თანხის გადარიცხვის გზები
ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად დგება ფულის სხვის ანგარიშზე გადარიცხვის საჭიროება სხვადასხვა მიზნებისთვის: იქნება ეს რაიმე ნივთის ან მომსახურების ღირებულების გადახდა, თანხის სხვა ბანკში გახსნილ ანგარიშზე შეგროვება თუ მეგობრისთვის თანხის მიცემა. თანხის გადარიცხვისათვის შესაძლოა გამოიყენოთ სხვადასხვა მეთოდი.
რა დაგიჯდებათ და რა დროს მოითხოვს თანხის გადარიცხვა დამოკიდებულია იმაზე, თუ გადარიცხვის რომელ მეთოდს გამოიყენებთ. თანხის გადარიცხვა შესაძლებელია საბანკო ანგარიშით და საბანკო ანგარიშის გარეშე, ანუ ფულადი გზავნილით საშუალებით. აღნიშნულის განხორციელება, როგორც წესი, შესაძლებელია როგორც ბანკში მისვლით, ისე დისტანციურადაც, ინტერნეტბანკის თუ მობილბანკის გამოყენებით.
თანხის გადარიცხვა ფიზიკური პირის ანგარიშიდან
როდესაც თანხას საბანკო ანგარიშის გამოყენებით რიცხავთ ფიზიკური პირის ანგარიშიდან, შესაძლებლობა გაქვთ თანხა გადარიცხოთ:
- სხვა ბანკში ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ;
- ბანკის შიგნით;
- როგორც ეროვნულ, ასევე უცხოურ ვალუტაში;
- როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების ანგარიშებზე;
- საკუთარ ანგარიშებს შორის ან სხვა პირის ანგარიშზე;
- სტანდარტული ან დაჩქარებული მეთოდით;
- თქვენი ან სხვა პირის სახელით (საბიუჯეტო გადარიცხვების შემთხვევაში);
შეგიძლიათ თქვენი ანგარიშიდან თანხის გადარიცხვის უფლება მიანიჭოთ მესამე პირს მინდობილობით.
თანხის გადარიცხვისას საჭირო ინფორმაცია
თანხის გადარიცხვისას შეიძლება დაგჭირდეთ შემდეგი მონაცემების მითითება ან ფილიალში წარდგენა:
- მიმღების ანგარიშის ნომერი სპეციალურ, ე.წ. IBAN ფორმატში;
- მიმღების დასახელება: სახელი და გვარი საბუთის მიხედვით ან ორგანიზაციის დასახელება;
- გადარიცხვის დანიშნულება;
- გადასარიცხი თანხის ოდენობა;
- მიმღები ბანკის კოდი / SWIFT
- შუამავალი ბანკის კოდი / SWIFT
- თუ თანხას თვენი ანგარიშიდან ბიუჯეტის სასარგებლოდ რიცხავთ, დაგჭირდებათ სახაზინო კოდი.
საბანკო მომსახურების მიღებისას, რომელ არხსაც უნდა იყენებდეთ, დაგჭირდებათ საიდენტიფიკაციო მონაცემების წარდგენა. ბანკის ფილიალიდან გადარიცხვისას საჭიროა წარადგინოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი - მაგალითად, პასპორტი, პირადობის მოწმობა ან ნებისმიერი ოფიციალური დოკუმენტი რომელზეც ფიქსირდება თქვენი პირადი მონაცემები და შესაძლებელს ხდის თქვენს იდენტიფიკაციას. გაითვალისწინეთ, რომ იდენტიფიკაციისთვის საჭირო დოკუმენტის შესახებ სპეციფიკურ მოთხოვნებს დამატებით შესაძლოა თავად მომსახურე ბანკიც ადგენდეს. გადარიცხვის დისტანციურად განხორციელებისას კი დაგჭირდებათ ინტერნეტბანკის სისტემაში შესასვლელი მონაცემების შეყვანა შესაბამის აპლიკაციაში ან ინტერნეტ ბრაუზერში.
თანხის გადარიცხვის პირობები
იმის მიხედვით, თუ რომელი არხით ან სად ირიცხება თანხა, თანხის გადარიცხვის პირობები, როგორც წესი, განსხვავებულია.
გადარიცხვა იმავე ბანკში
როდესაც გადარიცხვა ხდება ერთსა და იმავე ბანკში გახსნილ ანგარიშებს შორის (როგორც საკუთარ ანგარიშებს შორის, ისე სხვა პირის ანგარიშზე გადარიცხვისას), როგორც წესი:
- არ დაგეკისრებათ გადარიცხვის საკომისიო;
- გადარიცხვის შესრულება და თანხის მიმღების ანგარიშზე ასახვა ხდება გაცილებით სწრაფად, უმეტესწილად, მომენტალურად.
გადარიცხვა სხვა ბანკში
როდესაც გადარიცხვას ახორციელებთ სხვადასხვა ბანკში გახსნილ ანგარიშებს შორის (როგორც საკუთარ ანგარიშებზე, ასევე, სხვასთან გადარიცხვისას), როგორც წესი:
- გიწევთ გადარიცხვის საკომისიოს გადახდა. ბანკები გადარიცხვის საკომისიოს ოდენობას ინდივიდუალურად განსაზღვრავენ;
- გადარიცხვის შესრულება შესაძლებელია მოხდეს გადარიცხვის შესულების დღეს ან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. ბანკები ინდივიდუალურად განსაზღვრავენ თუ რომელ საათამდეა შესაძლებელი თანხის გადარიცხვის განხორციელება, რომ მიმღებმა იმავე დღეს მიიღოს თანხა.
გადარიცხვის დადასტურება
იმის მიუხედავად, თანხას ერთი ბანკის შიგნით რიცხავთ თუ სხვა ბანკში უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, დაგჭირდებათ გადარიცხვის დადასტურება ერთჯერადი კოდით.
იმის მიხედვით, თანხას ბანკის ფილიალიდან რიცხავთ თუ დისტანციური არხის გამოყენებით (მაგ. ინტერნეტბანკით, მობილბანკით), გადარიცხვის დადასტურება სხვადასხვა ფორმით შეიძლება მოგიწიოთ. მაგალითად, გადარიცხვის დამადასტურებელი კოდი შეიძლება მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS-ით) მიიღოთ ტელეფონის იმ ნომერზე, რომელიც თქვენს მომსახურე ბანკში საკონტაქტო ნომრად დააფიქსირეთ. ბანკმა შესაძლოა ასევე გადმოგცეთ სპეციალური მოწყობილობა, რომელიც ყოველი ახალი გადარიცხვის დასადასტურებლად საჭირო კოდს დააგენერირებს. მიღებული კოდი საჭიროა ინტერნეტბანკის სისტემის შესაბამის გრაფაში შეიყვანოთ.
უცხოურ ვალუტაში გადარიცხვა
დამატებით, იმ შემთხვევაში, თუ თანხას სხვა ბანკში და უცხოურ ვალუტაში რიცხავთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ:
- გადარიცხვის საკომისიო ეროვნულ ვალუტაში გადარიცხვასთან შედარებით მაღალია;
- დამატებით დაგჭირდებათ მიმღები და, არსებობისას, შუამავალი ბანკის SWIFT კოდის მითითება.
SWIFT კოდი 8 ან 11 ნიშნიანი საერთაშორისო საბანკო კოდია, რომელიც ყველა ბანკისთვის უნიკალურია და საშუალებას იძლევა მსოფლიო მასშტაბით მოხდეს თითოეული მათგანის იდენტიფიცირება.
დამატებითი მომსახურება გადარიცხვების შესასრულებლად
თუ გარკვეული პერიოდულობით გიწევთ თანხის გადარიცხვა, ბანკები გაძლევენ საშუალებას ისეთი მომსახურებით ისარგებლოთ, რომლებიც დროს დაგიზოგავთ და გადარიცხვის პროცესს გაგიმარტივებთ:
ავტომატური გადარიცხვების მომსახურება
ეს საბანკო სერვისი საშუალებას გაძლევთ თქვენი ანგარიშიდან გარკვეული პერიოდულობით ავტომატურად გადარიცხოთ განსაზღვრული თანხა. ავტომატური გადარიცხვები შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგალითად, სწავლის საფასურის, ყოველთვიური კომუნალური გადახდებისა და სხვა პერიოდული გადასახდელების შესასრულებლად.
გადარიცხვის შაბლონების შექმნის შესაძლებლობა
ხშირად, ინტერნეტბანკში შეგიძლიათ შექმნათ შაბლონები, ანუ გადარიცხვის წინასწარ შევსებული ფორმა, რომელშიც შეიყვანთ და დაიმახსოვრებთ თანხის მიმღების მონაცემებს (სახელს, ანგარიშის ნომერს, ა.შ.) და ამ მიმღებთან ყველა შემდგომ გადარიცხვას მარტივად, ზედმეტი დროის დახარჯვის გარეშე შეასრულებთ.
P2P (Peer to Peer) გადარიცხვა
ეს არის ფულადი გადარიცხვების ელექტრონული სისტემა, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ სხვა ადამიანს გადაურიცხოთ თანხა შესაბამისი აპლიკაციის გამოყენებით. გადარიცხვა ხორცილდება იმ საბანკო ანგარიშიდან, რომელსაც წინასწარ მიუთითებთ აპლიკაციაში. ამ ტიპის გადარიცხვის მთავარი მახასიათებელი სისწრაფე და სიმარტივეა. ეს სერვისი შესაძლებლობას გაძლევთ თანხა ანგარიშის ნომრის გარეშე გადარიცხოთ. ყველაზე გავრცელებულია მობილური ნომრის მითითებით სხვა პირისთვის თანხის გადარიცხვა. ამ დროს თანხის მიმღები თვითონ, თქვენი წინასწარი მითითების გარეშე განსაზღვრავს, თუ რომელ ანგარიშზე სურს თანხის მიღება, რაც P2P გადარიცხვის ერთ-ერთი ძირითადი უპირატესობაა. გადარიცხვის დადებითი მახასიათებელია ასევე ისიც, რომ არ გიწევთ IBAN ფორმატით განსაზღვრული ანგარიშის ნომრის გარკვევა იმისთვის, რომ გადარიცხვა განახორციელოთ.თუმცა, ამ ტიპის გადარიცხვას ნაკლოვანებაც გააჩნია. კერძოდ, P2P გადარიცხვებით როგორც წესი მცირე თანხის გადარიცხვაა შესაძლებელი.
გადარიცხვის პირობები იურიდიული პირებისთვის
ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის გადარიცხვის პირობები თითქმის იდენტურია. თუმცა, იმის მიხედვით, თუ რა საქმიანობას ეწევა ორგანიზაცია და რა ტიპის საგადასახადო ვალდებულებები აქვს, მაინც არის გარკვეული განსხვავებები, მაგალითად:
ლარში ანგარიშსწორება
საქართველოს ტერიტორიაზე ლარი გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალებაა. შესაბამისად, ორგანიზაციისთვის ან მისი სახელით საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა ექსპორტ-იმპორტის ღირებულებისა) უცხოურ ვალუტაში ანგარიშსწორება აკრძალულია. ამის ნაცვლად, თანხა უცხოური ვალუტის ექვივალენტით ლარში უნდა გადარიცხოთ. მაგალითად, თუ კომპანიამ საზღვარგარეთ იყიდა ავტომობილი შემდგომ გასაყიდად. დავუშვათ, მისი ღირებულება ადგილზე 5,000 ევროა, კომპანია საფასურს გადარიცხავს ევროში. როდესაც საქართველოში ჩამოსულ ავტომობილს კომპანია გაყიდის ნებისმიერ ფიზიკურ პირზე, პირობითად 5,500 ევროდ, მყიდველი თანხას აუცილებლად ლარში გადაიხდის.
გადარიცხვის კონკრეტული დანიშნულება
ორგანიზაციის სახელით გადარიცხვის განხორციელებისას საჭიროა მიეთითოს გადარიცხვის კონკრეტული დანიშნულება, მაგალითად, საქონლის მიწოდების ღირებულება, მომსახურების გაწევის საფასური და სხვა.
თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებული ხარჯები
თანხის გადარიცხვისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ შემდეგი ხარჯები:
- გადარიცხვის საკომისიო, რომელიც განსხვავდება გადარიცხვის ვალუტის მიხედვით;
- გადარიცხვის დაჩქარების საკომისიო, რომელიც შეიძლება დაწესდეს ბანკის მიერ, თუ გადარიცხვას სტანდარტულ დროზე სწრაფად მოითხოვთ.
გაითვალისწინეთ, რომ ბანკები ინდივიდუალურად ადგენენ გადარიცხვებთან დაკავშირებულ საკომისიოებს. გირჩევთ, მომსახურების მიღებამდე ეს დეტალები თქვენს მომსახურე ბანკში დააზუსტოთ.
რჩევები გადარიცხვებით მოსარგებლეებისთვის
ეცადეთ, თანხა ერთი ბანკის სისტემაში გადარიცხოთ
ხარჯებისა და დროის დაზოგვის მიზნით სასურველია თანხა ერთი ბანკის სისტემაში გადარიცხოთ. მაგალითად, თუ სწავლის გადასახადს იხდით და უნივერსიტეტს ანგარიში რამდენიმე, მათ შორის თქვენს მომსახურე ბანკშიც აქვს გახსნილი, აჯობებს თანხა თქვენს მომსახურე ბანკში გახსნილ ანგარიშზე გადარიცხოთ. ამ გზით თანხას უფასოდ გადარიცხავთ და უნივერსიტეტიც თანხას მაშინვე მიიღებს.
დააზუსტეთ გადარიცხვის ვადები
ყოველთვის დააზუსტეთ ბანკთან, თუ რა დროში შესრულდება გადარიცხვა და როდის მიიღებს მიმღები თანხას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ თანხის მიღების ანგარიშზე ჩარიცხვის დაგვიანების გამო შესაძლოა ხარჯი გაგეზარდოთ. მაგალითად, თუ შეიძინეთ ნივთი, რომლის საფასურიც მომწოდებელს ამ თვის 15 რიცხვამდე უნდა გადაუხადოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგერიცხებათ ჯარიმა, ასეთ დროს უმჯობესია მომსახურე ბანკთან წინასწარ დააზუსტოთ როდის უნდა განახორციელოთ გადარიცხვა, რომ 15 ის რიცხვამდე აისახოს მომწოდებლის ანგარიშზე.
იცოდეთ მიმღების რეკვიზიტები
საჭიროა, ზუსტად იცოდეთ მიმღების რეკვიზიტები, რათა თანხა სხვის ანგარიშზე არ გადაირიცხოს ან გადარიცხვა არ შეყოვნდეს.
გაარკვიეთ გადარიცხვის ტარიფები
სასურველია, გაარკვიოთ რამდენიმე გადარიცხვის ერთად შესრულების პირობები. თუ სხვადასხვა ანგარიშებზე ერთიდაიგივე ტიპის გადარიცხვა ხშირად გიწევთ, ბანკმა შეიძლება ნაკლები საკომისიო გადაგახდევინოთ, თუ ამ გადარიცხვებს პაკეტურად, ანუ ერთად გააკეთებთ და არა ინდივიდუალურად. მაგალითად, როდესაც კომპანია თანამშრომლების ხელფასების რიცხავს, პაკეტური გადარიცხვით სარგებლობა შესაძლოა უფრო მოსახერხებელი იყოს.
განიხილეთ დისტანციურად გადარიცხვის შესაძლებლობა
თანხის დისტანციურად გადარიცხვა ისეთივე პროცედურებს გადის, როგორსაც ფილიალიდან ბანკის თანამშრომლის მიერ შესრულებული გადარიცხვა.
გადარიცხვის დისტანციურად განხორციელებისას მნიშვნელოვანია უსაფრთხოების წესების დაცვა.