რა არის ინტერნეტბანკი?
ალბათ, ყველა თქვენგანს ჰქონია შემთხვევა, როდესაც სამსახურიდან თუ სახლიდან გაუსვლელად საბანკო მომსახურების მიღება ან კომუნალური მომსახურების გადახდა დაგჭირდათ, ან მეგობარმა გვიან ღამით თანხის ჩარიცხვა გთხოვათ სატელეფონო ანგარიშზე.
ასეთი შემთხვევებისთვის, როცა ბანკის ფილიალებისთვის არასამუშაო პერიოდია ან სახლიდან გასვლას ვერ ახერხებთ, არსებობს ინტერნეტბანკი, რომელიც საბანკო მომსახურებებებზე მუდმივ და, რაც მთავარია, ბანკში მიუსვლელად, ანუ დისტანციურ წვდომას გთავაზობთ.
ინტერნეტბანკი - ეს არის ელექტრონული საბანკო სისტემა, რომლითაც თქვენი მომსახურე ბანკი ინტერნეტის გამოყენებით, შესაბამისად, ნებისმიერი ადგილიდან, დროის ნებისმიერ მონაკვეთში თქვენს საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებისა და საბანკო ოპერაციების შესრულების შესაძლებლობას გთავაზობთ. ინტერნეტბანკით სარგებლობისთვის ბანკის მიერ სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილ ვებგვერდზე დაგჭირდებათ ავტორიზაციის გავლა.
როგორ შეგიძლიათ ინტერნეტბანკით სარგებლობა?
ინტერნეტბანკის მომსახურებით სარგებლობისთვის საჭიროა თქვენ მომსახურე ბანკს მიმართოთ და თქვენი მონაცემები დაარეგისტრიროთ.
ინტერნეტბანკით შეგიძლიათ ისარგებლოთ ინტერნეტბრაუზერიდან (მაგალითად, Google Chrome, Internet Explorer, Safari, ა.შ.) ინტერნეტბანკის სპეციალურ ვებგვერდის მისამართზე შესვლით.
ინტერნეტბანკში თქვენს საბანკო პროდუქტებსა და მონაცემებზე წვდომისა და ოპერაციების განხორციელებისთვის ბანკს შემუშავებული აქვს უსაფრთხოების დაცვის მექანიზმები. ინტერნეტბანკში შესვლამდე და, ასევე, მასში ოპერაციების განხორციელებამდე ბანკი გთხოვთ დაადასტუროთ, რომ მომსახურებით ნამდვილად თქვენ სარგებლობთ. მაგალითად:
ბანკი მოითხოვს ელ.ფოსტის ან მობილური ტელეფონის ნომრის მითითებას
ხშირად, ინტერნეტბანკის პირველადი გააქტიურებისას ბანკი გთხოვთ მიუთითოთ აქტიური ელექტრონული ფოსტა და/ან მობილური ტელეფონის ნომერი, რომელზეც საჭიროების შემთხვევაში გამოიგზავნება თქვენი მონაცემები. შემდგომ ურთიერთობაში აღნიშნული არხები გამოიყენება როგორც ბანკთან კომუნიკაციის დამატებითი საშუალებები.
ბანკი გადმოგცემთ მომხმარებლის უნიკალურ სახელს და პაროლს
ინტერნეტბანკის მომსახურების გააქტიურების შემდეგ ბანკის მხრიდან გადმოგეცემათ მომხმარებლის უნიკალური სახელი და პაროლი, რომლებიც საჭიროა სისტემაში შესასვლელად და რომელთა მესამე პირებისათვის გამხელა უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე დაუშვებელია. თუ ინტერნეტბანკის ჩართვისა და გააქტიურების შემდეგ ბანკის მხრიდან წინასწარ დაგენერირებული პაროლი გადმოგეცათ, როგორც წესი, მოითხოვება ამ პაროლის სისტემაში პირველად შესვლისთანავე შეცვლა. თქვენი მონაცემების უსაფრთხოებისთვის საჭიროა თქვენთვის მარტივად დასამახსოვრებელი, თუმცა სხვისთვის რთულად გამოსაცნობი პაროლი შექმნათ. ამიტომ, უმჯობესია პაროლის აწყობისას დიდი და პატარა ლათინური ასოები, ციფრები, დამატებითი სიმბოლოები და სხვა აუცილებლად გამოიყენოთ.
დამატებით, ბანკმა შესაძლოა მოითხოვოს ავტორიზაციის ერთჯერადი კოდიც
ინტერნეტბანკში შესვლისთვის, გარდა მომხმარებლის სახელის და პაროლის შეყვანისა, ბანკმა დამატებით შესაძლოა ავტორიზაციის ერთჯერადი კოდის შეყვანაც მოგთხოვოთ, რომელსაც ბანკი ინტერნეტბანკში ყოველი შესვლისას მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გამოგიგზავნით ან რომელსაც ე.წ. თოქენის საშუალებით დააგენერირებთ. თოქენი - ეს არის ფიზიკური ან ვირტუალური მოწყობილობა, რომელიც ოპერაციების ნამდვილობის დასადასტურებლად ერთჯერად კოდებს აგენერირებს. თოქენს ბანკი ფილიალში ვიზიტისას გადმოგცემთ. ასევე, ბანკები აპლიკაციის სახით შექმნილ თოქენსაც გთავაზობენ, რომელიც სმარტფონში შეგიძლიათ გადმოწეროთ.
საბანკო ოპერაციის დასადასტურებლად, ბანკი ასევე მოითხოვს ერთჯერად კოდს
ავტორიზაციასთან ერთად, ერთჯერადი კოდი ხშირად ინტერნეტბანკით განხორცილებული საბანკო ოპერაციების დასადასტურებლადაც გამოიყენება. ოპერაციები, რომლის დამატებითი დადასტურებაც ბანკმა შეიძლება მოგთხოვოთ, არის მესამე პირის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა როგორც იმავე, ისე სხვა ბანკში, ინტერნეტბანკით სხვა საბანკო პროდუქტების გააქტიურება და ა.შ.. კოდის შეყვანით ხორციელდება ოპერაციის ნამდვილობის დადასტურება.
ინტერნეტბანკის ფუნქციები
ინტერნეტბანკის საშუალებით შეგიძლიათ თითქმის ყველა იმ ოპერაციის შესრულება, რომელსაც ბანკში ვიზიტისას ასრულებთ და რომლის განსახორციელებლად ნაღდი ფული არ გჭირდებათ. სხვადასხვა ბანკის ინტერნეტბანკით განსახორციელებელი ტრანზაქციები ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა, როგორც წესი,
ინტერნეტბანკით შეგიძლიათ:
- თანხის გადარიცხვა თქვენს ანგარიშებს შორის, მათ შორის კონვერტაციის გზით;
- თანხის გადარიცხვა სხვის ანგარიშზე, იმავე ან სხვა ბანკში;
- საბიუჯეტო გადასახადების გადახდა;
- კომუნალური და სხვა გადასახდელების გადახდა;
- ახალი ანგარიშების გახსნა;
- ახალი საბანკო ბარათის შეკვეთა (როგორც სადებეტო, ასევე საკრედიტო);
- თქვენს ანგარიშებზე განხორციელებული ტრანზაქციების კონტროლი;
- ანგარიშების ამონაწერის ამოღება;
- სასესხო განაცხადის შევსება, აღებული სესხის მართვა, მათ შორის სესხის შენატანის გადახდა, სესხის დეტალების შესახებ ინფორმაციის მოძიება;
- დეპოზიტის გახსნა და ამ პროდუქტის შესახებ სრული ინფორმაციის მიღება, მათ შორის ვადაზე, საპროცენტო განაკვეთზე, დარიცხულ თანხაზე და სხვა;
- ბანკთან კომუნიკაცია მიმოწერის გზით;
იურიდიული პირების შემთხვევაში, ინტერნეტბანკით სარგებლობისას დამატებით შეგიძლიათ:
- ინტერნეტბანკის მომხმარებელი ერთდროულად არა ერთი, არამედ რამდენიმე ადამიანი გახადოთ;
- თითოეულ მომხმარებელს განუსაზღვროთ კონკრეტული ოპერაციები, რომელთა განხორცილების უფლებაც აქვს მინიჭებული;
- ერთ მომხმარებელს მეორე მომხმარებლის მიერ შესრულებული ტრანზაქციის კონტროლის ფუნქციაც მიანიჭოთ;
- გააკონტროლოთ თითოეული მომხმარებლის მიერ შესრულებული ტრანზაქციები.
ინტერნეტბანკით სარგებლობის ხარჯები
ინტერნეტბანკის რეგისტრაცია და მისი საშუალებით საბანკო ოპერაციების შესრულება გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ინტერნეტბანკით სარგებლობის ხარჯებს ბანკები ინდივიდუალურად განსაზღვრავენ. ეს ხარჯები შეიძლება მოიცავდეს:
- ინტერნეტბანკის აქტივაციის საფასურს;
- ინტერნეტბანკით სარგებლობის ყოველთვიურ (ან სხვა პერიოდულ) გადასახადს;
- ინტერნეტბანკით შესრულებული ტრანზაქციების საკომისიოს, რომელიც როგორც წესი, ემთხვევა ბანკის სერვის-ცენტრიდან შესრულებული ტრანზაქციის საკომისიოს.
ინტერნეტბანკის ხარჯებთან მიმართებით გასათვალისწინებელია, რომ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული „ფინანსური ორგანიზაციების მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის“ მიხედვით, თუ ბანკს გააჩნია მომსახურების რომელიმე დისტანციური არხი (მათ შორის ინტერნეტბანკი და მობილბანკი), მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკი ვალდებულია ყოველგვარი დამატებითი ხარჯისა და საკომისიოს გარეშე მისცეს მას წვდომა ამავე ბანკში არსებულ ფინანსურ პროდუქტებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე მინიმუმ ერთი დისტანციური არხის საშუალებით.
ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად დისტანციური საბანკო პროდუქტებიც ვითარდება და, შესაბამისად, ინტერნეტბანკის მომსახურებებიც უფრო მრავალფეროვანი ხდება. ეს საშუალებას გაძლევთ ნებისმიერ დროს სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ თითქმის სრული საბანკო მომსახურება.
ინტერნეტბანკის უსაფრთხოება
ინტერნეტბანკის უსაფრთხო გამოყენებისთვის უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:
აკონტროლეთ ტრანზაქციები
ინტერნეტბანკის საშუალებით მუდმივად აკონტროლეთ ანგარიშზე არსებული ნაშთი და თქვენს ანგარიშზე განხორციელებული ტრანზაციები - თანხის ჩარიცხვა, ანგარიშიდან ჩამოჭრა, და ა.შ. საკუთარი ანგარიშების კონტროლი SMS ბანკითაც შეგიძლიათ, რომელიც საშუალებას გაძლევთ ბანკში დაფიქსირებულ მობილური ტელეფონის ნომერზე მიიღოთ სხვადასხვა სახის მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც თქვენს საბანკო ანგარიშებს ეხება.
გამოიყენეთ რთული ავტორიზაცია
გამოიყენეთ რთული ავტორიზაცია ინტერნეტბანკით შესრულებული ოპერაციების განხორციელებისას, კერძოდ, ნებისმიერი ტრანზაქციის შესრულების დადასტურება ერთჯერადი კოდით, რომელიც მომხმარებელთან იგზავნება, მაგალითად, SMS-ის საშუალებით ან თოქენის გამოყენებით.
პერიოდულად შეცვალეთ პაროლი
ბანკის რეკომენდებული პერიოდულობით განაახლეთ პაროლი. პაროლის შერჩევისას შეადგინეთ სიმბოლოთა რთული კომბინაცია.
არ გაანდოთ პაროლი მესამე პირს
შეინახეთ პაროლი ისე, რომ ის ხელმისაწვდომი არ იყოს მესამე პირებისთვის, არ გადასცეთ ინტერნეტბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი მესამე პირს.
არ დაამახსოვრებინოთ ინფორმაცია ბრაუზერს
არ დაამახსოვრებინოთ ინტერნეტბრაუზერს თქვენი ინტერნეტბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი.
დააკვირდით ინტერნეტბანკის ვებმისამართს
ინტერნეტბანკის გვერდის გახსნისას ყურადღება მიაქციეთ საიტის დაცულობას; საიტის უსაფრთხოების ერთ-ერთი მექანიზმია ინტერნეტტრანზაქციების დაცულ ვებგვერდებზე განხორციელება, სადაც ვებგვერდის მისამართი იწყება https://-ით ან shttp:// და არა http://-ით. ვებგვერდის დაცულობაზე ასევე მიუთითებს ჩაკეტილი მწვანე ბოქლომის სიმბოლო, რომელიც ვებგვერდის მისამართის ველში ჩანს და რომელზე დაჭერითაც შეგიძლიათ ვებგვერდის სანდოობისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი სერტიფიკატის ნახვა.
არ გადახვიდეთ ინტერნეტბანკში გამოგზავნილი ბმულიდან
ინტერნეტბანკის ვებგვერდის მისამართი ყოველთვის თავად აკრიფეთ და არ ისარგებლოთ გამოგზავნილი ბმულებით.