რემონტის ტიპი და სავარუდო დანახარჯები
სარემონტო სამუშაოები განსხვავდება იმის მიხედვით, მხოლოდ კოსმეტიკურად აპირებთ ფართის შეცვლას, თუ ძირეულ ცვლილებებს ანუ კაპიტალურ რემონტს გეგმავთ.
ზოგადად, თუ სახლის სრულად გარემონტებას, შიდა ტიხრების გადაადგილებით, გაყვანილობის შეცვლა-მოწესრიგებით, დეკორაციების განახლებით გეგმავთ, ამ ტიპის რემონტი გენერალური ან კაპიტალური რემონტის სახელითაც შეიძლება მოიხსენიოთ. თუ ბინას ფლობთ შავი კარკასის მდგომარეობაში, ან თქვენი ბინის რემონტი იმდენად ძველია, რომ შესაცვლელია ყველა გაყვანილობა და, შესაბამისად, გასაახლებელია დეკორაციები, თქვენი რემონტი კაპიტალური რემონტი იქნება. თუ თქვენი მიზანი სახლის შიდა სივრცის გადახალისებაა, მაშინ თქვენს სამუშაოებს რეკონსტრუქციული შეგიძლიათ უწოდოთ. ამ დროს რემონტის ძირითად მიზანს, ოთახების გაერთიანება ან დაყოფა წარმოადგენს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მხოლოდ საცხოვრებლის ვიზუალური ცვლილება გსურთ, რემონტის ამ სახეს კოსმეტიკურ რემონტს უწოდებენ. ამ ტიპის რემონტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ იცვლება კედლების ფერი (კედლის საფარი, საღებავი), დეკორაციები, შესაძლოა, შეიცვალოს იატაკის საფარი, კაფელის და მეტლახის სტილი და სხვა მსგავსი, რაც გარემონტებულ ფართს შიდა ინტერიერს უცვლის.
რემონტის ტიპის განსაზღვრა არა მარტო ხარჯებისა და სარემონტო სამუშაოების ხანგრძლივობის გათვლაში დაგეხმარებათ, არამედ თავიდანვე დაგანახებთ დაგჭირდებათ თუ არა რემონტის პერიოდში დამატებითი/დროებითი საცხოვრებელი. თუ თქვენ კაპიტალური რემონტის დაწყებას გეგმავთ იმ ბინაში, სადაც ცხოვრობთ, შესაძლებელია ალტერნატიული საცხოვრებლის მოძიება დაგჭირდეთ. მაგალითად, თუ თქვენს საცხოვრებელ ფართში დაიწყება ელექტრო და საკანალიზაციო გაყვანილობების შეცვლა, კედლების დემონტაჟი, იატაკის საფარის შეცვლა, დიდი ალბათობით, გაგიჭირდებათ ან საერთოდ ვერ შეძლებთ, რემონტის პარალელურად იცხოვროთ ამ ბინაში. რატომ არის მნიშვნელოვანი რომ ეს ფაქტორი წინასწარ განსაზღვროთ? უპირველესად იმიტომ, რომ შეიძლება ბინის დაქირავება ან ახლობელთან გადასვლა დაგჭირდეთ გარკვეული პერიოდით. ეს კი ხარჯებთანაა დაკავშირებული. თუ თქვენ თავიდანვე არ გექნებათ ალტერნატიული საცხოვრებლის მოძიების ხარჯი გათვალისწინებული და რემონტის ბიუჯეტიდან აითვისებთ თანხას, ამან შესაძლოა ხელი შეგიშალოთ როგორც სარემონტო სამუშაოების დაწყებაში, ისე თანხის გეგმის მიხედვით ხარჯვაში.
სარემონტო სამუშაოების დაგეგმვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპს ბიუჯეტირება წარმოადგენს