საერთაშორისო ფორუმი "ფინანსური განათლების ამაღლება, როგორც სოციალური და ეკონომიკური ზრდის ფაქტორი", ყაზახეთში, ქალაქ ალმათიში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. საერთაშორისო ფორუმში, ყაზახეთის, საქართველოს, ყირგიზეთის, უზბეკეთის და ბელორუსის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს 12 ქვეყნის მიკროსაფინანსო სფეროს ფინანსური განათლების კუთხით მომუშავე წარმომადგენლებმაც.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ღონისძიების მონაწილეებს ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის დანერგვის პროცესის შესახებ საქართველოს გამოცდილება გაუზიარა.
"ფინანსური განათლება, როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვის ჩარჩოს განუყოფელი ნაწილი და იმავდროულად მომხმარებლების ფინანსური კეთილდღეობის ერთ-ერთი წინაპირობა, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ფინანსური სექტორი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, ის კარგად არის განვითარებული, მაღალია ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და ზოგადად ფინანსური ჩართულობის, ასევე მომხმარებლების ნდობის ხარისხი. მიუხედავად ამისა, დაბალი ფინანსური განათლების პირობებში, ფინანსური პროდუქტების კომპლექსურობისა და ფინანსური მომსახურების მიმწოდებლების მხრიდან აგრესიული მარკეტინგის გამოყენების გათვალისწინებით, მხოლოდ საფინანსო სექტორის განვითარებისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მაღალი დონე არ წარმოადგენს მომხმარებელთა ფინანსური მდგრადობის გარანტს. მომხმარებელთა უფლებების ეფექტურად დაცვის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია მომხმარებელთა უფლებების დაცვის სრულყოფილი ჩარჩოს არსებობა, რომელიც მოიცავს როგორც რეგულირების, ასევე ფინანსური განათლების კომპონენტს. ამ მიმართულებით, 2016 წელს ჩვენ განვაახლეთ მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგულაციები. ასევე, ფინანსური განათლების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საერთაშორისო კვლევის შედეგების გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც საქართველოს მაჩვენებლები OECD-ის საშუალო მაჩვენებლებზე დაბალია, 2016 წლის ბოლოს შემუშავდა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია, რომლის დანერგვა აქტიურად მიმდინარეობს და პროგრესიც სახეზეა, მათ შორის, ფინანსური განათლების საკითხების ეროვნულ სასწავლო გეგმებში ინტეგრირებისა და ფინანსური განათლების პროგრამის საჯარო სკოლებში, "თავისუფალი გაკვეთილების" ფარგლებში დანერგვის კუთხით", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ფორუმზე ყურადღება გაამახვილა სტრატეგიის დანერგვის პროცესში არსებული ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევის - ეფექტური მმართველი სტრუქტურის ჩამოყალიბების შესახებ. ამ მიზნით, 2017 წელს, საქართველოს ეროვნულ ბანკში შეიქმნა სტრატეგიის მართვის კომიტეტი, რომელიც განიხილავს ფინანსური განათლების კუთხით არსებულ ინიციატივებს, აფასებს არსებულ და პოტენციურ საგანმანათლებლო პროგრამებს და კონსულტაციას უწევს დაინტერესებულ მხარეებს პროგრამების განხორციელებაში.
ორდღიანი ფორუმის ფარგლებში, მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა: ფინანსური განათლების გაღრმავება როგორც სტაბილური ეკონომიკის ფაქტორი; ფინანსური განათლება სკოლისა და უნივერსიტეტის მოსწავლეებისთვის; ფინანსური განათლება მეწარმეებისათვის; ინტერაქტიული შესაძლებლობები. ასევე, მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ფინანსური განათლების სტრატეგიის განხორციელების საერთაშორისო გამოცდილება და პრაქტიკა.