საქორწინო ხელშეკრულება შესაძლოა დაიდოს როგორც ქორწინების რეგისტრაციამდე, ისე მისი რეგისტრაციის შემდეგ ნებისმიერ დროს, გარკვეული ვადით ან უვადოდ. მასში, ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები და მოვალეობებია გაწერილი.
საქორწინო ხელშეკრულება, ერთი შეხედვით, სულაც არ გამოიყურება რომანტიკულად. ის იურიდიული ძალის მქონე ფორმალურ დოკუმენტს წარმოადგენს. თუ წყვილი გადაწყვეტს, რომ სჭირდება საქორწინო ხელშეკრულება, მეუღლეები უნდა დაფიქრდნენ, რა სახის პირობებს და პასუხისმგებლობებს გაუწერენ ერთმანეთს. ზოგადი მოთხოვნაა, რომ პირობები იყოს სამართლიანი და ორივე მხარისათვის მისაღები. თუ წყვილი გადაწყვეტს საქორწინო ხელშეკრულების დადებას და მათ შესაბამისი სფეროს ცოდნა არ გააჩნიათ, შესაძლოა კონსულტაციის იურისტთან გავლაც.
თუ ქორწინებაში მყოფი წყვილის ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია ფინანსური დაცვის მექანიზმები, მაგალითად, როგორ მოხდება უძრავი ან სხვა სახის ქონების გაყოფა განქორწინების შემთხვევაში, ამან შესაძლოა, გაზარდოს მეუღლეებს შორის პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარ და ოჯახის ფინანსებთან მიმართებაში და განამტკიცოს ურთიერთობა მეუღლეებს შორის. მეუღლეები ზოგჯერ ნანობენ, რომ ფინანსებთან დაკავშირებით თავიდანვე მეტი ინფორმაცია არ გამოიკითხეს და მერეღა აღმოაჩინეს ესა თუ ის გარემოება.
პრაქტიკა აჩვენებს, რომ განქორწინებისას, საქორწინო ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში მეუღლეები გაცილებით ნაკლებ სულიერ და ფიზიკურ ძალებს ხარჯავენ ერთმანეთის მიმართ წაყენებული ქონებრივი პრეტენზიების გასარკვევად, ვიდრე ეს საქორწინო ხელშეკრულების არარსებობის პირობებში მოხდებოდა.
საქართველოში საქორწინო ხელშეკრულების გაფორმების პრაქტიკა ნაკლებადაა მიღებული.
გაითვალისწინეთ, მომავალ მეუღლესთან ერთად საქორწინო ხელშეკრულების პირობების განხილვა და შეჯერება, დაგაფიქრებთ ბევრ საკითხზე და ისეთ გაუთვალისწინებელ შემთხვევებზეც, რომლებმაც შესაძლოა მომავალში ქორწინება საფრთხის წინაშე დააყენოს.