კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

დეპოზიტის პირობები

საბანკო დეპოზიტების  პირობები განსხვავებულია, მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ თანხა დააგროვოთ როგორც არარეგულარულად, ისე პერიოდული თანხის დამატებით, შეგიძლიათ უკვე არსებული ან შეგროვებული თანხა განათავსოთ იმ პირობით, რომ არ გამოიტანთ მას ბანკთან წინასწარ შეთანხმებული ვადის განმავლობაში. დეპოზიტის ტიპის არჩევისას შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ თქვენი შემოსავლისა და ხარჯების ხასიათის შესაბამისად და თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი შემოთავაზება აირჩიოთ. საბანკო დეპოზიტებზე, რომლებიც თანხის დასაგროვებლად გამოიყენება, როგორც წესი, სავალდებულო დანამატების მოცულობა დაბალია, რაც საშუალებას იძლევა, ნებისმიერი შემოსავლის არსებობის შემთხვევაში დაიწყოთ დაზოგვა. 

დეპოზიტების პირობები განსხვავდება მათი ტიპების მიხედვით, თუმცა თუნდაც იდენტური ტიპის დეპოზიტებს შეიძლება სხვადასხვა ბანკში განსხვავებული პირობები ჰქონდეს. თქვენ მიერ შერჩეული დეპოზიტის  პირობები აუცილებლად უნდა დაზუსტდეს მომსახურე ბანკში. თუმცა ყველა დეპოზიტთან დაკავშირებით, არსებობს საერთო/ზოგადი საკითხებიც, რომლებიც დეპოზიტის ტიპის მიუხედავად აქტუალური და საყურადღებოა თქვენთვის, როგორც მეანაბრისთვის.

სადეპოზიტო ანგარიშის გახსნის გზები

დღესდღეობით ბანკები დეპოზიტის გააქტიურებისა და მისი მართვის სხვადასხვა მოქნილ მეთოდს გთავაზობენ. თუ თქვენ უკვე ხართ რომელიმე ბანკის მომხმარებელი და იმ ბანკში გადაწყვეტთ სადეპოზიტო ანგარიშის გახსნას, ძირითადად 2 არჩევანს შემოგთავაზებენ: დეპოზიტი გახსნათ ბანკში ვიზიტით ან, თუ დროის დაზოგვა გსურთ, ინტერნეტბანკის გამოყენებითაც. იმ შემთხვევაში, თუ არ ხართ ბანკის მომხმარებელი და არ გაქვთ აქტიური ანგარიში, მაშინ სადეპოზიტო ანგარიშის გასახსნელად დაგჭირდებათ ბანკში ვიზიტი.

დეპოზიტზე თანხის ავტომატური შეგროვება

თანხის დაგროვების განსხვავებულ მეთოდად შეგვიძლია განვიხილოთ  ავტომატური შეგროვების შესაძლებლობები, რომლებსაც კომერციული ბანკები სთავაზობენ მომხმარებლებს. ეს არის პროდუქტი, რომლის გააქტიურებითაც მომსახურე ბანკს აძლევთ დავალებას, თქვენ მიერ სადებეტო ბარათით განხორციელებული გადახდების შესაბამისად გადაიტანოს თანხა სადეპოზიტო ანგარიშზე.

ანაბარზე თანხის განთავსების პირობა

თუ თქვენი დეპოზიტი საშუალებას გაძლევთ პერიოდულად დაამატოთ თანხა ანგარიშზე, თანხის განთავსების გზებიც მრავალფეროვანია და შესაძლოა განსხვავებული იყოს სხვადასხვა ბანკის მიერ შემოთავაზებული პირობების მიხედვით: დეპოზიტზე თანხის დამატება შეგიძლიათ როგორც ბანკში ვიზიტით და ნაღდი თანხის შეტანით, ისე დისტანციურად თანხის ანგარიშზე ჩარიცხვით ან სწრაფი გადახდის აპარატით შეტანით. 

დეპოზიტზე თანხის განთავსება/დამატება მესამე პირის მიერ

ხშირად, არა მარტო დეპოზიტის მფლობელს, არამედ ნებისმიერ მესამე პირსაც შეუძლია თანხის დამატება დეპოზიტზე. ამ შემთხვევაში, როგორც წესი, საჭიროა მესამე პირს ჰქონდეს დეპოზიტის ანგარიში ნომერი. გასათვალისწინებელია, რომ თუ თანხას დეპოზიტზე მესამე პირი განათავსებს, მას სტანდარტულად არ ექნება უფლება შეიტყოს დეპოზიტის დეტალები: მოქმედების ვადა, არსებული თანხა, დარიცხული/დასარიცხი სარგებელი და სხვა. თუ თქვენ გექნებათ სურვილი ეს უფლება მიანიჭოთ პირს, დაგჭირდებათ ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, რომლის საფუძველზეც ბანკი ამ ინფორმაციას გასცემს. 

დეპოზიტის ანგარიშიდან თანხის გატანის პირობა

დეპოზიტის ტიპის მიხედვით შეგიძლიათ განსაზღვროთ, თუ რა პირობით აითვისებთ/გაიტანთ დაგროვებულ თანხას თუ მის ნაწილს.

მოთხოვნამდე დეპოზიტი

სტანდარტულად, მოთხოვნამდე ტიპის დეპოზიტის გახსნისას, თქვენი თანხის მიღება შეგეძლებათ ნებისმიერ დროს. თუმცა, რაც ამ ტიპის დეპოზიტისას უნდა გაითვალისწინოთ და დააზუსტოთ, ხომ არ არის ბანკში დაწესებული თანხის გატანის დღიური ან სხვა ტიპის ლიმიტები. სხვადასხვა ბანკსა და სხვადასხვა დეპოზიტზე აღნიშნული დეტალები შესაძლოა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, ამიტომ ხელშეკრულების გაფორმებამდე ბანკთან დააზუსტეთ აღნიშნული საკითხი.

ვადიანი დეპოზიტი

ვადიანი ტიპის დეპოზიტის შემთხვევაში, თანხის გატანა, როგორც წესი, დეპოზიტის ვადის გასვლის შემდეგ შეგეძლებათ. ხოლო, თუ თქვენ თანხის ვადაზე ადრე გატანა გადაწყვიტეთ, ეს ხელშეკრულების პირობის დარღვევაა და ბანკი უფლებას იტოვებს, წინასწარ შეთანხმებული პირგასამტეხლო გაავრცელოს. ან, რიგ შემთხვევაში, წინასწარი წერილობითი განცხადება მოითხოვოს. პირგასამტეხლო, ძირითადად, შემცირებულ დარიცხულ საპროცენტო სარგებელში გამოიხატება, ანუ ის უფრო ნაკლები ოდენობით დაგერიცხებათ, ვიდრე შეთანხმებული ვადის ბოლოს გატანის შემთხვევაში იქნებოდა. შეიძლება, სარგებელი დაკორექტირდეს და უფრო მცირე თვეზე განსაზღვრული პროცენტი დაგერიცხოთ. მაგალითად, თუ თქვენ 6 თვით გახსნილ დეპოზიტს 3 თვეში დაარღვევთ, ბანკი 3 თვიანი ანაბრისთვის განკუთვნილ წლიურ პროცენტს დაგარიცხავთ 3 თვეზე, ან დაგერიცხებათ ანაბრის დარღვევისთვის წინასწარ დადგენილი პროცენტის სხვა, გარკვეული წესით შემცირებული მოცულობა. თუ თქვენ დეპოზიტი ვადაზე ადრე დაარღვიეთ მას შემდეგ, რაც შეთანხმებული განაკვეთის მიხედვით დაანგარიშებული საპროცენტო სარგებელი უკვე აღებული გაქვთ, დეპოზიტის გახსნისას ან სხვა, შეთანხმებული პერიოდულობით, სარგებლის გადაანგარიშებისას მეტობით გატანილი თანხა დეპოზიტის ძირითადი თანხიდან ჩამოგეჭრებათ. მაგალითად, თუ 6 თვიან დეპოზიტზე ჯამურად გეკუთვნოდათ 100 ლარი საპროცენტო სარგებელი, რომელიც ანაბრის გახსნისთანავე წინასწარ მიიღეთ, მაგრამ ანაბარი დაარღვიეთ 3 თვეში, ხოლო გადაანგარიშებული საპროცენტო სარგებელი 20 ლარია, ზედმეტობა ანუ 80 ლარი ანაბრის თანხიდან ჩამოიჭრება. 

დეპოზიტზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვის ტიპები

დეპოზიტებზე შეგხვდებათ სარგებლის დარიცხვის ორი ტიპი - მარტივი და რთული.

მარტივი დარიცხვა

მარტივი დარიცხვისას ბანკი სარგებელს დაარიცხავს მხოლოდ იმ თანხას, რაც თქვენ შეგაქვთ დეპოზიტის ანგარიშზე.

რთული დარიცხვა

სარგებლის რთული პრინციპით დარიცხვისას, სარგებელი დაერიცხება არა მხოლოდ თქვენ მიერ შეტანილ თანხას, არამედ გასულ პერიოდში თქვენ თანხაზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანხასაც.

ქართულ ბაზარზე ძირითადად, მოთხოვნამდე ტიპის დეპოზიტებზე სარგებლის დარიცხვა ხდება რთული პრინციპით, ხოლო ვადიანი დეპოზიტების უმრავლესობაზე სარგებელი ირიცხება მარტივი დარიცხვის პრინციპით.

დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი

დეპოზიტების სხვადასხვა ალტერნატივების შედარებისას ყურადღება მიაქციეთ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი გამოხატავს როგორც დეპოზიტზე დასარიცხი სარგებლის, ისე მასთან დაკავშირებული ყველა ხარჯს თითოეულის მიღებისა თუ გადახდის ვადის გათვალისწინებით. შესაბამისად, ერთნაირი ვადების მქონე ანაბრების შედარებისას ეფექტური საპროცენტო განაკვეთი დაგეხმარებათ თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი შეთავაზების არჩევაში.

იხილეთ ასევე: დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის კალკულატორი

დეპოზიტებზე დარიცხული სარგებლის გატანის პირობა

დეპოზიტებზე დარიცხული სარგებლის გატანის სხვადასხვა შესაძლებლობა გაქვთ. თუ მოთხოვნამდე ტიპის დეპოზიტით სარგებლობთ, პროცენტის თანხის ათვისება შეგიძლიათ მხოლოდ მისი დარიცხვის შემდეგ, ხოლო თუ ვადიანი ტიპის დეპოზიტს გახსნით, ბანკმა შეიძლება მოგცეთ სარგებლის წინსწრებით, ვადის ბოლოს ან ყოველთვიურად გატანის უფლება. გასათვალისწინებელია, რომ წინასწარ და ყოველთვიურად სარგებლის გატანის უფლებით სარგებლობისას მისაღები საპროცენტო განაკვეთი შესაძლოა უფრო ნაკლები იყოს, ვიდრე ვადის ბოლოს სარგებლის გატანისას გექნებოდათ.

ძირითადად, საბანკო დეპოზიტზე განცხადებული ნომინალური საპროცენტო განაკვეთი წლიურია, რაც ნიშნავს რომ თუ თქვენ გსურთ მისაღები სარგებლის დათვლა, უნდა დაიანგარიშოთ დეპოზიტის ვადის პროპორციის შესაბამისად. მაგალითად, თუ ანაბარზე განათავსებთ 1000 ლარს, სამი თვით, წლიური სარგებლით - 5%. ეს ნიშნავს რომ 1000 ლარზე დაგერიცხებათ წლიურად დასარიცხი 5%-ის (ანუ, 1000*5%=50 ლარის) 3 თვეზე გაანგარიშებული წილი (50 ლარი /12 თვე * 3 თვე =12.5 ლარი). ზოგჯერ სარგებლის დაანგარიშება ხდება არა თვეების, არამედ დღეების სიზუსტითაც. ამ შემთხვევაში 3 თვეზე ან პირობითად 90 დღეზე გასაცემი სარგებლის დაანგარიშება განხორციელდება შემდეგი ფორმული: 50 ლარი/365 დღე*90 დღე=12,3 ლარი.

იხილეთ ასევე: რა თანხას დავზოგავ დეპოზიტზე?

როდის შეძლებთ საპროცენტო სარგებლის მიღებას?

ამ კითხვაზე სხვადასხვა პასუხი შეიძლება მიიღოთ. ბანკები ინდივიდუალურად განსაზღვრავენ და ამ პირობას მათს შეთავაზებებში გაეცნობით, თუმცა, ძირითადად, არჩევანი შეგიძლიათ გააკეთოთ სარგებლის მიღების სამ ვარიანტს შორის: შეგიძლიათ სარგებელი მიიღოთ ანაბრის გახსნისთანავე, პერიოდულად (მაგალითად, ყოველთვიურად) ანაბრის მოქმედების მთალი ვადის განმავლობაში ან ანაბრის ვადის დასრულების შემდეგ. გასათვალისწინებელია, რომ ხშირად წინასწარ ან ყოველთვიურად სარგებლის მიღების პირობას თუ აირჩევთ, ბანკი გთავაზობთ განსხვავებულ, როგორც წესი, უფრო დაბალ საპროცენტო განაკვეთს, ვიდრე ანაბრის ბოლოს სარგებლის მიღების შემთხვევაში. 

ანაბრის გახსნისთვის საჭირო თანხის მინიმალური მოცულობა

ანაბრის გახსნისას აუცილებლად დააზუსტეთ არის თუ არა განსაზღვრული თანხის მინიმალური მოცულობა, რომლის არსებობის შემთხვევაშიც იწყება ანაბარზე სარგებლის დარიცხვა. რიგ შემთხვევაში, ანაბრის გახსნა შესაძლოა, ნებისმიერი თანხითაც კი იყოს შესაძლებელი, თუმცა სარგებლის დარიცხვა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დეპოზიტის ანგარიშზე თანხა გარკვეულ ზღვარს გადააჭარბებს.  

დეპოზიტის ხელშეკრულება

სადეპოზიტო ანგარიშის გახსნისას ბანკი მომხმარებელთან აფორმებს დეპოზიტის ხელშეკრულებას. ბანკი ვალდებულია, ხელშეკრულებაში ასახოს ყველა მნიშვნელოვანი დეტალი, რაც დეპოზიტის მომსახურებას ეხება. დეპოზიტის ხელშეკრულებას სავალდებულოდ უნდა ჰქონდეს თავსართი, სადაც მოცემულია აუცილებელი ინფორმაცია, რომელსაც უნდა გაეცნოთ ხელშეკრულების ხელმოწერამდე. სადეპოზიტო ხელშეკრულება მოიცავს ინფორმაციას, ანაბრის ვადის, საპროცენტო სარგებლის განაკვეთის ოდენობის, სარგებლის დარიცხვის მეთოდისა და პერიოდულობის შესახებ. აქვე მოიძიებთ ინფორმაციას სარგებელი ფიქსირებულია ფიქსირებულია, თუ შესაძლებელია მისი ცვლილება. ხელშეკრულებაში ასევე მოცემულია სხვა ყველა დაკავშირებული პირობა, მათ შორის დეპოზიტის ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგები. გახსოვდეთ, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით თანხმობას აცხადებთ მასში აღნიშნულ ყველა პირობაზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, ხელმოწერამდე დეტალურად გაეცნოთ მოცემულ ინფორმაციას და კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართოთ მომსახურე ბანკს.

დეპოზიტების დაზღვევა - 2018 წლიდან საქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ ბანკში არსებული დანაზოგი დაზღვეულია, რაც მათი უსაფრთხოებისა და დაცულობის კიდევ უფრო მაღალ დონეს განაპირობებს.