ფინანსური განათლების სასკოლო სივრცეში ანუ ფორმალური გზით დანერგვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელებული პრაქტიკაა. სკოლა საუკეთესო ადგილია იმისთვის, რომ თანაბრად მივწვდეთ ყველა ბავშვს. სწორი ფინანსური დამოკიდებულებებისა და უნარ-ჩვევების ადრეული ასაკიდანვე გამომუშავება კი მათ ზრდასრულ ცხოვრებაში პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
საქართველოში ეროვნული სასწავლო გეგმა ფინანსური განათლების საკითხების ინტეგრირებას სწავლების სამივე საფეხურზე, საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნებში ითვალისწინებს. კერძოდ, დაწყებით საფეხურზე ეს საკითხები "მე და საზოგადოების", ხოლო საბაზო და საშუალო საფეხურებზე "მოქალაქეობის" საგნის ნაწილია.
გარდა ამისა, ეროვნულ სასწავლო გეგმაში ფინანსური განათლება ერთ-ერთ პრიორიტეტული თემადაა მიჩნეული. ეს კი საზოგადოებრივ მეცნიერებებთან ერთად სხვა საგნების მასწავლებლებსაც აძლევს შესაძლებლობას, ფინანსურ წიგნიერებას შეხედონ, როგორც გამჭოლ კომპეტენციას და მისი ცალკეული ელემენტები საკუთარ საგნებშიც დააინტეგრირონ.
ფინანსური განათლების ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინტეგრირება ყველა მოსწავლისთვის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ხელშესახები შედეგებისათვის საჭიროა მასწავლებლების მხარდაჭერაც. ისინი აღჭურვილნი უნდა იყვნენ შესაბამისი ცოდნით და მასალებით, რათა სწავლა-სწავლების პროცესში გამოყენებული იქნეს მრავალფეროვანი რესურსები, საინტერესო აქტივობები და ისეთი სავარჯიშოები, რომლებიც არა მხოლოდ ცოდნის, არამედ უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე იქნება ორიენტირებული და მოსწავლეს რეალური ცხოვრებისეული სიტუაციებისთვის მოამზადებს.