კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ტრენინგები ნებისმიერი საგნის მასწავლებლებისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკი და მისი ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუ“ (www.finedu.gov.ge) ფინანსური განათლებით დაინტერესებულ ნებისმიერი საგნის მასწავლებლებს, ასევე, ტრენერებს პერიოდულად სთავაზობს ტრენინგს „სკოლა-ბანკის“ პროექტის ფარგლებში. პროექტის მიზანია სკოლებისა და სხვა სასწავლო დაწესებულებების ხელშეწყობა მოსწავლეებისთვის ფინანსური განათლების საკითხების აქტიური და სახალისო გზით სწავლებაში. 

რას მოიცავს ტრენინგის თემატიკა?

ტრენინგის თემატიკა მოიცავს  „სკოლა-ბანკის“ 15-გაკვეთილიან სახელმძღვანელოში მოცემულ ფინანსური განათლების საკვანძო საკითხებს, მათ შორის:

  • დაზოგვა;
  • პირადი ბიუჯეტი;
  • საბანკო პროდუქტები;
  • გონივრული სესხება;
  • მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობები;
  • ფინანსური თაღლითობა და უსაფრთხოება.

როგორ არის აგებული ტრენინგი?

„სკოლა-ბანკის“ გაკვეთილები „კეთებით სწავლების“ პრინციპზეა აგებული. მოსწავლეები თამაშის საშუალებით გაკვეთილზევე ითვისებენ ფინანსური განათლების საკითხებს. შესაბამისად, მასწავლებელთა ტრენინგზე დაიფარება „სკოლა-ბანკის“ სახელმძღვანელოთი გათვალისწინებული როგორც თეორიული საკითხები, ასევე სწავლების აქტიური მეთოდები, მათ შორის: როლური თამაშები, ჯგუფური აქტივობები, გონებრივი იერიში, ერთმანეთისთვის სწავლება და ა.შ.

ვისთვის არის განკუთვნილი ტრენინგი?

ტრენინგზე დასწრება შეუძლია ნებისმიერი საგნის მასწავლებელს, ან ტრენერს, რომელსაც აქვს სურვილი და შესაძლებლობა, თავის სკოლაში/ორგანიზაციაში მოსწავლეებს  პროექტით გათვალისწინებული 15 გაკვეთილი ჩაუტაროს. ტრენინგის გასავლელად არ არის აუცილებელი, მონაწილე რაიმე წინარე ფინანსურ ცოდნას ფლობდეს. 

როგორია ტრენინგის ხანგრძლივობა და ფორმატი?

ტრენინგის ხანგრძლივობაა 2 დღე, დღეში 8 საათი. ტრენინგები ტარდება მხოლოდ ფიზიკური დასწრებით.

რას მიიღებს ტრენინგის მონაწილე?

პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ გაკვეთილების დასაგეგმად საჭირო დეტალური სასწავლო მასალა და მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

რა მასალას ეყრდნობა ტრენინგები?

ტრენინგები ეფუძნება საქართველოს ეროვნული ბანკისა და Child and Youth Finance Internationa-ის (ამჟამად Aflatoun International) მიერ VII-IX კლასის მოსწავლეებისთვის შემუშავებულ „სკოლა-ბანკის“ 15-გაკვეთილიან მოდულს.

როგორ დავრეგისტრირდე ტრენინგზე?

„სკოლა-ბანკის“ პროექტის ფარგლებში, მასწავლებლების ტრენინგი პერიოდულად (როგორც წესი, შაბათ-კვირას ან სასკოლო არდადეგების პერიოდში კვირის სხვა დღეებში) ტარდება. ტრენინგი უფასოა და მონაწილეობის მიღება შეუძლიათ  მასწავლებლებს/ტრენერებს, რომლებსაც ეს ტრენინგი გავლილი არ აქვთ. დაგეგმილი ტრენინგების შესახებ ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა კი ფინედუს ვებგვერდსა და ფეისბუქგვერდზე ქვეყნდება. 

რა ევალება მასწავლებელს/ტრენერს „სკოლა-ბანკის“ ტრენინგის გავლის შემდეგ?

ტრენინგის გავლის შემდეგ მასწავლებელმა უნდა ჩაატაროს საკუთარ სკოლაში/ორგანიზაციაში „სკოლა-ბანკის“ მოდულით გათვალისწინებული 15 გაკვეთილი. მასწავლებელი თავად უზრუნველყოფს სკოლაში მოსწავლეების შეკრებასა და პროექტის ორგანიზებას. „სკოლა-ბანკის“ დანერგვა შესაძლებელია როგორც უშუალოდ საგაკვეთილო პროცესში, ასევე, დამრიგებლის საათზე, კლუბის სახით და ა.შ.

ფინედუს მასწავლებელთა მიმდინარე ტრენინგების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ. 

ჩატარებული „სკოლა-ბანკის“ ტრენინგების შესახებ ინფორმაცია:

სექტემბერი 2024

მარტი 2024