით შეძლებთ. მაგალითად, ხშირად გეგმიური შემოწმება, ვაქცინაცია და სპეციფიკური გართულებების მკურნალობა შეიძლება სრულად ანაზღაურდეს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. რაც შეეხება სადაზღვევო პოლისის ფლობას, როგორც თქვენი, ისე თქვენი ოჯახის ახალი წევრის ჯანმრთელობის საჭიროებებთან დაკავშირებულ ხარჯებს დაფარავთ სადაზღვევო კომპანიის მიერ ანაზღაურებული თანხით და არ დაგჭირდებათ თქვენი ბიუჯეტიდან დამატებითი თანხის გამოყოფა.
ტანსაცმლის ხარჯები
ოჯახის პატარა წევრის საყიდლების ნუსხიდან, ყველაზე სასიამოვნო პროცესად ტანსაცმლის შერჩევა მიიჩნევა. ხშირად მშობლები საკმაოდ დიდ თანხას ხარჯავენ პატარასთვის შესაბამისი ტანსაცმლის შესაძენად. ნივთების შეძენისას, არც თუ იშვიათია ცდუნება, იყიდოთ რაც შეიძლება მეტი და მრავალფეროვანი ნივთი თქვენი პატარასათვის - მათ შორის, ქუდები, თათმანები, წინდები, წინსაფრები, ე.წ. ბოდეები, შარვლები თუ სხვა. ამ სურვილის ასრულება არც თუ ისე მცირე ხარჯებთანაა დაკავშირებული. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პატარა საკმაოდ სწრაფად გაიზრდება და შესაძლოა, შეძენილი ნივთების დიდი ნაწილის გამოყენება ვერც კი მოასწროთ. ამიტომ, სასურველია, თუ ნივთებს მაქსიმალურად რაციონალურად შეიძენთ. ასევე, გასათვალისწინებელია ისიც, თუ რა ტიპის სამოსს ყიდულობთ პატარასთვის. ხშირად შეიძლება, არჩევანი უფრო ვიზუალზე გააკეთოთ და ყურადღება არ მიაქციოთ კომფორტულობას. პატარას სიცოცხლის პირველ თვეებში რეკომენდებულია, რომ მეტი აქცენტი გააკეთოთ პრაქტიკულობაზე, ასე თანხასაც დაზოგავთ და აღმოაჩენთ, რომ ყველა შეძენილ ნივთს იყენებთ. შეიძლება ძალიან გინდოდეთ თქვენი პატარასთვის ჩაღილული და ბაფთიანი პერანგების, ლამაზსამაგრებიანი შარვლებისა თუ მაქმანებიანი კაბების შეძენა, მაგრამ რეალურად მათი ჩაცმა და გამოყენება თითქმის შეუძლებელი შეიძლება აღმოჩნდეს. როდესაც პატარას ტანისამოსზე ფიქრობთ, ძალიან კარგი იდეაა ახლობლების მიერ ნაჩუქარი მეორადი ტანისამოსით სარგებლობაც. ასევე, თუ ოჯახში უკვე გყავთ პატარა და მისი ნივთები შენახული გაქვთ, თავისუფლად შეგიძლიათ მათი მორგება ოჯახის ახალი წევრისთვის. ერთის მხრივ, ეს თანხას დაგიზოგავთ, გარდა ამისა, თავიდან აგარიდებთ ბევრ უსარგებლო შენაძენს.
სათამაშოების ხარჯები
ბავშვის დაბადების პირველივე თვეს საჭიროა, შექმნათ მისი განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემო. ვინაიდან პატარა გარესამყაროს შეხებითა და მარტივი ქმედებებით ეცნობა, სასურველია, თუ მისთვის მუდმივად იქონიებთ ასაკის შესაბამის სათამაშოებს. სათამაშოების შერჩევისას, სასურველია, თუ გაეცნობით სათამაშოს მასალას, უსაფრთხო გამოყენების წესებს, რეკომენდებულია, ასევე, ზუსტად გაითვალისწინოთ სათამაშოს გამოყენების ინსტრუქციაც, რომ საფრთხე არ შეუქმნათ პატარას ჯანმრთელობას. აღსანიშნავია, რომ სათამაშოებისა და გასართობი წიგნებისთვის ცალკე თანხის გათვალისწინება დაგჭირდებათ, რადგან, ძირითადად, მაღალი ხარისხის ნივთებს, შესაბამისად, მაღალი ფასიც აქვთ, ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად კი უფრო მეტი ნივთის შეძენა დაგჭირდებათ.
დეკრეტული შვებულება
ბავშვის შეძენის შემდეგ აქტუალური ხდება მასთან დროის გატარების საკითხიც. დასაქმებული მშობლებისთვის, შვილთან ურთიერთობის საწყის ეტაპზე ხდება დეკრეტული შვებულების გამოყენება. საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულია, რომ დამსაქმებელს შეუძლია, ერთ-ერთ მშობელს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება მისცეს კონკრეტული ვადით. თუმცა, ეს პირობა სავალდებულო არაა და შეიძლება კერძო ხელშეკრულებით განსხვავებული პირობები იყოს განსაზღვრული. სასურველია თქვენს დამსაქმებელთან დააზუსტოთ ითვალისწინებს თუ არა თქვენი შრომითი ხელშეკრულება დეკრეტულ შვებულებით სარგებლობის პირობებს, თუ ასეთი არის გათვალისწინებული, რა პირობებია განსაზღვრული მისთვის? ანაზღაურებადია თუ არა ეს პერიოდი? ანაზღაურება სტანდარტული მოცულობით შეგინარჩუნდებათ თუ მხოლოდ მის ნაწილს გადაგიხდიან და სხვა. ამ საკითხებზე დაფიქრება საშუალებას მოგცემთ, განსაზღვროთ, როგორ შეიცვლება თქვენს ბიუჯეტში შემოსავლების ნაწილი, თუ დეკრეტული შვებულების აღებას გადაწყვეტთ.
ბავშვის მომვლელის, ძიძის ხარჯი
თქვენთვის, ალბათ, ყველაზე სასურველია პატარასთან რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, სავარაუდოდ, მოგიწევთ სამსახურში გახვიდეთ ან გარე აქტივობების მანამდე ჩვეულ გრაფიკს დაუბრუნდეთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად დაგჭირდებათ ადამიანი, რომლიც თქვენი სახლში არყოფნისას პატარას მიხედავს. თუ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, ბავშვი ახლობელ ადამიანს დაუტოვოთ, მაშინ ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება როგორც ემოციურად, ისე ფინანსურად. ხოლო თუ პატარასთვის თავისუფალი დროის დათმობა ახლობლებიდან არავის შეუძლია ან უბრალოდ, ვერ პოულობთ შესაფერის კანდიდატს, მაშინ არჩევანი ძიძაზე უნდა შეაჩეროთ. ამ გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელია, რომ სასურველი კანდიდატის მოძიება უმჯობესია, სამსახურში გასვლამდე დიდი ხნით ადრე დაიწყოთ. დაგჭირდებათ რეკომენდაციები, კანდიდატებთან შეხვედრა და, რასაკვირველია, ანაზღაურებაზე შეთანხმება. ხშირად, როდესაც ბავშვთან სრულიად უცნობი ადამიანი რჩება, უსაფრთხოების მეტად დაცვისთვის მშობლები სახლში ვიდეო მონიტორინგის სისტემასაც ამონტაჟებენ. სასურველია, ეს ყოველივე ბიუჯეტში გათვალისწინებული გქონდეთ.