სასაქონლო კრედიტი - ეს არის მომწოდებლისგან მიღებული საქონელი, რომლის საფასურსაც მეწარმე გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ იხდის. საფასურის გადახდის ვადა დამოკიდებულია პარტნიორთა შეთანხმებაზე; თუმცა ასეთ გარიგებას, როგორც წესი, გარკვეული პირობები უძღვის წინ, როგორიცაა: ხანგრძლივი პარტნიორული ურთიერთობა, კომპანიის რეპუტაცია, გარანტიები და სხვ.
სასაქონლო კრედიტის უპირატესობა არის ის, რომ ბიზნესს საშუალება აქვს არ შეაჩეროს საქმიანობა და/ან არ თქვას უარი სამუშაოს შესრულებაზე მხოლოდ იმის გამო, რომ იმ მომენტისთვის არ გააჩნია საკმარისი თანხა საბრუნავი საშუალებისთვის, მაგალითად, ნედლეულის შესაძენად.
მაგალითი: სადურგლო საამქრომ მიიღო დიდი რაოდენობის ავეჯის დამზადების შეკვეთა და მას არ გააჩნია საჭირო ოდენობის ხის მასალა. იმავდროულად, მას არ აქვს საკმარისი თანხა ახალი მასალის საყიდლად. საამქროს შეუძლია ისარგებლოს სასაქონლო კრედიტით და მიიღოს საჭირო ხის მასალა იმ ვადით, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ დამკვეთისთვის დაამზადოს ავეჯი და მიღებული საფასურით გაისტუმროს სასაქონლო კრედიტი.
სასაქონლო კრედიტის ერთ-ერთი უპირატესობაა ის, რომ მისი მიღება მარტივი პროცედურით ხდება, მოითხოვს ნაკლებ დროს, სესხის მიღებასთან შედარებით, და, როგორც წესი, არ საჭიროებს უზრუნველყოფას.
სასაქონლო კრედიტით სარგებლობისას გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი, რამაც შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს ბიზნესზე. მაგალითად, თუ ობიექტური ან სუბიექტური მიზეზის გამო (ვერ მოხერხდა საქონლის რეალიზაცია, მყიდველმა არ გადაიხადა თანხა დროულად და სხვა) მეწარმემ დააგვიანა მიღებული სასაქონლო კრედიტის გადახდა, ეს უარყოფითად აისახება მის რეპუტაციაზე და სამომავლოდ შესაძლებელია პარტნიორებმა და სხვა მომწოდებლებმა თავი შეიკავონ ამ მეწარმესთან ურთიერთობისგან.
თუ სასაქონლო კრედიტი უზრუნველყოფილია გარანტიით, მეწარმემ შესაძლოა დაკარგოს აღნიშნული უზრუნველყოფა (იხ. საბანკო გარანტია)
ასევე გასათვალისწინებელია, რომ სასაქონლო კრედიტის გამოყენებისას პარტნიორმა შესაძლებელია მეწარმეს საქონელი შესთავაზოს უფრო მაღალ ფასად, ვიდრე მის შეძენას მომენტალური გადახდის გზით შეძლებდა. ამ შემთხვევაში, სასაქონლო კრედიტს შესაძლოა საბანკო კრედიტი სჯობდეს. ბიზნესის პასუხისმგებლობაა გააანალიზოს ამ ორი ალტერნატივიდან რომელია ნაკლებ რისკებთან და დანახარჯებთან დაკავშირებული და გადაწყვეტილება შესაბამისად მიიღოს.
სესხის ძირითადი თანხა 12000 ლარი წლიური საპროცენტო განაკვეთი 17% სესხის გაცემის საკომისიო % 1% 2 თვეში დარიცხული პროცენტი 255,60 ლარი სესხის გაცემის საკომისიო 120 ლარი სულ ხარჯი 375,60 ლარი
მაგალითი: თქვენ გსურთ ავეჯის დასამზადებლად შეიძინოთ ხის მასალა. მასალის მთლიანი ღირებულებაა 12 000 ₾, თუმცა სასაქონლო კრედიტით სარგებლობის შემთხვევაში მასალის ფასი 13 500 ლარია და თანხა უნდა გადაიხადოთ 2 თვეში. სასაქონლო კრედიტით სარგებლობის გამო მასალა გიძვირდებათ 1 500 ლარით (13 500 ₾ - 12 000 ₾ = 1500 ₾). ჯამური 13 500 ₾ უნდა შეადაროთ იმ ვარიანტს, რომლის მიხედვითაც მასალის შეძენა სესხით გიწევთ. ამისთვის, თქვენ უნდა მიმართოთ დაფინანსების ალტერნატიულ წყაროს (ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და სხვა) და გაარკვიოთ, თუ რა დაგიჯდებათ 12 000 ლარის სესხება 2 თვით. მაგალითად, თუ თქვენ შეადარებთ სესხს, რომელსაც საფინანსო ინსტიტუტი გთავაზობთ 17% წლიური საპროცენტო განაკვეთით.
გამოდის, რომ სესხით სარგებლობა დაგიჯდებათ 375.60 ₾, ხოლო სასაქონლო კრედიტით სარგებლობა - 1 500 ₾. თუმცა, ასევე უნდა გაითვალისწინოთ ბიზნესისთვის საჭირო 12 000 ლარის მოძიების სისწრაფე; სასაქონლო კრედიტის დროს მასალის მიღებას შეძლებთ მომენტალურად, ხოლო სესხის მიღებას გარკვეული დრო სჭირდება.