ამ სტატიაში გთავაზობთ მოკლე რჩევებსა და რეკომენდაციებს, რომელთა გათვალისწინებაც ფინანსური პროდუქტის შერჩევისას გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.
გადაწყვეტილების მიღებამდე ერთმანეთს შეადარეთ სხვადასხვა ალტერნატივა
გაეცანით ფინანსური პროდუქტის პირობებს და დასვით შეკითხვები
პროდუქტის შეძენამდე დეტალურად გაეცანით მის პირობებს. ამ მიზნით, სხვა ხელმისაწვდომ ინფორმაციის წყაროს (მაგ. ვებგვერდი, ხელშეკრულების ნიმუში) გარდა ფინანსური ორგანიზაციის წარმომადგენელს დაუსვით შეკითხვა თქვენთვის საინტერესო ყველა დეტალზე. ამასთან, ფინანსური ორგანიზაციის თანამშრომელი ვალდებულია ზეპირსიტყვიერადვე გაგაცნოთ ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები, რაც სესხის და დეპოზიტის შემთხვევაში, მოიცავს თავსართში გათვალისწინებულ ინფორმაციას, ხოლო სხვა ფინანსური პროდუქტის შემთხვევაში იმ მნიშვნელოვან პირობებს, რაც აუცილებელია სწორი გადაწყვეტილების მიღებისთვის. გახსოვდეთ, თქვენი უფლებაა ფლობდეთ სრულ ინფორმაციას შესაძენ პროდუქტზე, ხოლო ორგანიზაციის ვალდებულებაა, თქვენთვის მოსაწოდებელ სავალდებულო ინფორმაციასთან ერთად, ცხადად და გასაგებად განგიმარტოთ ყველა თქვენთვის საინტერესო პასუხი. მიღებული პასუხები დაგეხმარებათ მიხვდეთ, ნამდვილად ეს პროდუქტი გჭირდებათ თუ არა და ნამდვილად ხელსაყრელი იქნება თუ არა თქვენთვის მისი შეძენა.
დასვით შეკითხვები ფინანსურ პროდუქტთან დაკავშირებულ რისკებზე
დასვით შეკითხვები ფინანსურ პროდუქტთან დაკავშირებულ რისკებზე, დააზუსტეთ, რა შედეგები მოყვება, თუ ეს რისკები მართლაც რეალიზდება. მაგალითად, როცა სესხს გარკვეული მიზნობრიობით იღებთ - პირობითად სახლის მშენებლობისთვის - დააზუსტეთ, რა მოხდება თუ თქვენი მხრიდან მიზნობრიობის დაცვა ვერ მოხერხდა ან ხელშეკრულებით შეთანხმებული ვადების (მაგ. სესხის გადახდის, მშენებლობის ეტაპების დასრულების) დაცვა გაგიჭირდათ, იქნება თუ არა ეს დამატებით ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებული. რისკებთან დაკავშირებული ინფორმაციის ცოდნა, დაგეხმარებათ აწონ-დაწონოთ ის ფაქტორები, რომლებიც თქვენი მხრიდან ამ პირობების შესრულებას განაპირობებს. ამის შემდეგ უკვე ადვილად მიიღებთ გადაწყვეტილებას და პროდუქტსაც იმ შემთხვევაში შეიძენთ, როცა დარწმუნდებით, რომ რისკები მისაღებია და სწორედ ეს პროდუქტი გჭირდებათ.
გაეცანით ხელშეკრულების პირობებს მის ხელმოწერამდე
წინასწარ მოითხოვეთ ხელშეკრულების ნიმუში
თუ ხელშეკრულება მოცულობითია და არ გაქვთ საკმარისი დრო მისი ადგილზე გაცნობისათვის, ან ეს რამე სხვა უხერხულობას გიქმნით, ხელშეკრულების დადებამდე მოითხოვეთ ხელშეკრულების ნიმუში, წაიღეთ ის სახლში, ოფისში და მშვიდად და დეტალურად გაეცანით მას. გახსოვდეთ, რომ ეს ის ხელშეკრულებაა, რომლითაც არც თუ ისე ხანმოკლე დროით, ზოგჯერ წლობითაც, უნდა იურთიერთოთ ფინანსურ ორგანიზაციასთან, ამიტომ ნამდვილად ღირს, მას თუნდაც რამდენიმე საათი ან დღეც კი დაუთმოთ, რათა მერე დროდადრო არ აღმოჩნდეთ მოულოდნელი და არასასიამოვნო "სიურპრიზების" წინაშე მხოლოდ იმიტომ, რომ თავის დროზე ეს დოკუმენტი კარგად არ წაგიკითხავთ. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია მის ვებ გვერდზე განათავსოს სხვადასხვა პროდუქტის ხელშეკრულების ნიმუში. შესაბამისად, თუ ვერ ახერხებთ ფილიალში მისვლას და ხელშეკრულების ნიმუშის მოთხოვნას, აღნიშნული შეგიძლიათ კონკრეტული ფინანსური ორგანიზაციის ვებგვერდზეც იხილოთ.
ყურადღება მიაქციეთ ხელშეკრულების თავსართში მოცემულ პირობებს
სესხისა და დეპოზიტის ხელშეკრულების გაცნობისას (გარკვეული ლიმიტის ფარგლებში) ყურადღება მიაქციეთ ხელშეკრულების თავსართში მოცემულ პირობებს, მათ შორის ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს. გაითვალისწინეთ, ხელშეკრულების თავსართი ეს ხელშეკრულების პირველი გვერდ(ებ)ია, სადაც ხელშეკრულებაში ჩადებული ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოტანილი უნდა იყოს წაკითხვადი ფონტით, გასაგებად და ცხადად, შეძლებისდაგვარად მარტივი ენით. თავსართის დანიშნულებაა, ნებისმიერი მომხმარებლისათვის მარტივად გასაგები გახადოს ხელშეკრულების იურიდიული ტერმინოლოგიით აღწერილი ძირითადი პირობები.
ამასთან, გაითვალისწინეთ რომ, ხელშეკრულების მნიშნელოვანი პირობებით (თავსართით) ინფორმირებული უნდა იყოთ, იმის შესახებ, გაქვთ თუ არა ამ ხელშეკრულებაზე უარი თქმის უფლება; ასევე, ინფორმირებული უნდა იყოთ, თუ გაქვთ კრედიტის ვადის უპირობოდ გახანგრძლივების უფლებამოსილება.
მაგალითად: თუ სარგებლობთ იპოთეკური სესხით, რომლის დასაფარად თქვენი შემოსავლებიდან გამომდინარე ყოველთვიური შენატანი 800 ლარი უნდა ყოფილიყო და 20 წლიანი სესხის შემთხვევაში აკმაყოფილებდა აღნიშნულ პირობას (ფიზიკური პირის დაკრედიტების დებულების მიხედვით იპოთეკურ სესხზე განსაზღვრული მაქსიმალური ვადა) თუმცა, ბანკმა თქვენთან შეთანხმებით სესხი 15 წლიანი ვადით გასცა და თვეში 1000 ლარიანი გადახდებით გაგიფორმათ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება მოითხოვოთ სესხის გახანგრძლივება და დარჩენილი ნაშთის მიმდინარე ვადას +5 წლის განმავლობაში გადახდა.
რეკლამებსა და პირად შემოთავაზებებში ყურადღება მიაქციეთ ინფორმაციას ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შესახებ
გაითვალისწინეთ, სესხის ეფექტურ საპროცენტო განაკვეთი ლიმიტირებულია
მოქმედი კანონმდებლობით, 2018 წლის სექტემბრის შემდეგ დადებულ ხელშეკრულებებზე, სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 50%-ს. გაითვალისწინეთ, სესხების ან დეპოზიტების ეფექტური საპროცენტო განაკვეთების დათვლა ჩვენი ვებგვერდის კალკულატორებითაც შეგიძლიათ.
ხელშეკრულების დადებისას მოითხოვეთ შეტყობინების არხის არჩევა
სესხისა და დეპოზიტის ხელშეკრულების დადებისას საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვეთ თქვენთვის გამოსაგზავნი შეტყობინების არხის არჩევა. ეს ის არხი იქნება, რომლითაც ფინანსური ორგანიზაცია თქვენს ხელშეკრულებებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას შეგატყობინებთ. მაგალითად, ინფორმაციას ხელშეკრულების პირობებში ცალმხრივ ცვლილებებთან, ასევე, ვადაგადაცილების, გადახარჯვის ან სესხის მესამე პირზე გასხვისების შემთხვევებთან დაკავშირებით. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ თუ საკონტაქტო ინფორმაციას შეიცვლით, აღნიშნულის ინფორმირების შესახებ პასუხისმგებლობა თქვენ გეკისრებათ და შემდგომი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, ახალი საკონტაქტო მონაცემები უმჯობესია, დროულად გაუზიაროთ ფინანსურ ორგანიზაციას.
წინასწარ გაეცანით თავდებობის და ქონების უზრუნველყოფის ხელშეკრულებას