კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ახალი ოჯახის საცხოვრებელი

ოჯახის შექმნამდე ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ, მომავალი საცხოვრებელი ადგილია. შესაძლოა, ერთ-ერთი მეუღლის მშობელთან ცხოვრება, ბინის შეძენა ან სულაც ქირით ცხოვრება გადაწყვიტოთ. თქვენს ნებისმიერ გადაწყვეტილებას თან ახლავს რიგი გასათვალისწინებელი ფინანსური საკითხები და კარგი იქნება, თუ მათზეც წინასწარ დაფიქრდებით. 

მშობლებთან ცხოვრება

საქართველოში, ახლადშექმნილი ოჯახი ხშირად ცხოვრებას მშობლებთან ერთად აგრძელებს. ამას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. შესაძლოა, მშობლებს აქვთ დიდი და ტევადი სახლი ან ახლად დაოჯახებულ წყვილს არ გააჩნია საკმარისი ფინანსური სახსრები დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის. ამ შემთხვევაში მშობლებთან ერთად ცხოვრება, ალბათ, საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება.

მშობლებთან ცხოვრებას თავისი დადებითი მხარეები აქვს ახლად შექმნილი ოჯახისთვის. შეგიძლიათ განიხილოთ და შეთანხმდეთ ისეთი ხარჯების გადანაწილების თაობაზე, როგორიცაა, მაგალითად კომუნალური გადასახადი, საკვები ხარჯები და ა.შ. ამ დროს თქვენ უფრო მარტივად გააკეთებთ დანაზოგს თქვენი სამომავლო მიზნებისთვის. მშობლებთან ცხოვრებას, სხვა არამატერიალური სიკეთეების მოტანაც შეუძლიათ. მათ შეუძლიათ საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება გაგიზიაროთ, მოგცეთ რჩევები სხვადასხვა სიტუაციასთან გასამკლავებლად და, თუნდაც, გემრიელი კერძის მომზადების რეცეპტი გასწავლონ. 

ბინის დაქირავება

თუ თქვენ გადაწყვეტთ ბინის დაქირავებას, წინასწარ მოგიწევთ ბინის ქირის საფასურსა და სხვა ხარჯებზე დაფიქრება და მათი მოცულობის გამოთვლა. 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ფინანსურად დამოუკიდებელი წყვილი ხართ და, ფიქრობთ, რომ ყველა ხარჯს თავად გაუმკლავდებით, კარგი იქნება, თუ წინასწარ შეადგენთ თქვენი ოჯახის საპროგნოზო ბიუჯეტს. ამისათვის საჭიროა დააჯამოთ თქვენი საპროგნოზო, ანუ სამომავლოდ მოსალოდნელი შემოსავალი და გამოაკლოთ ყველა მოსალოდნელი საპროგნოზო ხარჯი და ის თანხა, რომელსაც დანაზოგის სახით თქვენი სამომავლო მიზნებისთვის გადადებთ. 

საპროგნოზო შემოსავალში  გაითვალისწინეთ თქვენი შემოსავალი ხელფასიდან, სტიპენდიიდან, დამატებითი შესრულებული სამუშაოდან, ან შესაძლოა მშობლებისგან ყოველთვიურად მიღებული გარკვეული თანხა. საპროგნოზო ხარჯში კი აუცილებელია გაითვალისწინოთ ყველა ის ხარჯი, რომლის გაწევაც მოგიწევთ თვის განმავლობაში. ამ ხარჯებში უნდა გაითვალისწინოთ კომუნალური გადასახადი, საკვების და ტრანსპორტის საფასური, სამოსის, განტვირთვის და სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯი. 

მას შემდეგ, რაც თქვენს საპროგნოზო შემოსავალს დააჯამებთ, გამოაკელით დაგეგმილი დანაზოგებისა და  საპროგნოზო ხარჯების ჯამური მოცულობა. იმის მიხედვით, დადებითი იქნება მიღებული სხვაობა თუ უარყოფითი,  თქვენ შეძლებთ დარწმუნდეთ, თუ რამდენად ხელმისაწვდომია თქვენთვის ბინის ქირის საფასურის გადახდა სხვა ხარჯებთან გამკლავების პარალელურად. უფრო მეტ ინფორმაციას ბიუჯეტირებასა და მის მნიშვნელობაზე შეგიძლიათ აქ გაეცნოთ

ბინის დაქირავებისას, ასევე, მნიშვნელოვანია იმაზე დაფიქრება, ხომ არ იქნებოდა უკეთესი ყოველთვიურად ქირაში თანხის გადახდის ნაცვლად თანხის სესხად აღება და ბინის შეძენა. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, თქვენი ოჯახის შემოსავალი უნდა აკმაყოფილებდეს სესხის აღებისთვის საჭირო პირობებს, და შეთავაზებული უზრუნველყოფაც საკმარისი და მისაღები უნდა იყოს გამსესხებლისთვის.            

ბინის შეძენა

ოჯახის შექმნისთანავე წყვილები, ხშირად, საკუთარი ბინის შეძენის და ცალკე ცხოვრების გადაწყვეტილებას ღებულობენ. 

თუ თქვენ ამ შენაძენის განხორციელებაში  მშობლების  ან სულაც, თქვენივე დანაზოგი დაგეხმარებათ, ეს ძალიან კარგი იქნება. 

დღეს არავის გაუკვირდება, თუ ამ შენაძენს სესხის დახმარებით განახორციელებთ. თუმცა, ეს არაა მარტივი გადაწყვეტილება და დიდი პასუხისმგებლობასაც უკავშირდება. სესხის აღებისას ბინის შესაძენად, პირველ რიგში, თქვენ უნდა დააკმაყოფილოთ ფინანსური ორგანიზაციის მოთხოვნები. შემდეგ თავად კარგად უნდა დაფიქრდეთ და ქირის გადაწყვეტილების განსჯის მსგავსად, შეადგინოთ საპროგნოზო ბიუჯეტი და დარწმუნდეთ, რომ შეძლებთ ყოველთვიურად სესხის თანხის გადახდას. დიდი ალბათობით, სესხის გადახდა მრავალი წლის განმავლობაში მოგიწევთ, ამიტომ წინასწარ დაფიქრება გმართებთ, მომავალში შესაძლო ფინანსურ გამოწვევებსა და მათთან დაკავშირებულ დამატებით ხარჯებზე, მაგალითად, ბავშვის დაბადების შემდეგ. უფრო დეტალურად ბინის იპოთეკური სესხით შეძენასთან დაკავშირებულ საკითხებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.