კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

როგორ შეგიძლიათ მართოთ სესხის გადახდის პრობლემა

პრობლემური სესხის მართვა იმის გაცნობიერებით უნდა დაიწყოთ, რომ სწორი ქმედებები ნებისმიერი სირთულის მოგვარების შანსს მოგცემთ. ასეთ შემთხვევაში ყველაზე გონივრულია ნაბიჯ-ნაბიჯ, სესხის გამცემთან ერთად დასახოთ სიტუაციის მოგვარების გზები. შეიძლება სასარგებლო იყოს შემდეგი ნაბიჯები:

გადახედეთ პირად ფინანსებს

ხშირად სესხის გადახდის პრობლემა უმნიშვნელო სირთულეებით იწყება. ამ სირთულეების დასაწყისშივე აღმოფხვრა უფრო დიდი პრობლემებისგან დაგიცავთ. მაგალითად, თუ სესხის მიმდინარე შენატანების გადახდა ზედიზედ რამდენჯერმე გაგიძნელდათ და მცირე ვადაგადაცილებებით, მაგრამ მაინც ფარავთ გადასახდელს, საჭიროა აღნიშნულის მიზეზი კარგად გაარკვიოთ. ზოგჯერ ფინანსურ პრობლემებს არამიზნობრივი ხარჯების ზრდა ან შემოსავლის შემცირება ქმნის. ხშირ შემთხვევაში, ასეთ პრობლემებს თქვენი პირადი ბიუჯეტის გადახედვით მოაგვარებთ. თუ სიტუაცია უფრო რთულია, შეგიძლიათ რჩევა ჰკითხოთ ისეთ ადამიანს, ვინც ფინანსურ საკითხებში უკეთ ერკვევა. 

დახმარებისთვის მეგობრებსა და ოჯახის წევრებს მიმართეთ

თუ იცით, რომ ვადაგადაცილება მხოლოდ ერთჯერადია და პრობლემა მხოლოდ მცირედი დახმარებით აღმოიფხვრება, შეგიძლიათ მეგობრებს ან ოჯახის წევრებს მიმართოთ, თუმცა, საჭიროა ამ საკითხსაც სიფრთხილით მოეკიდოთ. 

დაელაპარაკეთ დამსაქმებელს

ზოგჯერ, როცა თქვენს დამსაქმებელ ორგანიზაციაში მსგავსი პრაქტიკა არსებობს, კარგი გამოსავალია მასთან შეთანხმება და ანაზღაურების ავანსად აღება და ამ თანხით სესხის შენატანის დაფარვა. ეს მეთოდი განსაკუთრებით გამართლებულია მაშინ, როდესაც შემოსავლის მიღების თარიღი შეიცვალა და სესხის შენატანის დროს საკმარისი თანხა არ გაქვთ.

დროულად დაუკავშირდით სესხის გამცემ ორგანიზაციას

თუ თქვენი მიმდინარე შემოსავლები სესხის დაფარვასთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრის საშუალებას არ გაძლევთ, საჭიროა სესხის გამცემ ორგანიზაციასთან ითანამშრომლოთ. მნიშვნელოვანია გააცნობიეროთ, რომ სესხის გადაუხდელობა არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ სესხის გამცემისთვისაც პრობლემატურია. ამიტომ, დიდია ალბათობა, რომ თანამშრომლობით ადვილად მოიძებნება სიტუაციის მოგვარების ორმხრივად ხელსაყრელი გზები. სესხის გამცემთან ურთიერთობა მაშინაც აუცილებელია, თუ საკითხი კრედიტორის მიერ ვერ გვარდება და სასამართლოში მიმართვის აუცილებლობა ჩნდება. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ სასამართლოში საქმის გადაცემა საქმის მოგვარების ყველაზე ცუდი გზა არ არის. შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილება თქვენთვის უფრო ხელსაყრელიც კი აღმოჩნდეს, ვიდრე კრედიტორთან დამოუკიდებლად მოლაპარაკება. 

გააერთიანეთ სხვადასხვა ვალდებულებები

თუ სესხის გადაუხდელობის პრობლემას ის ქმნის, რომ თქვენ არა ერთი, არამედ რამდენიმე  მიმდინარე სესხი გაქვთ, რომელზე გადასახდელი საპროცენტო განაკვეთი საკმაოდ მაღალია, ხოლო სესხზე შენატანების ვადები არ ემთხვევა თქვენი შემოსავლის მიღების თარიღებს, შეიძლება საკითხის გადაწყვეტას სესხების გაერთიანება წარმოადგენდეს. შეგიძლიათ თქვენ თავად მოიძიოთ კარგი შეთავაზება სესხების გასაერთიანებლად, ან მიმართოთ თქვენს მომსახურე სესხის გამცემ ორგანიზაციას. აქ საჭიროა გაითვალისწინოთ, რომ თუ მიმდინარე სესხები უკვე პრობლემურია, ხოლო შემოსავალი არასტაბილური, მაღალია იმის ალბათობა, რომ არსებული სესხების პირობებზე უკეთეს შემოთავაზებას ვერ მიიღებთ ან საერთოდაც უარს გეტყვიან რამე შემოთავაზებაზე. ასე რომ, ამ საკითხის მოგვარება სესხების გადახდის გართულებამდე და ხანგრძლივი ვადაგადაცილების დაფიქსირებამდე უნდა შეეცადოთ. იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ ერთი სესხი გაქვთ და მისი გადახდა გაგიჭირდათ, შეიძლება, კრედიტორმა სესხის რესტრუქტურიზაცია შემოგთავაზოთ. ეს თქვენი სესხის პირობების ცვლილებას ნიშნავს, რაც შეიძლება მოიცავდეს, მაგალითად, გადახდის ვადის გახანგრძლივებას, რათა შემცირდეს შენატანი ან გადავადდეს დაფარვები.

უარი თქვით დამატებით ვალდებულებებზე

იმისთვის, რომ თქვენი სესხები სწორად მართოთ, საჭიროა გააცნობიეროთ, რომ ვადაგადაცილების სირთულეების გადასალახად ახალი სესხების აღება ყველაზე ცუდი გამოსავალია. ეს შეიძლება დამატებითი პრობლემების ახალი წყარო გახდეს.

ის, რაც არ უნდა გააკეთოთ

სესხის გადახდაზე საერთოდ უარის თქმა და სესხის გამცემთან კომუნიკაციის შეწყვეტაა. 

შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ პრობლემების ადრეული იდენტიფიკაცია და კრედიტორთან კომუნიკაცია სიტუაციის სწორად მართვაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, პრობლემური სიტუაციის წარმოქმნა არ ნიშნავს, რომ თქვენ ავტომატურად ეთიშებით ფინანსურ ბაზარს. თქვენს ხელთ არსებული ფინანსების სწორად დაგეგმვის პირობებში, საკმაოდ მაღალი ალბათობით, გამოწვევებთან გამკლავებასა და სიტუაციის გაუმჯობესებას წარმატებით შეძლებთ.