კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

რჩევები სტუდენტობის პერიოდის ხარჯებისთვის მოსამზადებლად

აწარმოეთ ბიუჯეტი 

ფინანსურ გამოწვევებთან გასამკლავებლად ყველაზე საუკეთესო გზა პირადი ბიუჯეტის წარმოებაა. შემოსავლებისა და ხარჯების მუდმივი მონიტორინგი, ასევე, ფინანსური მიზნების დასახვა და მათ მისაღწევად დანაზოგის შექმნა თქვენი გეგმების ფინანსურად უზრუნველყოფაში დაგეხმარებათ . პირადი ბიუჯეტის წარმოება დაგეხმარებათ, ასევე, ხარჯვითი სტრუქტურის შეცვლაშიც. შეგიძლიათ პერიოდულად გააკონტროლოთ, სად იხარჯება თქვენი თანხა და განსაზღვროთ, ამ ხარჯებიდან რაზე შეგიძლიათ უარის თქმა ან რომელი ხარჯის შემცირებაა შესაძლებელი, იმისთვის, რომ მეტი თანხა გამოათავისუფლოთ დაზოგვის ან სხვა მიზნის დაფინანსებისთვის. მაგალითად, შეგიძლიათ შეცვალოთ სატელევიზიო არხების პაკეტი უფრო დაბალი ღირებულების სერვისით, თუ თქვენ არ სარგებლობთ ყველა არხით, ასევე, შეგიძლიათ შეცვალოთ ინტერნეტის მოწოდების სისწრაფე, თუ მისი ცვლილება თქვენს საქმიანობას არ გაართულებს. ხარჯების დაბალანსება სურსათის და გართობის ხარჯის კორექტირებითაც შეგიძლიათ. მაგალითად, თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენი ხარჯების დიდ ნაწილს იკავებს ტკბილეული, გასართობად დაუგეგმავი გასვლები მეგობრებთან ერთად, საკვები, რომელსაც ბოლომდე ვერ მოიხმართ და მისი გადაყრა/განადგურება გიწევთ, შეგიძლიათ, ამ ქცევების ცვლილება დაიწყოთ. მაგალითად, შეგიძლიათ დაგეგმოთ, რამდენი გასართობი ღონისძიების დაფინანსება შეგიძლიათ და მხოლოდ ამ ღონისძიებაზე წახვიდეთ, შეამციროთ ტკბილეულის მოხმარება ან იმ პროდუქტის რაოდენობა, რომელსაც ზედმეტობით ყიდულობთ. მოკლედ რომ ვთქვათ, პირადი ბიუჯეტის წარმოება ნებისმიერი გამოწვევისთვის მოგამზადებთ, რომელიც ფინანსურ მხარდაჭერას საჭიროებს, ის  გაუთვალისწინებელ სიტუაციებში მოქნილობასაც მოგანიჭებთ,

შეეცადეთ, დასაქმდეთ არასრულ განაკვეთზე 

სწავლის პროცესში მნიშვნელოვანია ყურადღების მაქსიმალური კონცენტრირება. სასურველია, თუ თქვენი დროის დიდი ნაწილი სწორედ სწავლას დაეთმობა, თუმცა კარგია, თუ დაფიქრდებით დამატებით შემოსავალზეც. ხშირად, სტუდენტებისთვის არსებობს დასაქმების შეთავაზებები, რომელიც მოქნილია და შეძლებთ, შეუთავსოთ სასწავლო განრიგს. ამ ტიპის სამუშაო საუკეთესო ვარიანტია, იმისთვის, რომ მიიღოთ გამოცდილება, ისწავლოთ თქვენს ხელთ არსებული დროის მართვა და მიიღოთ თქვენი შემოსავალი.

ისარგებლეთ სტუდენტური შეთავაზებებით 

ვინაიდან სტუდენტური პერიოდი საკმაოდ დატვირთულია სიახლეებით, როგორც სწავლის, ისე გართობის მიმართულებებით, საჭიროა გონივრულად წარმართოთ თქვენი თითოეული ნაბიჯი. სტუდენტებისთვის საკმაოდ მრავალფეროვანი შეთავაზებები არსებობს სხვადასხვა სექტორში. მთავარია, არ დაიზაროთ მოძიება. ხშირია ფასდაკლებები ტრანსპორტირებაზე, კინოსა და თეატრის ბილეთებზე. ასევე, არსებობს ფასდაკლებების ვებგვერდები, რომელზეც (არა მხოლოდ სტუდენტებს) შეგიძლიათ მოიძიოთ ფასდაკლება სხვადასხვა პროდუქტსა თუ მომსახურებაზე.

ყურადღება მიაქციეთ აკადემიურ მოსწრებას 

როდესაც სტუდენტობას გადაწყვეტთ, მნიშვნელოვანია, ორიენტაცია ხარისხიანად სწავლასა და შესაბამისად, კარგ აკადემიურ მოსწრებაზე (ანუ თქვენს შედეგებზე სასაწავლო საგნებში) აიღოთ. ეს საკითხი ორმაგად მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, კარგი სწავლით თქვენ შეძლებთ, მაქსიმალურად აითვისოთ სასწავლო დისციპლინები, რაც მომავალში  მათი პრაქტიკაში რეალიზაციის მიმართულებით დაგეხმარებათ. გარდა ამისა, კარგ აკადემიურ მოსწრებას, ხშირ შემთხვევაში, ფინანსური სარგებლის მოტანაც შეუძლია. სასწავლებლების უმრავლესობა წარჩინებულ სტუდენტებს სთავაზობს სტიპენდიას, სწავლის საფასურის გადავადებას, ზოგ შემთხვევაში კი უფასო სწავლასაც. შიდა დაფინანსებისა და სტიპენდიების შესახებ ინფორმაციის მიღებას შეძლებთ თავად უნივერსიტეტებში. გარდა ზემოთაღნიშნულისა, მაღალი შეფასებების მქონე სტუდენტები უფრო ხშირად ღებულობენ სასწავლებლის რეკომენდაციას, რაც ხშირად ეხმარებათ მათ პირველი სამსახურის დაწყებაში. მაღალი აკადემიური მოსწრება დაგეხმარებათ, ასევე, საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობისა და სწავლის  დაფინანსების მოპოვებაშიც.

გაინაწილეთ ხარჯი სხვა სტუდენტებთან 

სტუდენტობის პერიოდს თან მრავალი ხარჯი ახლავს. იმისთვის, რომ ამ ხარჯების დაბალანსება შეძლოთ, შეგიძლიათ სხვა სტუდენტებთან ერთად გადაინაწილოთ ხარჯები. მაგალითად, თუ თქვენ ტაქსით მგზავრობა გიწევთ უნივერსიტეტში მისასვლელად, შეგიძლიათ დაიმგზავროთ თქვენს სიახლოვეს მცხოვრები სტუდენტი და მგზავრობის ხარჯი გაინაწილოთ. ხარჯის განაწილება საუკეთესო ეკონომიის საშუალებაა იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენ ბინის დაქირავება გიწევთ. შეგიძლიათ, საცხოვრებელი იქირაოთ სხვა ადამიანთან ერთად და ამით შეიმციროთ თქვენი ხარჯები ქირაზე.

გამოიყენეთ ოჯახის დახმარება 

ვინაიდან სტუდენტობის პერიოდი ცხოვრების პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილებაა და ხშირად დამოუკიდებლად ცხოვრებასთან ასოცირდება, საწყის პერიოდზე დაგჭირდებათ როგორც ფინანსური, ისე მორალური მხარდაჭერა. არსებობს სხვადასხვა ფინანსური პროდუქტი, რომელიც შეიძლება დაიხმაროთ ამ პერიოდში, თუმცა შემოსავლის დასტაბილურებამდე უმჯობესია, თავი შეიკავოთ საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობისგან. სირთულეების დროს შეგიძლიათ დასახმარებლად ოჯახის წევრებს მიმართოთ. მათ ყველაზე კარგად იციან თქვენი ხარჯვის მანერა, ასევე, საოჯახო ხარჯებთან გამკლავების ხერხები.