ინვესტირება ინდივიდუალურ აქტივში
ეს ნიშნავს აარჩიოთ და იყიდოთ ცალკეული აქტივები, როგორებიცაა: აქცია, ობლიგაცია, უძრავი ქონება (საცხოვრებელი ან/და კომერციული უძრავი ქონება), ძვირფასი ლითონები (ოქრო, ვერცხლი). როდესაც ინვესტირებისთვის არჩევთ ინდივიდუალურ აქტივს, ზუსტად იცით, სად მიდის თქვენი ფული და შედარებით მეტი კონტროლი გაქვთ აღნიშნულ აქტივზე. თუ სწორად შეარჩევთ აქტივს, მაგალითად, იყიდით მზარდი კომპანიის აქციებს და მისი ფასი საგრძნობლად გაიზრდება, მიიღებთ დიდ შემოსავალს (მოგებას). თუმცა, ცალკეული აქტივის ან აქტივების ყიდვა შედარებით მაღალ რისკთან არის დაკავშირებული, რადგან თქვენი მთელი დანაზოგი კონცენტრირებულია ერთ ან რამდენიმე აქტივში და ერთი აქტივიდან მიღებული დანაკარგი მთლიანი ინვესტიციის დიდ ნაწილს შეიძლება მოიცავდეს. მაგალითისთვის, თუ მთელი დანაზოგი თანაბრად გაანაწილეთ ორი კომპანიის აქციაში და ამათგან ერთ-ერთი კომპანია გაკოტრდა, დანაზოგის 50%-ს დაკარგავთ. შესაბამისად, სწორი, წარმატებული გადაწყვეტილების მიღება მეტ ცოდნას, დროს და რესურსს მოითხოვს. მაგალითად, პერსპექტიული კომპანიების ან პერსპექტიული უძრავი ქონების იდენტიფიცირება და შერჩევა.
ინვესტირება საინვესტიციო ფონდებში
დამწყები ინვესტორებისთვის არსებობს ინვესტირების უფრო ხელსაყრელი, ალტერნატიული მეთოდიც, რაც გულისხმობს კოლექტიურ ფონდებში ფულის დაბანდებას. აღნიშნული ფონდები აგროვებსენ ფულად სახსრებს მრავალი ინვესტორისგან და შემდგომ ერთიანად აბანდებენ სხვადასხვა აქტივებში იქნება ეს აქციები, კორპორაციული თუ სახელმწიფო ობლიგაციები, უძრავი ქონება თუ მრავალი სხვა. ასეთ ფონდებში ინვესტირებით, თქვენ ხდებით დივერსიფიცირებული (შემოსავლის წყაროები და რისკები მრავალ აქტივზეა გადანაწილებული) პორტფელის წილის მფლობელი. ეს, რა თქმა უნდა, შედარებით ნაკლებად რისკიანია, ვიდრე მთელი დანაზოგის ერთ ან რამდენიმე ინდივიდუალურ აქტივში განთავსება. საინვესტიციო ფონდების მაგალითებია ერთობლივი ფონდი (mutual fund), ბირჟაზე ვაჭრობადი ფონდი (exchange-traded fund - ETFs) და ინდექს ფონდი (index fund). თითოეულ მათგანს გააჩნია ინდივიდუალური მახასიათებლები, ერთი შესაძლოა მხოლოდ ტექნოლოგიური კომპანიების აქციებს ფლობდეს, მეორე - სხვადასხვა ეკონომიკურ ინდუსტრიებში არსებული კომპანიების აქციებს, მესამე კი მხოლოდ ამერიკის სახაზინო ობლიგაციებში ახორციელებდეს ინვესტირებას. გასათვალისწინებელია, რომ ინდივიდუალურ აქტივებში ინვესტირებისგან განსხვავებით, ფონდს მართავს პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ამ მომსახურებაში იღებს გარკვეულ გასამრჯელოს, რასაც თქვენივე მოგებიდან იხდით..
ინვესტირების თითოეულ ფორმას აქვს მისთვის დამახასიათებელი რისკები და ზრდის პოტენციალი, უპირატესობები დანაკლოვანებები. ზოგიერთ აქტივში (ან ფონდში) ინვესტირება შედარებით ნაკლებად რისკიანია (საბანკო დეპოზიტი, სახელმწიფო ობლიგაცია), თუმცა პოტენციური სარგებელიც შედარებით ნაკლებია; სხვა აქტივები შესაძლოა შედარებით მაღალ პოტენციურ სარგებელს გთავაზობდეთ (ინდივიდუალური აქციები, კრიპტოვალუტა, ჰეჯ ფონდები (hedge funds) და ა.შ.), თუმცა როგორც წესი, მათ თან ახლავთ შედარებით მაღალი რისკიც. ძირითადად, მაღალი პოტენციური შემოსავლის უკან მაღალი რისკი დგას.