გაითვალისწინეთ, რომ სხვა ნებისმიერი ახალი შესაძლებლობის მსგავსად, სამსახურის მოძიებაც არა მხოლოდ გარემო პირობებზე, არამედ თავად ადამიანის განწყობასა და ძალისხმევაზეცაა დამოკიდებული. ამიტომ, ამ ეტაპისთვის სათანადოდ მომზადება და მოთმინების გამოჩენა საკმაოდ მნიშვნელოვანია.
სამსახურის მოსაძიებლად საჭირო ეტაპები და მათი თანმიმდევრობა შესაძლოა განსხვავებული იყოს. ბევრი მათგანის არსებობა დამოკიდებული იქნება იმაზე, პირველად ეძებთ სამსახურს, თუ არსებულის შეცვლას აპირებთ, თავად დაიწყეთ ახალ სამსახურზე ფიქრი თუ დამაფიქრებელი შემოთავაზება მიიღეთ და გადაწყვიტეთ შრომითი ბაზრისთვის გადაგეხედათ. მთავარია, ნებისმიერ ეტაპთან დაკავშირებით სათანადო ინფორმაციას ფლობდეთ და ყველა მათგანს კარგად მომზადებული შეხვდეთ.
სამსახურის მოძიების ზოგადი ეტაპები
სტანდარტულად სამსახურის ძებნიდან დასაქმებამდე პროცესი ქვემოთ ჩამოთვლილი ეტაპებისგან შედგება:
- თქვენი რეზიუმეს ანუ CV-ს შექმნა. რეზიუმე ეს არის გარკვეული ფორმის მქონე დოკუმენტი, რომელშიც მიუთითებთ თქვენს მონაცემებს, განათლებას, სამუშაო გამოცდილებას, ინტერესებს და სხვა ინფორმაციას რაც თქვენი შეხედულებით და/ან ვაკანსიის მოთხოვნების მიხედვით მნიშვნელოვანია. გახსოვდეთ, ვაკანსიის განხილვისას დამსაქმებელს არაერთი რეზიუმეს განხილვა მოუწევს და დაფიქრდით, რით იქნება თქვენი სხვებისგან გამორჩეული, რაც ყურადღების მასზე შეჩერებას გადააწყვეტინებს;
- ბაზარზე არსებული ვაკანსიების მოძიება;
- მონაცემების გაგზავნა ვაკანსიის ტექსტში მითითებული წესის მიხედვით - ხშირად, ეს ხდება ელექტრონული ფოსტის გამოყენებით;
- დაინტერესებული კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრა - პირველი შეხვედრა, რომელსაც ხშირად აქვს ზოგადი ტესტირების ან გასაუბრების სახე;
- შერჩევის ეტაპების გავლა - ვაკანსიისა და კომპანიის მოთხოვნების მიხედვით შერჩევის ეტაპები განსხვავებულია. შეიძლება, იყოს მხოლოდ ერთი ეტაპი, ან რამდენიმე;
- თქვენთვის წარდგენილი შეთავაზების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება.
სამსახურის საძიებო არხები
სტაჟირება
ორგანიზაციაში მუშაობის დაწყების პირველი ეტაპი, ზოგჯერ, სტაჟირების გავლაა. სტაჟირება ეს არის ორგანიზაციასთან კონკრეტულ ვადით თანამშრომლობა, რომელსაც ორმხრივი სარგებელი ახასიათებს. ერთი მხრივ, სტაჟიორი - დასაქმებული იძენს გამოცდილებას და, ზოგ შემთხვევაში, ღებულობს ანაზღაურებასაც, ხოლო დამსაქმებელი კომპანია კი, ერთი მხრივ, იყენებს სტაჟიორის რესურსს მიმდინარე, ხშირად დროებითი საქმიანობის შესასრულებლად და მეორე მხრივ, იზიდავს პოტენციურ კანდიდატებს მომავალში დასასაქმებლად. სტაჟირება ხშირად გარდამავალი ეტაპია სამსახურის დასაწყებად. არის შემთხვევები, როდესაც ორგანიზაცია აცხადებს სტაჟირებას, თუმცა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივას კანდიდატთან არ განიხილავს, ხოლო სხვა შემთხვევებში, კომპანია იღებს თანამშრომლობის გადაწყვეტილებას სწორედ იმ კადრთან, რომელსაც ასწავლის და რომელთან მუშაობის გამოცდილებაც აქვს.
სანაცნობო წრე
ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც სამსახურის მოძიებაში გამოგადგებათ, ეს არის იმ ადამიანთა წრე, რომლებსაც შეუძლიათ დაგეხმაროთ ვაკანსიის მოძიებაში ან რეკომენდაცია გაგიწიოთ კონკრეტულ ვაკანსიაზე დასაქმებისათვის, თქვენი კომპეტენციის შესაბამისად. ამგვარი სანაცნობო წრის დიდი ნაწილი იქმნება სტუდენტობის პერიოდში. ხშირად, სტუდენტების პირველი სამუშაო ადგილი სწორედ ლექტორების რეკომენდაციით შემოთავაზებული სამუშაოა. სანაცნობო წრე ფართოვდება, მაგალითად, ყოფილი თანამშრომლებით, ხელმძღვანელებით, რომლებსაც შეუძლიათ თქვენი კომპეტენტურობის შეფასება. მეგობრებით ან ნაცნობებით, რომლებსაც შეუძლიათ მოგაწოდონ ინფორმაცია მათ ან სხვა კომპანიაში არსებულ ვაკანსიაზე, რეკომენდაცია გაგიწიონ კონკრეტულ პოზიციაზე დასაქმებისთვის, კონსულტაცია გაგიწიონ რეზიუმეს შედგენასა თუ გასაუბრების პროცესზე და სხვა.
ვაკანსიის საძიებო საიტები
პოპულარულია იმ საიტებით სარგებლობა, სადაც კომპანიები ვაკანსიებს ათავსებენ. საქართველოში დღესდღეობით ეს საიტები, ძირითადად, ორი ტიპისაა, ერთი, რომელზეც მხოლოდ სახელმწიფო/საჯარო სამსახურებში არსებული ვაკანსიებია განთავსებული და მეორე, რომლებზეც ყველა ტიპის, მათ შორის, კერძო სექტორიდან წამოსული ვაკანსიები იყრის თავს.
პოტენციური დამსაქმებელი კომპანიების ვებგვერდები
თუ თქვენ უკვე გადაწყვეტილი გაქვთ, სად, რა მიმართულებით გსურთ მუშაობა ან, უბრალოდ, არის ისეთი ორგანიზაცია, რომელშიც სიამოვნებით იმუშავებდით, შეგიძლიათ მათ ვებგვერდებს გაეცნოთ. რიგ შემთხვევაში ვებგვერდებზე განთავსებულია ხოლმე ინფორმაცია არსებული ვაკანსიების და კანდიდატებისადმი წაყენებული მოთხოვნების შესახებ. თუ ვებსაიტზე ასეთ განყოფილებას ვერ მიაგენით, აუცილებლად მოიძიებთ საკონტაქტო ინფორმაციას ორგანიზაციის ტელეფონის ნომრის ან ელექტრონული ფოსტის სახით, სადაც შეძლებთ იკითხოთ ვაკანსიების შესახებ და, შესაძლებლობის შემთხვევაში, დატოვოთ თქვენი მონაცემები, რათა ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში დაგიკავშირდნენ.
შუამავალი სპეციალიზებული პირები ან ორგანიზაციები
სამუშაოს ძიების პროცესში დახმარებას გაგიწევენ ე.წ. საშუამავლო კომპანიები თუ პირები.
LinkedIn პლატფორმა
სამუშაოს მოძიებისთვის, ბოლო პერიოდში LinkedIn პლატფორმა საკმაოდ აქტიურად გამოიყენება. ის სამუშაოს მაძიებელთა და დამსაქმებელთა გამაერთიანებელი ონლაინ პლატფორმაა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია განათავსოს ინფორმაცია საკუთარ თავზე. ეს არხი ერთგვარად წარმოადგენს თქვენი რეზიუმეს ონლაინ სივრცეში განთავსების შესაძლებლობას. თქვენი ინტერესებისა და დასაქმების სტატუსის მითითების შემდეგ, შესაძლებლობა გეძლევათ, დაუკავშირდეთ პოტენციურ დამსაქმებლებს ან სამუშაოს მაძიებლებს. ასევე, იყოთ ხელმისაწვდომი დაინტერესებული დამსაქმებლებისათვის.