რამდენადაც დაზღვევის საჭიროებას ცხოვრებაში არსებული რისკები განაპირობებს, ზოგადად შეიძლება ვთქვათ, რომ დაზღვევა იმდენგვარი შეიძლება არსებობდეს, რამდენნაირი რისკიც არსებობს. შესაძლოა, ბევრი უცნაური ან განსაკუთრებული დაზღვევის შესახებაც კი წაგიკითხავთ. თუმცა, თუ გამონაკლისებზე არ ვისაუბრებთ და, განსაკუთრებით, ქართულ ბაზარზე გავრცელებული დაზღვევის სტანდარტულ ტიპებზე შევჩერდებით, დაზღვევის არეალში მოქცეული ინტერესის შესაბამისად, სადაზღვევო პროდუქტები 3 ძირითადი მიმართულებით შეგვიძლია დავაჯგუფოთ:
- პირადი ინტერესების დაზღვევა,
- ქონებრივი ინტერესების დაზღვევა,
- პასუხისმგებლობის დაზღვევა.
პირადი ინტერესების დაზღვევა
პირადი დაზღვევის ძირითადი სახეებია: ჯანმრთელობის, სამოგზაურო და სიცოცხლის დაზღვევა.
ჯანმრთელობის დაზღვევა - ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკის წინაშე ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დადგეს, სამედიცინო მომსახურება და მედიკამენტები კი, ხშირ შემთხვევაში, არც თუ ისე მცირე ფინანსურ დანახარჯებს უკავშირდება. ჯანმრთელობის დაზღვევა შესაძლებლობას მოგცემთ, შეამციროთ ან სრულად აირიდოთ სამედიცინო ხარჯები. ამასთან, ჯანმრთელობის დაზღვევის პირობებით ზოგჯერ ხანგრძლივი შრომისუუნარობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაც ხდება, რაც დაზღვეულებისა თუ მათი ოჯახების ფინანსურ კეთილდღეობაზე ჯანმრთელობის მდგომარეობით გამოწვეულ შესაძლო უარყოფითი გავლენის რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს.
ჯანმრთელობის დაზღვევა შეიძლება იყოს როგორც კერძო, ისე სახელმწიფო (ამ შემთხვევაში, სახელმწიფო ანაზღაურებს მოსარგებლის სამედიცინო მომსახურების ხარჯებს). მსოფლიოში ჯანმრთელობის დაცვის მრავალნაირი სისტემა არსებობს, უმრავლეს შემთხვევაში კი კერძო და სახელმწიფო დაზღვევის სხვადასხვაგვარი კომბინაცია გვხვდება. საქართველოში 2013 წლიდან მოქმედებს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანსაც მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.
სამოგზაურო დაზღვევა ფარავს საზღვარგარეთ ან ქვეყნის შიგნით მოგზაურობის რისკებთან დაკავშირებულ ხარჯებს, როგორიცაა, მაგალითად, სამედიცინო მომსახურებასთან, მოგზაურობის გაუქმებასთან, დაკარგულ ბარგთან თუ სხვა გაუთვალისწინებელ შემთხვევებთან დაკავშირებული ხარჯები.
სიცოცხლის დაზღვევა ძირითადად დაზღვეული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი ოჯახის/მემკვიდრის მიერ ფულადი კომპენსაციის მიღებას უზრუნველყოფს. მსოფლიოში გავრცელებულია სიცოცხლის დაზღვევის სხვადასხვა სახეობა. სიცოცხლის დაზღვევა შესაძლებელია გარდაცვალების რისკს არც უკავშირდებოდეს (მაგალითად, სადაზღვევო კომპენსაციის გაცემა კონკრეტული ასაკის მიღწევისას მოხდეს). როგორც წესი, სიცოცხლის დაზღვევის სახეობები გრძლევადიანია. აღსანიშნავია, რომ საქართველოში სადაზღვევო ორგანიზაციების მხრიდან ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისში სიცოცხლის მოკლევადიანი დაზღვევის გაერთიანება მიღებული პრაქტიკაა.
ქონებრივი ინტერესების დაზღვევა
ქონების დაზღვევა საშუალებას იძლევა თავიდან იქნეს აცილებული იმ რისკებიდან გამომდინარე ხარჯები, რომლებიც უძრავ ან მოძრავ ქონებას შეიძლება დაემუქროს. არსებობს ქონების დაზღვევის არაერთი სახეობა, რომელიც შესაძლოა შემდეგნაირად დავაჯგუფოთ:
სასოფლო-სამეურნეო დაზღვევა (აგროდაზღვევა) შეიძლება მოიცავდეს სოფლის მეურნეობის კულტურების, ცხოველების, ფრინველების, თევზის და სასოფლო-სამეურნეო საწარმოების სხვა ქონების დაზღვევას. აგროდაზღვევა კარგი საშუალებაა სოფლის მეურნეობის მიმართულებით ისეთი რისკებისგან თავის დასაცავად, როგორიცაა სტიქიური უბედურებები (მათ შორის სეტყვა, ხანძარი, წყალდიდობა, გვალვა, და ა.შ.) ან მღრღნელებისა და მწერების მიერ სასოფლოსამეურნეო კულტურების დაზიანება.
ტრანსპორტის დაზღვევა - მოიცავს სატრანსპორტო საშუალებების (მაგ. ავტომობილების, გემებისა და თვითმფრინავების) დაზღვევას და მინიმუმამდე დაჰყავს, ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებული, გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯები.
სხვა სახის ქონების დაზღვევა - ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ დააზღვიონ საკუთარი ან ბიზნესის ქონება (მაგ. საცხოვრებელი თუ საოფისე შენობა-ნაგებობები, მანქანა-დანადგარები, შინაური ცხოველები, ავეჯი, ძვირფასეულობა) სხვადასხვა რისკისგან, როგორიცაა ქურდობა, ძარცვა-ყაჩაღობა, ვანდალიზმი, სტიქიური უბედურებები, და ა.შ. გაითვალისწინეთ, რომ დროთა განმავლობაში ქონების ცვეთისგან მიღებულ ზარალს დაზღვევა არ ანაზღაურებს.
პასუხისმგებლობის დაზღვევა
პასუხისმგებლობის დაზღვევა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საშუალებას აძლევს თავიდან აირიდონ ის ფინანსური ზარალი, რომელიც მათი საქმიანობის შედეგად მესამე პირის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის ან ქონებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთანაა დაკავშირებული. მესამე პირების წინაშე პასუხისმგებლობების დაზღვევა შეიძლება შემგდეგნაირად დავაჯგუფოთ:
პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა - იგი დაზღვეულ პირებს იცავს ისეთი შემთხვევებისგან, როდესაც ისინი, საკუთარი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში, უნებლიედ აყენებენ ზიანს მესამე პირებს. პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევით ხშირად სარგებლობენ ექიმები, აუდიტორები, არქიტექტორები და სხვა პროფესიის წარმომადგენლები. მაგალითისთვის, საქართველოში ნოტარიუსების უმრავლესობა სარგებლობს პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევით, რაც გულისხმობს, ნოტარიუსის საქმიანობის პროცესში, ნოტარიუსის გაუფრთხილებლობის გამო მესამე პირისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. ამას გარდა, მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებულია ექიმის მიერ პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევით სარგებლობაც, რაც ემსახურება სამედიცინო პროცედურებისა და კლინიკური კვლევების ჩატარებისას პაციენტისადმი მიყენებული ზიანით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას.
სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა - იგი მოიცავს, მათ შორის, დამსაქმებლის პასუხისმგებლობის დაზღვევას დასაქმებული პირის მიერ სამუშაო ადგილზე მიღებული დაზიანებისთვის, ასევე, მესამე პირისადმი ავტოტრანსპორტის მფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევას (რომელსაც ზოგჯერ ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევასაც უწოდებენ), რომელიც დამზღვევს დაეხმარება იმ შემთხვევაში, თუ მისი ბრალეულობით ავტომობილის მართვის დროს დაზიანდება სხვისი ავტომობილი, მესამე პირი ან ქონება. აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან, საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი, საზღვარგარეთ რეგისტრირებული ავტოტრანსპორტის მფლობელები ვალდებულნი არიან შეიძინონ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა. ამგვარი ვალდებულების გავრცელება იგეგმება საქართველოში რეგისტრირებული ავტოტრანსპორტის მფლობელებზეც. სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ერთ-ერთი ფორმაა ასევე ე.წ. მომატებული საფრთხის (საშიშ საწარმოთა) პასუხისმგებლობის დაზღვევა, რაც ფარავს მაღალი რისკის მქონე (მაგ. ბირთვული ან ქიმიური) საწარმოების მიერ მესამე პირებისთვის და გარემოსთვის მიყენებული ზარალის ხარჯებს.