რა გზებით არის შესაძლებელი ოქროში ინვესტირება?
ტრადიციულად, გავრცელებულია ოქროში ინვესტირების რამდენიმე ძირითადი გზა:
ოქროს სამკაულების შეძენა
ყველაზე ძველი, თუმცა თანამედროვე ფინანსურ სამყაროში ნაკლებად პოპულარული მეთოდი.
ოქროს მონეტებისა და ზოდების შეძენა
"ფიზიკურ ოქროში" ინვესტირების საუკეთესო ფორმა. ძირითადად ამ შესაძლებლობას ინვესტორებს სთავაზობენ ცენტრალური და კომერციული ბანკები, ასევე ლიცენზირებული ოქროს დილერები. ოქროს მონეტებისა და ზოდების შეძენა შესაძლებელია საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ონლაინ მაღაზიაში.
ოქროს სერთიფიკატების შეძენა
ოქროს სერთიფიკატებს ძირითადად გამოსცემენ ცენტრალური ბანკები, მთავრობები და ზარაფხანები (Mint). სერთიფიკატში განსაზღვრულია ოქროს მოცულობა, რომელსაც ფლობთ და, შესაბამისად, ოქროს ფასის ცვლილების შესაბამისად იცვლება ოქროს სერტიფიკატის ფასიც, ამასთან, ის ძირითადად გამყარებულია ფიზიკური ოქროთი, რომელიც ინახება საცავში (allocated gold certificate). სერთიფიკატის შეძენა ოქროში ინვესტირების ერთ-ერთ ყველაზე მოქნილი ფორმაა. ფიზიკურად ოქროს ფლობა არ გიწევთ, რაც დამატებითი რისკებისა და ხარჯებისგან გიცავთ(თუ დიდი მოცულობის ოქროზეა საუბარი, მას სპეციალურად მოწყობილი საცავი სჭირდება შესაბამისი ტემპერატურით და პირობებით, რაც თავის მხრივ დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული), ლიკვიდურია (შეგიძლიათ ინტერნეტით მარტივად შეძენა და გაყიდვა) და დაცულია საცავში. ოქროს სერთიფიკატების შეძენა შესაძლებელია საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ონლაინ მაღაზიაში.
ბირჟაზე ვაჭრობადი ოქროს ფონდების (ETF) აქციების შეძენა
ლიკვიდური ფინანსური ინსტრუმენტი, რომლის ფასიც ოქროს (ვერცხლის) ფასის ცვლილებას მიყვება. შესაბამისად, თუ მოლოდინი გაქვთ რომ ოქროს (ვერცხლის) ფასი გაიზრდება, ფიზიკური ოქროს (ვერცხლის) შეძენის ნაცვლად, შეგიძლიათ შეიძინოთ აღნიშნული ინსტრუმენტი. SPDR Gold Shares (GLD) წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ოქროს ETF-ს, ხოლო iShares Silver Trust (SLV) - ვერცხლის ETF-ს. მათი შეძენა შესაძლებელია როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური ბროკერების მეშვეობით.
ოქროს მომპოვებელი კომპანიების აქციების და მათი ETF-ების აქციების შეძენა
ეს უფრო აქციებით ვაჭრობის ნაწილია და ასეთი კომპანიების აქციების ფასები გარდა ოქროს ფასისა დამოკიდებულია სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებზეც. შეიძლება ოქროს ფასი გაიზარდოს, მაგრამ ოქროს მომპოვებელი კომპანიის აქციების ფასი შემცირდეს და პირიქით. VanEck Gold Miners ETF (GDX) წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ETF-ს, რომელიც ფლობს ამერიკული და უცხოური კომპანიების აქციებს, რომლებიც მოიპოვებენ ოქროს, ვერცხლს და სხვა ძვირფას ლითონებს.
ძვირფას ლითონებში ინვესტირების უპირატესობები
გარდა ფასის ზრდის პოტენციალისა, ძვირფას ლითონებში (განსაკუთრებით ოქროში) ინვესტირების მთავარი უპირატესობა კაპიტალის დაცულობისა და დივერსიფიკაციის შესაძლებლობაში გამოიხატება. ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისების დროს, როდესაც აქციების ფასები ეცემა, ვალუტა უფასურდება, სხვადასხვა ინსტრუმენტები კარგავენ სანდოობას და რისკები იზრდება, ოქროს ფასი ძირითადად შედარებით მეტი სტაბილურობით გამოირჩევა და ხშირ შემთხვევაში მისი ფასი იზრდება კიდეც. მაგალითად, 2008 წლის იანვრიდან 2011 წლის სექტემბრის ჩათვლით ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბირჟაზე ვაჭრობადი ფონდის - SPY-ს (ამერიკის წამყვანი 500 კომპანიის ETF) აქციების ფასი დაახლოებით 22%-ით შემცირდა, ხოლო ამავე პერიოდში ოქროს ფასი დაახლოებით 95%-ით გაიზარდა.
ძვირფას ლითონებში ინვესტირების რისკები
ძვირფას ლითონებს არ მოაქვს რეგულარული შემოსავალი
ოქროს ზოდის შეძენის შემთხვევაში თქვენ ვერ მივიღებთ პერიოდულ სარგებელს, რასაც ობლიგაციები, აქციები (დივიდენდების შემთხვევაში) და სხვა ფინანსური ინსტრუმენტები გთავაზობენ. შემოსავლის მიღების ერთადერთი გზა არის გაყიდოთ მაშინ, როდესაც ფასი გაიზრდება.
ზრდის ნაკლები პოტენციალი
აქციების ფასთან შედარებით, ძვირფასი ლითონების ფასს ზრდის შედარებით ნაკლები პოტენციალი შეიძლება გააჩნდეს. მაგალითად, 2011 წელს 1 უნცია ოქროს ფასმა 1900 დოლარს გადააჭარბა, ხოლო შემდეგი თვიდან კლება დაიწყო და 2020 წლამდე იგივე ნიშნულს აღარ დაბრუნებია. ასევე, 1 უნცია ვერცხლის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმ 49-50 დოლარს 2011 წელს მიაღწია, ხოლო მას შემდეგ ფასი ეტაპობრივად დაეცა და მიუხედავად შემდგომი ზრდისა, აღნიშნულ მაქსიმუმს აღარ დაბრუნებია. 2025 წლის თებერვლის მდგომარეობით 1 უნცია ვერცხლის ფასი 33 დოლარის ფარგლებში იყო.
შენახვის ხარჯები
როდესაც დიდი რაოდენობის ფიზიკურ ოქროს ფლობთ, მას შესაბამისი შენახვის პირობები სჭირდება.
საერთო ჯამში, საინვესტიციო პორტფელში სხვა აქტივებთან ერთად ოქროს დამატებით (იქნება ის ფიზიკური ფორმით თუ ETF-ების ან ოქროს სერტიფიკატების სახით) თქვენი კაპიტალი უფრო მეტად დივერსიფიცირებული და კრიზისულ სიტუაციებში უფრო მეტად დაცული იქნება.