ბირჟაზე ვაჭრობადი ფონდი - ETF (Exchange Traded Funds)-ები იმავე ტიპის ფინანსური ინსტრუმენტია, როგორიც საერთო ფონდი, იმ განსხვავებით, რომ ის ივაჭრება საფონდო ბირჟაზე და მისი აქციების შეძენა შესაძლებელია კომპანიის აქციების მსგავსად, ნებისმიერ დროს, როდესაც ბირჟა ღიაა. შესაბამისად, ETF-ები საერთო ფონდებისგან განსხვავებით, დამატებით გთავაზობენ მაღალ ლიკვიდურობას.
ბაზარზე არსებობს უამრავი სახის ETF, რომლებიც ძირითადად პასიურად იმართება და ბენჩმარკად იყენებენ სხვადასხვა სახის ინდექსებს, თუმცა მათგან ყველაზე ცნობილია შემდეგი ETF-ები:
- SPDR S&P 500 ETF (SPY) – ფლობს SPX (S&P 500) ინდექსში შემავალი კომპანიების ფასიან ქაღალდებს, ინდექსში არსებული პროპორციების შესაბამისად. აღნიშნული ფონდის 1 აქციის შეძენით 500 წამყვანი ამერიკული კომპანიის აქციების წილის მფლობელი, ხოლო თქვენი შემოსავლები დაკავშირებულია აღნიშნული 500 კომპანიის შედეგზე (შესაბამისი პროპორციებით).
- Invesco QQQ ETF (QQQ) – ფლობს NDX (Nasdaq-100 - ამერიკის NASDAQ ბირჟაზე დალისტული ტოპ-100 არაფინანსური აქციების ინდექსი) ინდექსში შემავალ კომპანიებს. აღნიშნული ფონდის ფასი შედარებით მაღალი რისკით ხასიათდება, რადგან აქვს მაღალი კონცენტრაცია სწრაფად განვითარებად ტექნოლოგიური სექტორის კომპანიებში და არ მოიცავს შედარებით სტაბილურ ფინანსურ კომპანიებს.
- SPDR Gold Shares ETF (GLD) – აღნიშნული ვაჭრობადი ფონდი ინახავს ფიზიკურ ოქროს, შესაბამისად, მისი აქციების შეძენით თქვენი კაპიტალი იცვლება ოქროს ფასის ცვლილების შესაბამისად. შეიძლება დაისვას კითხვა, რატომ უნდა შეიძინოს ინვესტორმა ოქროს ETF, როცა შეუძლია იყიდოს ფიზიკური ოქრო? ETF გთავაზობთ ლიკვიდურობას - შესაძლებელია მარტივად ყიდვა-გაყიდვა, არ საჭიროებს ფიზიკურად შეძენა-ტრანსპორტირება-შენახვის პროცედურებს და მასთან დაკავშირებულ შესაძლო ხარჯებს და ამასთან, მისი ფასი ზუსტად ისე იცვლება, როგორც ოქროს ფასი.
- iShares Bitcoin Trust (IBIT) – ფონდი ფიზიკურად ფლობს ბიტკოინს, შესაბამისად, მისი აქციის შეძენის შემთხვევაში, თქვენი კაპიტალი შეიცვლება ბიტკოინის ფასის ცვლილების შესაბამისად. აღნიშნული IBIT-ის შეძენის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ფონდი რეგულირდება ამერიკის კანონმდებლობის შესაბამისად და უფრო მეტ დაცულობას სთავაზობს ინვესტორებს თაღლითობისგან, ფიშინგისგან და ბიტკოინის ფლობასთან დაკავშირებული სხვა რისკებისგან).
ETF-ების შეძენა, აქციების მსგავსად, მარტივად არის შესაძლებელი როგორც ქართული წამყვანი ბანკების ინტერნეტბანკებისა და საბროკერო კომპანიების პლატფორმების მეშვეობით, ისე საერთაშორისო ლიცენზირებული ბროკერების მეშვებით.