საერთო ფონდი წარმოადგენს საინვესტიციო ინსტრუმენტს, რომელიც აერთიანებს მრავალი ინვესტორის ფულად სახსრებს და მათ ინვესტირებას ახდენს სხვადასხვა აქტივში. საერთო ფონდში ინვესტირებით (ფონდის აქციების შეძენით) თქვენს პირად სახსრებს ანდობთ კვალიფიციურ და პროფესიონალ ფონდის მენეჯერს და სხვა ინვესტორებთან ერთად ხდებით ფონდის მიერ განკარგვადი აქტივების თანამფლობელი. გასათვალისწინებელია, რომ საერთო ფონდები საფონდო ბირჟაზე არ ივაჭრება და მათი შეძენა შესაძლებელია სავაჭრო დღის ბოლოს (საფონდო ბირჟების დახურვის შემდგომ) დადგენილი ფასის საფუძველზე.
საერთო ფონდები ერთმანეთისგან იმის მიხედვით განსხვავდება, თუ რა ტიპის აქტივებში აბანდებენ სახსრებს და როგორი მართვის სტილი აქვთ. საერთო ფონდები ძირითადად ინვესტირებას მხოლოდ ობლიგაციებში, აქციებსა ან მათ სხვადასხვა კომბინაციებში ახორციელებენ. აქტივების კლასის მიხედვით ყველაზე გავრცელებული საერთო ფონდებია:
- აქციების საერთო ფონდი (equity Funds) - ფონდის აქტივებს წარმოადგენს ლიკვიდური (ბაზარზე ყოველდღიურად ვაჭრობადი) აქციები. ამასთან, ფონდი შეიძლება ფოკუსირებული იყოს მხოლოდ კონკრეტული სტილის (ზრდაზე ორიენტირებული, ღირებულებაზე ორიენტირებული), ზომის (მაღალი, საშუალო და დაბალი კაპიტალიზაციის კომპანიები), გეოგრაფიული არეალის (ადგილობრივი, საერთაშორისო) კომპანიის აქციების შეძენაზე.
- ობლიგაციების ფონდი (Fixed income/bond funds) - ფონდის აქტივებს წარმოადგენს სახელმწიფო ან კორპორაციული ობლიგაციები, რომელიც თავის მხრივ შეიძლება განსხვავდებოდეს საკრედიტო რეიტინგის, ვადიანობის, კუპონის გადახდის პერიოდულობის ან/და სხვა კატეგორიის მიხედვით.
- დაბალანსებული ფონდი - ერთ ფონდში აერთიანებს აქციებს და ობლიგაციებს, წინასწარ განსაზღვრული პროპორციებით (მაგ. 60% აქციები, 40% ობლიგაციები)
- ფულადი ბაზრის ფონდი - ფონდის აქტივებს ძირითადად წარმოადგენს მოკლევადიანი (ძირითადად 1 წლამდე), მაღალი ხარისხის ობლიგაციები, ბანკების დეპოზიტები და სადეპოზიტო სერტიფიკატები
საერთო ფონდები, ძირითადად, ბენჩმარკად იყენებენ აქციების ან ობლიგაციების ინდექსებს (იმის მიხედვით, თუ რა აქტივთა კლასში აინვესტირებს ფონდი), თუმცა ასევე შესაძლებელია იყოს აბსოლუტური სიდიდე (პრიობითად 5%). ერთ-ერთი ყვველაზე ცნობილი ინდექსია SPX (S&P 500), რაც გვიჩვენებს 500 წამყვანი ამერიკული კომპანიის აქციების ფასების საშუალო შეწონილ ზრდას. თუ აქტიურად მართული ერთობლივი ფონდის ბენჩმარკს წარმოადგენს S&P 500 ინდექსი, მისი მიზანია S&P 500 ინდექსზე უფრო მეტად გაიზარდოს. პასიურად მართული საერთო ფონდის მიზანია გაიმეოროს ბენჩმარკის (ძირითადად ინდექსის) შედეგი, რის გამოც მას ხშირად ინდექს ფონდს ეძახიან. ინდექს ფონდები ყიდულობენ ინდექსში შემავალი კომპანიების აქციებს. შესაბამისად, მათი შეძენით ინვესტიცია დივერსიფიცირებულია (ბევრ კომპანიაში) და სარკისებურად იმეორებს ინდექსის შედეგს. ზოგადად, გრძელვადიან პერიოდში, მიუხედავად მოკლევადიანი კრიზისებისა, ქვეყნების ეკონომიკები იზრდება, კომპანიები იზრდებიან, შესაბამისად, ეს ზრდა აისახება ინდექს ფონდის აქციის ფასის ზრდაზეც
საერთო ფონდები განსაკუთრებით მიმზიდველია დამწყები ინვესტორებისთვის, რომელთაც ჯერ კიდევ არ აქვთ საკმარისი ცოდნა თავად შეარჩიონ კონკრეტული კომპანიების აქციები თუ ობლიგაციები. ამასთან, იმისთვის რომ შევქმნათ პორტფელი, რომელიც გაიმეორებს კონკრეტული ინდექსის შედეგს (მაგ. S&P 500), საჭიროა თავადვე შევიძინოთ ამ ინდექსში შემავალი კომპანიების აქციები ინდექსში არსებული პროპორციების მიხედვით, რაც შეზღუდული ცოდნის, რესურსებისა და ტექნიკური შესაძლებლობების გამო თითქმის შეუძლებელია, ხოლო ფონდის აქციის შეძენით, თქვენ მარტივად შეგიძლიათ ეს სირთულეები თავიდან აირიდოთ. ამასთან, მცირედი თანხის ინვესტირებაც კი გაძლევთ დივერსიფიკაციის, ასევე, პოტენციურად ინდექსზე უკეთესი (აქტიურად მართული ფონდის შემთხვევაში) ან ინდექსის შესაბამისი (პასიურად მართული ფონდის შემთხვევაში) შემოსავლის მიღების შესაძლებლობას
საერთო ფონდში თანხის დაბანდებისას გასათვალისწინებელია რომ ინვესტირება დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან რაც მოიცავს მართვის ხარჯებს (management fee), აქტიურად მართული ფონდის შემთხვევაში, დამატებით საბონუსე ხარჯებს (performance fee, იმ შემთხვევაში თუ ფონდი ბენჩმარკზე უკეთეს შედეგს დააფიქსირებს), ასევე ყიდვა-გაყიდვის ხარჯებს (sales loads). აქედან გამომდინარე, ფონდის შერჩევისას უნდა იხელმძღვანელოთ არა მარტო იმ ფაქტორით, რომელი ფონდი უკეთეს შედეგს აჩვენებდა წლების განმავლობაში, არამედ იმითაც, თუ რა ხარჯებთან არის მათი მომსახურება დაკავშირებული. ამასთან, საერთო ფონდებს, როგორც წესი, დაწესებული აქვთ მინიმალური საინვესტიციო მოცულობა, რომელიც შეიძლება იწყებოდეს 100 დოლარიდან და ადიოდეს რამდენიმე ათას დოლარამდე.