საბრუნავი საშუალებების დაფინანსება
დებიტორული დავალიანების ზრდა ნიშნავს, რომ ბიზნესს ჰყავს კლიენტი, რომელიც მზად არის შეიძინოს დამატებითი რაოდენობის პროდუქცია თანხის შემდგომი გადახდის პირობით. ასეთ დროს კლიენტისგან თანხის მიღებამდე მეწარმეს შეიძლება დასჭირდეს გარკვეული ფინანსური რესურსი, რომლის შესავსებადაც მიმართავს საფინანსო ინსტიტუტს.
ზემოაღნიშნული მიზნობრიობით გაცემული სესხები, როგორც წესი, შედარებით მოკლევადიანია (1-36 თვე) და ბიზნესციკლის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული.
საბრუნავი საშუალებების დაფინანსების საჭიროებით სესხის გაცემამდე ფინანსური ინსტიტუტი ბიზნესის შესახებ გაეცნობა შემდეგ ინფორმაციას:
- დებიტორული დავალიანების მოცულობა - რა თანხა აქვს მისაღები მეწარმეს კლიენტებისგან, პროდუქციის ან მომსახურების მიწოდების სანაცვლოდ;
- დებიტორული დავალიანების ბრუნვა - საშუალოდ, რამდენ დღეში იხდის კლიენტი შეძენილი საქონლის/მომსახურების საფასურს;
- არსებული მარაგების მოცულობა;
- მარაგების ბრუნვა - საშუალოდ, რამდენი დღე ჩერდება კომპანიაში თითოეული გასაყიდი პროდუქტის სახეობა;
- კრედიტორული დავალიანების მოცულობა - რა ვალი მართებს კომპანიას მომწოდებლების მიმართ;
- კრედიტორული დავალიანების ბრუნვა - საშუალოდ, რა ვადაში ხდება მომწოდებლის დავალიანების გასტუმრება;
- გაყიდვების სეზონურობა.
ამ მონაცემების შესწავლით ფინანსური ინსტიტუტი ამოწმებს, თუ რამდენად სჭირდება ბიზნესს თანხა საბრუნავი საშუალებისთვის, ანუ რამდენად სწორად იყენებს ბიზნესი არსებულ რესურსებს პროდუქციის წარმოებისა და გაყიდვისთვის. ხშირ შემთხვევაში, შესაძლებელია ბიზნესს ჰქონდეს საშუალება სესხის გარეშე დაიფინანსოს თავი, თუმცა გრძელვადიანი დებიტორული დავალიანების, დიდი ოდენობით მარაგების ან სხვა პრობლემის გამო ხელთ არ ჰქონდეს საკმარისი თანხა საბრუნავი საშუალების დასაფინანსებლად. თუ ბიზნესი ამ პრობლემას გადაჭრის, შესაძლებელია დამატებითი ფინანსური რესურსი აღარ დასჭირდეს.
აღსანიშნავია, რომ სესხის გაცემამდე ფინანსური ინსტიტუტი აფასებს ბიზნესის როგორც არსებულ, ისე იმ საპროგნოზო ფინანსურ მდგომარეობას, რომელსაც საბრუნავი საშუალებების დაფინანსების მიზნობრიობით სესხის აღება გამოიწვევს. ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მიმდინარე ლიკვიდობის კოეფიციენტს (იხ. მიმდინარე ლიკვიდობის კოეფიციენტი).
საინვესტიციო/გრძელვადიანი სესხი
საინვესტიციო საჭიროებებისთვის უმჯობესია მეწარმემ გრძელვადიან სესხს მიმართოს. სესხის გაცემამდე ფინანსური ინსტიტუტი, ბიზნესის შემოსავლებისა და ხარჯების გარდა, აფასებს იმასაც, თუ რამდენად დროულად შეძლებს ბიზნესი სესხით შეძენილი საინვესტიციო საშუალებებით დამატებითი შემოსავლების მიღებას.
მაგალითი: თქვენ გსურთ შენობის აშენება და ფინანსურ ინსტიტუტს მოკლევადიანი სესხის მისაღებად მიმართავთ. ის შეაფასებს იმ რისკსაც, რომ მოკლე ვადაში ბიზნესს შესაძლოა გაუჭირდეს მშენებლობის დასრულება და, შესაბამისად, სესხის ვადებში ვერ მოასწროს შემოსავლის მიღება. ასეთ დროს ბიზნესს შეიძლება დასჭირდეს სესხის გადავადება (რესტრუქტურიზაცია) ან ახალი სესხის აღება ძველის გადაფარვის მიზნით. შესაბამისად, ფინანსური ორგანიზაცია გირჩევდათ ბიზნესის გრძელვადიანი საინვესტიციო საჭიროებისთვის მოკლევადიანი სესხის ნაცვლად გრძელვადიანი სესხის აღებას, რამდენადაც ამ შემთხვევაში დამფინანსებელი დარწმუნებული იქნება, რომ სესხის ვადებში ბიზნესი მოახერხებს შენობის აშენებას, მის ექსპლუატაციას და, შესაბამისად, შემოსავლის მიღებას, რაც უფრო გაუადვილებს მას სესხის გადახდას. სწორედ ამიტომ, სესხის მოთხოვნილ თანხასთან ერთად, ფინანსურ ინსტიტუტს აცნობთ სამოქმედო გეგმასაც - რა მიზნით და რა ვადებში დაიხარჯება მოთხოვნილი სესხის თანხა.
რაც უფრო გრძელვადიანია სესხი, მით უფრო მეტად არის ის რისკის შემცველი ფინანსური ორგანიზაციისთვის, რამდენადაც გრძელვადიან პერსპექტივაში რთულია დაზუსტებით განისაზღვროს შეექმნება თუ არა მეწარმეს გადახდასთან დაკავშირებული პრობლემები. ამ მიზეზით, გრძელვადიან სესხებს ფინანსური ორგანიზაციები, როგორც წესი, უზრუნველყოფით გასცემენ (იხ. სესხის უზრუნველყოფა).
დაბოლოს, აღსანიშნავია, რომ შესაძლოა სესხი გაიცეს კომბინირებული მიზნობრიობითაც - საბრუნავი და საინვესტიციო საჭიროებების ერთობლივად დასაფინანსებლად.