"წუთისოფლის სტუმრები ვართ,
ჩვენ რომ წავალთ, სხვა დარჩება..."
ხალხური
ეპოქები იცვლება, თაობები მოდიან და მიდიან, ადამიანები ერთმანეთს ენაცვლებიან...
დედამიწა კი, როგორც კეთილი მასპინძელი, სითბოსა და სიყვარულს ყველას თანაბრად გვიზიარებს...
ჩაფიქრება
დედამიწის დღე ახლოვდება. ვფიქრობ ბლოგზე, სათქმელი კვლავ ბევრია და უცებ ერთმა შემთხვევით გაზიარებულმა ვიდეომ არჩევანი ჩემ მაგივრად გააკეთა.
საკვირაო სკოლის მოსწავლეებს მოძღვარი იგავს უყვებოდა, მარტივს, მაგრამ ღრმას:
კაცი თავისი სახლის წინ იჯდა. გამოიარა უცნობმა და ჰკითხა:
- ეს სასტუმრო ვისიაო?
- სასტუმრო კი არა, ჩემი სახლიაო - უპასუხა კაცმა.
უცნობმა კითხვა კვლავ გაუმეორა.
ერთხელ. მეორედაც...
კაცი გაღიზიანდა:
- ერთსა და იმავეს რომ მეკითხები, ვერ გაიგე? ჩემი სახლიაო!
უცნობი კი აუღელვებლად აგრძელებდა:
- შენამდე აქ ვინ ცხოვრობდაო?
- ჩემი წინაპრები... მამაჩემის მამამ ააშენა ეს სახლიო.
- და შენ როცა აღარ იქნები, მერე ვინ იცხოვრებსო?
- ჩემი შვილიშვილებიო...
უცნობმა მშვიდად ჩაილაპარაკა: - ჰოდა, მეც მაგას ვამბობ - სასტუმროაო.
და წავიდა.
კაცი კი დარჩა.
ფიქრში ჩაძირული.
და, ალბათ, სწორედ აქ იწყება ცვლილება.
მოძღვარი იგავს განმარტავდა, წუთისოფლის წარმავლობაზე საუბრობდა,
მოსწავლეებს ურჩევდა, დრო დაეფასებინათ - ფუჭად არ გაეფლანგათ.
ვუსმენდი, თანაც ვეღარ - მახსენდებოდა ის ერთი წამი, როცა ადამიანი ჩერდება და პირველად ხედავს იმას, რაც ყოველთვის მის წინ იყო.
ვფიქრობდი, რამდენი სიბრძნეა ამ პატარა ისტორიაში - და რა მნიშვნელოვანია, რომ ამას ბავშვები დღესვე სწავლობენ.
და მერე გამიელვა აზრმა - ალბათ, ასე „ჩაფიქრდნენ“ ერთ დროს ადამიანებიც ამერიკაში და გააცნობიერეს გარემოს დაცვის აუცილებლობა.
გამოფხიზლება
22 აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნება, დღე, რომელიც სწორედ ამგვარი "გამოფხიზლების" შედეგია.
1962 წელს რეიჩელ კარსონის წიგნი, "ჩუმი გაზაფხული", მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი გახდა. ნახევარ მილიონზე მეტი ეგზემპლარი, ათეულობით ქვეყანა - მაგრამ მთავარი რიცხვები არ იყო. მთავარი ის იყო, რომ ადამიანებმა პირველად დაინახეს კავშირი გარემოს დაბინძურებასა და საკუთარ ჯანმრთელობას შორის.
შემდეგი ბიძგი 1969 წელს სანტა ბარბარას ყურეში ნავთობის მასიურმა დაღვრამ გამოიწვია. ამ მოვლენას შეესწრო სენატორი გეილორდ ნელსონი, რომელმაც ნათლად დაინახა ის, რასაც სხვები წლების განმავლობაში ვერ ამჩნევდნენ. მისი ძალისხმევით 1970 წელს პირველად აღინიშნა დედამიწის დღე - მოვლენა, რომელმაც მილიონობით ადამიანი გააერთიანა.
მაგრამ მანამდე...
ათწლეულების განმავლობაში დაბინძურებული ჰაერი პროგრესის სურნელად მიიჩნეოდა,
ინდუსტრიული ზრდა - წარმატებად, საფრთხე კი უხილავად რჩებოდა.
სწორედ ამიტომ იყო საჭირო ჩაფიქრება.
ის ერთი გაჩერება.
ის დასჭირდა იგავის გმირს, რომელმაც საკუთარ სახლში პირველად დაინახა დროის კვალი.
ის დასჭირდა საზოგადოებას, რომელმაც გააცნობიერა, რომ დედამიწა საკუთრება არ არის, არამედ მხოლოდ დროებით ნდობით გადმოცემული სივრცეა.
ასეთი როლი აქვს იმ შინაგან გარდატეხას, რომელიც ადამიანს აიძულებს, საკუთარი შეხედულებები თავიდან შეაფასოს.
კითხვები, რომლებიც გვრჩება
დღესაც გამოწვევების წინაშე ვართ და გვაქვს კითხვები:
ვზოგავთ? ვქმნით? თუ უბრალოდ ვხარჯავთ?
სად ვხედავთ ჩვენს პასუხისმგებლობას?
გარემოზე ზრუნვა მხოლოდ ბუნების დაცვა გვგონია, თუ საკუთარი და სხვების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ზრუნვაც?
რას ვტოვებთ მომავლისთვის?
... და არა მხოლოდ ეს.
ჩვენც გაჩერება და ჩაფიქრება დაგვჭირდება ახალი ხედვის გასაჩენად. როგორც იგავის გმირის ცხოვრებაში ერთმა ფრაზამ მანამდე არსებული სურათი მთლიანად შეცვალა - სახლი აღარ არის მხოლოდ მისი, ის დროებით აბარია, ასევე, ჩვენც ვირწმუნებთ, რომ დედამიწა დროებით გვაბარია და რომ ამ ნდობის გამართლება თითოეული ჩვენგანის არჩევანია.
მოგეხსენებათ, იგავი უძველესი ჟანრია. სათქმელი მასში პირდაპირ არ ითქმის,
დაფარულად, ალეგორიებით გადმოიცემა.
ვინც რამდენად ჩაფიქრდება, იმდენად გაიგებს.
იგავიდან მეც ჩემი „ამოვკრიბე“...
კითხვებს და ფიქრებს ბოლო არ უჩანდა... ამ პატარა ისტორიამ თითქოს მთელი სამყარო დაიტია.
ბლოგის წერას რომ ვაპირებდი, იგავის სათქმელიც უნებლიედ დედამიწის დღეს, გარემოს დაცვას, ფინანსურ განათლებას და მდგრად მომავალს უკავშირდებოდა.
ვფიქრობ, ეს კავშირი შემთხვევითი არ არის. ამიტომ გადავწყვიტე, რამდენიმე მოსაზრება და პრაქტიკული ნაბიჯი გაგიზიაროთ, რომლებიც უკეთესი მომავლის შექმნაში დაგეხმარებათ.
არჩევანი
ერთი მარტივი წინაპირობით დავიწყოთ:
არ გვინდა ვიყოთ მხოლოდ მომხმარებლები - გვინდა შევქმნათ კეთილდღეობა არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის და იმ სამყაროსთვის, რომელიც მომავალ თაობებს დარჩება.
ამისთვის აუცილებელია, ფინანსური განათლება, გარემოსადმი გონივრული დამოკიდებულება და მდგრადი განვითარების პრინციპები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში გავიაზროთ.
კეთილდღეობის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ფინანსური მიზნების სწორად დასახვაა. როდესაც მიზანი ნათელია, მაშინ მოქმედებაც გააზრებულია, შედეგად კი დროს, ენერგიას, რესურსებს ვზოგავთ.
მიზნების სწორად დასახვისთვის რეალისტური, გრძელვადიანი ხედვა გადამწყვეტია. რაც უფრო შორს გახედვას შევძლებთ, მით უკეთ ვმართავთ ჩვენს ფინანსურ მომავალს.
გასათვალისწინებელია, რომ ყველაფერი ჩვენს ხელში არაა - გზაზე ზურგის ქარსაც შევხვდებით და დაბრკოლებებსაც.
საქართველოს მოსახლეობის ფინანსური წიგნიერების კვლევა ადასტურებს, რომ უმრავლესობა მოკლევადიან მიზნებზე ვართ ორიენტირებულნი. მთავარი მიზეზი კი მოკლევადიანი ხედვაა, რასაც გარემო, სტერეოტიპები („ჯერ ვიცხოვრო“, „მომავალი მაინც გაურკვეველია“, როცა მეტი ფული მექნება, მაშინ დავზოგავ“), სურვილების მიმართ მყისიერი რეაგირება, ფინანსური განათლების ნაკლებობა გვიყალიბებს.
გრძელვადიანი აზროვნება იწყება არა დიდი თანხით, არამედ ხედვით და იწყება იმ მომენტში, როცა ვწყვეტთ ცხოვრებას მხოლოდ დღევანდელი დღისთვის.
მთავარი გარდატეხა კი მაშინ დგება, როცა ვაცნობიერებთ: ყოველი ჩვენი გადაწყვეტილება გვაშორებს ან გვაახლოებს იმ ცხოვრებასთან, რომლის მიღწევაც გვინდა.
სწორედ აქედან იწყება ცვლილება.
ხშირად გვგონია, რომ ცვლილება რთულია, მაგრამ ის ყოველდღიურ არჩევანებში იწყება.
როცა ზედმეტს არ ვყიდულობთ - არა მხოლოდ ფულს, არამედ რესურსსაც ვზოგავთ.
როცა ენერგიას ვუფრთხილდებით - როგორც გარემოზე, ისე საკუთარ ხარჯებზე ვზრუნავთ.
როცა წინასწარ ვგეგმავთ - თავს იმპულსური გადაწყვეტილებებისგან ვიცავთ.
და სწორედ ამ პატარა ჩვევებში იღებს ცვლილება ფორმას.
პატარა ნაბიჯებით, თუნდაც მცირე თანხის გადადებით, ახალ ჩვევებს ვიყალიბებთ:
მიზნის განსაზღვრით - „დაზოგვა“ კონკრეტულ მნიშვნელობას იძენს;
დროის გადავადებით - ვსწავლობთ, რომ რესურსი მხოლოდ დღევანდელი არ არის;
გარემოს შეცვლით - ვაცნობიერებთ, რამდენად დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე ის, რასაც ვხედავთ და ვისმენთ.
გრძელვადიანი მიზნები ხშირად მიუწვდომლად გვეჩვენება, მაგრამ რეალურად ისინი თანმიმდევრულობაზე დგას. მცირე, რეგულარული ნაბიჯები დროთა განმავლობაში ქმნის შედეგს.
ხედვა
ამ ფიქრებიდან დაიბადა კიდევ ერთი იდეა, რომელიც გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბებაში გვეხმარება.
"ცხოვრების წრფე"
თუ ჩვენს ცხოვრებას მთლიან სურათად დავინახავთ და მასზე ეტაპებად დავანაწილებთ დროს, საჭიროებებსა და მიზნებს, შევძლებთ, ჩვენი გადაწყვეტილებები უფრო გააზრებული გავხადოთ.
ასაკობრივი მონაკვეთები ინდივიდუალურია, მაგრამ სწორედ მათი გააზრება გვაძლევს საშუალებას, დღევანდელი ქმედებები მომავალ შედეგებს დავუკავშიროთ.
როცა ამ სურათში ჩვენს შემოსავალსაც ვათავსებთ, ფინანსები „ხელფასიდან ხელფასამდე“ პერიოდით აღარ შემოიფარგლება. ისინი ცხოვრების ნაწილად იქცევა.
ეს პროცესი გვაიძულებს დავფიქრდეთ: რა გვჭირდება დღეს, რა - ხვალ და როგორ ვაკავშირებთ ამ ორს.
შესაძლოა გეგმები შეიცვალოს, გზაზე დაბრკოლებებიც შეგვხვდეს, მაგრამ მთავარი უცვლელია - ჩვენი გრძელვადიანი ხედვა და თანმიმდევრულობა.
სწორედ ეს არის საფუძველი, რომელზეც ნელ-ნელა ყალიბდება როგორც ფინანსური კეთილდღეობა, ასევე, პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება გარემოს მიმართ.
პასუხისმგებლობა
დედამიწის დღე მხოლოდ გარემოს შესახებ არ არის.
ეს არის დღე, როცა შეიძლება შევჩერდეთ და სხვაგვარად დავინახოთ ის, რაც ყოველდღიურობაში გვჩვევია.
როგორც იგავის გმირმა, რომელმაც ერთ წამში აღქმა შეიცვალა: მისთვის საკუთრება პასუხისმგებლობად იქცა.
ალბათ, სწორედ ასეთი ცვლილებაა დღეს საჭირო.
როცა გარემოზე ვსაუბრობთ, საუბარია არა მხოლოდ ბუნებაზე, არამედ ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებაზე, ცხოვრების ხარისხზე.
ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ, წყალი, რომელსაც ვსვამთ, გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ - პირდაპირ გამოხატავს ჩვენს ყოველდღიურ არჩევანებს.
შეიძლება ცვლილება დიდი არ ჩანდეს. შეიძლება ერთი არჩევანი არაფრად მოგვეჩვენოს.
მაგრამ ცვლილება ასე იწყება - ჩუმად, უხმაუროდ.
და, ალბათ, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის: არ დაველოდოთ დიდ ცვლილებებს.
დავიწყოთ იმ პატარა სინათლით, რომლის შექმნაც თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია.