ტერმინები
-
ავანსი
ნივთის/მომსახურების ხელშეკრულებით ან გარიგებით განსაზღვრული მთლიანი საფასურის წინასწარ გადახდილი ნაწილი.
-
ავტომატური გადახდების მომსახურება
საბანკო პროდუქტი, რომელიც გულისხმობს მომხმარებლის მიერ ბანკისთვის წინასწარ მიცემულ დავალებას კონკრეტული თარიღის ან პერიოდისთვის თანხის ავტომატურად, მომხმარებლის დამატებითი ინიცირების გარეშე, გადარიცხვის შესახებ.
-
აკრედიტივი
მომსახურება, რომლის მიხედვითაც, საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია, თავისი კლიენტის მოთხოვნით, კონკრეტული, წინასწარ შეთანხმებული დოკუმენტის წარდგენის სანაცვლოდ, მესამე პირს გადაუხადოს თანხა.
-
ანგარიში IBAN ფორმატით
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საბანკო ანგარიში (აბრევიატურა სახელწოდებიდან - International Bank Account Number). იგი გამოიყენება თანხის გადარიცხვისას როგორც ქვეყნის შიგნით ისე გარეთ. IBAN ანგარიშების გამოყენებისას მცირდება ანგარიშის ნომრის შეცდომით მითითების ალბათობა და, ხშირ შემთხვევაში, გადარიცხული სახსრების მიმღების ანგარიშზე ასახვისთვის საჭირო დროც. საქართველოს IBAN ანგარიშის ფორმატი შედგება 22 სიმბოლოსგან.
-
ანგარიში მიმდინარე
საბანკო ანგარიში, რომელიც იხსნება უვადოდ და გამოიყენება სხვადასხვა ოპერაციისთვის, მათ შორის: თანხის შეტანა, გატანა, გადარიცხვა, ვალუტის კონვერტაცია. ანგარიში შესაძლებელია იყოს ერთვალუტიანი, რომელზეც ფულადი ოპერაციების შესრულება მხოლოდ ერთი ვალუტით არის შესაძლებელი და მულტისავალუტო, რომელზეც განთავსებულია რამდენიმე ვალუტის ფულადი სახსრები და სასურველი ვალუტით ანგარიშსწორების შესაძლებლობას იძლევა ვალუტის კონვერტაციის გარეშე.
-
ანგარიშის მომსახურების საკომისიო
კომერციულ ბანკში გახსნილი ანგარიშის მომსახურების საფასური, რომლის გადახდა ხორციელდება ხელშეკრულებაში მითითებული პერიოდულობით.
-
ანგარიშფაქტურა (საგადასახადო)
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომელსაც მიმწოდებელი მხარე უწერს საქონლის /მომსახურების მიმღებს და შეიცავს დეტალურ ინფორმაციას გარიგების შესახებ: გარიგების მხარეებს, მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების აღწერას, ფასსა და მიწოდების დროს.
-
ანუიტეტი
სესხის დაფარვის ფორმა, რომელიც გულისხმობს თანაბარი პერიოდულობით თანაბარი მოცულობის შენატანების გადახდას, რომლებიც შედგება როგორც ძირითადი თანხისგან, ისე დარიცხული პროცენტისგან.
-
აქტივი
პირის (ფიზიკური, იურიდიული) განკარგულებაში არსებული გარკვეული ღირებულების მქონე მატერიალური რესურსი (მაგ.: ფული, შენობა-ნაგებობები, მანქანა-დანადგარები, ინვენტარი) და/ან არამატერიალური რესურსი (მაგ.: პატენტი, ლიცენზია, პროგრამული უზრუნველყოფა).
-
ბანკი
ფინანსური დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა ფინანსურ ოპერაციას, მათ შორის, გასცემს სესხებს, იღებს დეპოზიტებს, აწარმოებს ფულად ანგარიშსწორებას და ა.შ. ...
-
ბანკომატი
თვითმომსახურების ელექტრონული პროგრამულ-ტექნიკური მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც საგადახდო ბარათის მფლობელს დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია ანგარიშიდან ნაღდი ფულის გამოტანა (ზოგიერთი ბანკომატით – ფულის ანგარიშზე შეტანაც), ანგარიშზე არსებული ნაშთის შემოწმება, გადახდების შესრულება და სხვა.
-
ბიზნესგეგმა
დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობისა და ბაზარზე არსებული ვითარების შესახებ და, ასევე, ასახავს საწარმოს მომავალი განვითარების გეგმას.
-
ბიზნესოვერდრაფტი
საფინანსო ინსტიტუტის მიერ მეწარმეებისთვის განკუთვნილი მოკლევადიანი სესხის სახეობა, რომელიც გათვალისწინებულია მოკლევადიანი ვალდებულებების გასასტუმრებლად, მაგ.: ხელფასი, იჯარა და სხვ. ბიზნესოვერდრაფტი დაიშვება მეწარმის/საწარმოს მიმდინარე ანგარიშზე.
-
გადახდისუნარიანობა
მსესხებელი პირის უნარი/შესაძლებლობა, თავისი შემოსავლის, ხარჯებისა და ვალდებულებების გათვალისწინებით, დროულად და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, დააბრუნოს აღებული კრედიტი.