კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ინვესტიციებთან დაკავშირებული თაღლითობა

რა არის და როგორ ხორციელდება ინვესტიციებთან დაკავშირებული თაღლითობა?

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქართულ ფინანსურ ბაზარზე გაიზარდა ე.წ. ფორექს (FOREX) კომპანიების რაოდენობა. აღნიშნული კომპანიები მომხმარებლებს ელექტრონული პლატფორმის საშუალებით, მაღალი რისკის შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით, კერძოდ ფასთა შორის სხვაობაზე კონტრაქტებითა (CFD – Contract for Differences) და ბინარული ოფციონებით  ვაჭრობას სთავაზობენ. 2018 წლის 11 აპრილიდან ე.წ. ფორექს პლატფორმაზე საშუამავლო საქმიანობა საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ მოექცა და მისი განხორციელების უფლება მხოლოდ ლიცენზირებულ საბროკერო კომპანიებს მიეცათ.

აღსანიშნავია, რომ დღეს ბაზარზე გვხვდება ისეთი კომპანიები, რომლებიც არ არიან ლიცენზირებულნი და მომხმარებლებს სთავაზობენ დააბანდონ საკუთარი დანაზოგი ფორექს პლატფორმების საშუალებით, ან ივაჭრონ უცხოური ვალუტით, რა შემთხვევაშიც, დიდი შანსია, მომხმარებლებმა სრულად დაკარგონ ინვესტირებული თანხა.

მომხმარებლების მოსაზიდად, ასეთი კომპანიები ხშირად მათ ბონუსებს, უფასო სწავლებას და გარანტირებულად დიდ მოგებას პირდებიან. ასეთი კომპანიები, მომხმარებლების შეცდომაში შეყვანის მიზნით, დასახელებაში ხშირად იყენებენ ისეთ ტერმინებს, როგორიცაა „საბროკერო“, „საფინანსო“, „საინვესტიციო“ და ა.შ, თუმცა ეს აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი კომპანიებს ლიცენზია აქვთ გავლილი ეროვნულ ბანკში და, შესაბამისად, მისი ზედამხედველობის ქვეშ ფუნქციონირებენ. ეს კი მეტად მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი ფაქტორია იმაზე დასაფიქრებლად, თუ რომელ კომპანიაში ღირს თანხის დაბანდება. 

გარდა ამისა, ასეთი კომპანიები სავაჭროდ იყენებენ გაურკვეველი წარმომავლობის პლატფორმებს, სადაც ხშირად არაკეთილსინდისიერი გზით ხდება კლიენტების სავაჭრო გარიგებებში ჩარევა და მათ მიერ „ინვესტირებული“ თანხის წაგება. ეს წაგებული თანხა კი ფსევდო „ბროკერის“ შემოსავლად რჩება.

კომპანია, რომლებიც გთავაზობთ უამრავ ბონუსს, დიდ მოგებას და გპირდებათ, რომ ორკვირიანი სწავლების შემდეგ საუკეთესო „ტრეიდერი“ (ანუ, ფასიანი ქაღალდებით მოვაჭრე) გახდებით, დიდი ალბათობით, არაკეთილსინდისიერად და დანაშაულებრივად მოქმედებს!

როგორ აირიდოთ თავიდან ინვესტიციებთან დაკავშირებული თაღლითობა?

ინვესტირებამდე მოიძიეთ ინფორმაცია კომპანიის შესახებ

მანამ, სანამ FOREX-ში თანხის ინვესტირებას  გადაწყვეტთ, აუცილებლად მოიძიეთ ინფორმაცია იმ კომპანიის შესახებ, ვისაც უნდა ანდოთ თქვენი თანხა. პირველ რიგში, დარწმუნდით იმაში, რომ კომპანიას გააჩნია  საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული საბროკერო საქმიანობის ლიცენზია. ლიცენზირებული საბროკერო კომპანიების ჩამონათვალი შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ.

გაეცანით კომპანიის ბიზნეს მოდელს

აუცილებლად გაეცანით კომპანიის ბიზნეს მოდელს. ეროვნული ბანკის რეგულაციების თანახმად, ლიცენზირებული საბროკერო კომპანია ვალდებულია გაგიმჟღავნოთ თუ რა ბიზნეს მოდელს იყენებს. ასევე, თქვენი მოთხოვნის შედეგად გაჩვენოთ, თუ სად განხორციელდა თქვენს მიერ დადებული გარიგება. სრულიად წაიკითხეთ რისკების შესახებ გაფრთხილება, მოიძიეთ ინფორმაცია იმ ფინანსური ინსტრუმენტების შესახებ, რომლითაც უნდა ივაჭროთ და მხოლოდ ყოველივე ამის შემდეგ გადაწყვიტეთ, გიღირთ თუ არა ფულის დაბანდება ამ საქმიანობაში.

დაფიქრდით იმაზე, რამდენად გიღირთ FOREX-ში თანხის ინვესტირება

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების მარეგულირებელი ორგანოს - European Securities and Market Authority (ESMA) კვლევის  შედეგად, ევროპის მასშტაბით იმ მომხმარებლების 74–89% , ვინც CFD-ებში თანხას აბანდებს, დაბანდებულ თანხას მთლიანად აგებს. დაიმახსოვრეთ ოქროს წესიც: არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთოთ ნასესხები ფულის დაბანდება FOREX ბიზნესში.

დაფიქრდით თანხის დაკარგვის რისკზე

გაითვალისწინეთ, რომ ლიცენზირებული FOREX კომპანიის შემთხვევაშიც არსებობს იმის მაღალი შანსი, რომ ინვესტირებული თანხა მთლიანად დაკარგოთ. ლიცენზირებულ კომპანიაში ფულის დაბანდება ამცირებს თაღლითობის რისკს, თუმცა ვერანაირად ვერ დაგიცავთ ბაზარზე ფასების მოულოდნელი ცვლილებებისგან, რა შემთხვევაშიც, ფასების შემცირების გამო შესაძლებელია დაკარგოთ თანხა. FOREX-ზე არსებული ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობა მაღალრისკიანია და მოითხოვს სპეციფიურ ცოდნასა და მრავალწლიან გამოცდილებას!

თუ მაინც ფიქრობთ FOREX-ში თანხის დაბანდებას, შეარჩიეთ თანხის ის რაოდენობა, რომლის დაკარგვასაც მარტივად შეელევით.