დღესდღეობით უამრავი ადამიანი ასრულებს საბანკო ოპერაციებს ან ვაჭრობს ინტერნეტით. ამისთვის ისინი ინტერნეტბანკს და საბანკო ბარათებს იყენებენ. შესაბამისად, მათი ანგარიშებისა და ბარათების უსაფრთხოება დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად იცავენ ისინი უსაფრთხოების წესებს ინტერნეტით სარგებლობისას.
გთავაზობთ ზოგად რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ დაიცვათ უსაფრთხოება ონლაინ.
გამოიყენეთ რთული პაროლები
რთული პაროლი, რომელიც არ იქნება ადვილად გამოცნობადი ადამიანის ან კომპიუტერის მიერ, უნდა შედგებოდეს მინიმუმ 10-12 ნიშნისგან, რომელიც მოიცავს დიდ და პატარა ასოებს, რიცხვებსა და სიმბოლოებს. გამოიყენეთ სხვადასხვა მომხმარებლის სახელი და პაროლი ინტერნეტბანკისთვის, ელექტრონული ფოსტისა და სოციალური ქსელისთვის. გაეცანით ჩვენს რჩევებს რთული პაროლების შესაქმნელად.
ყურადღება გამოიჩინეთ საეჭვო ელექტრონული წერილების მიღებისას
არ უპასუხოთ ელექტრონულ წერილებს, რომლებიც თითქოსდა თქვენი ბანკისგან, ან რომელიმე სანდო ორგანიზაციისგან არის და თქვენგან ისეთ კონფიდენციალურ ინფორმაციას ითხოვს, როგორიც ინტერნეტბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი, ბარათის ნომერი და უსაფრთხოების კოდია. გახსოვდეთ, რომ ბანკი არასდროს არ მოითხოვს თქვენგან ამ ინფორმაციას.
ყურადღება გამოიჩინეთ მიმაგრებულ ფაილებთან
არასოდეს დააჭიროთ ბმულს და არ ჩამოტვირთოთ ფაილი უცნობი ადრესატისგან მიღებული ელექტრონული წერილიდან. სავსებით შესაძლებელია ფიშინგის ან მავნე პროგრამის მსხვერპლი გახდეთ. ასევე, ყურადღებით მოეპყარით სოციალურ ქსელებში მიღებულ შეტყობინებს, რომლებიც შესაძლოა თქვენი მეგობრისგანაც კი იყოს, თუმცა გაურკვეველ ბმულზე გადასვლას ან ფაილის ჩამოტვირთვას მოითხოვდეს, რომელიც ასევე მავნე პროგრამის ან ვირუსის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს.
დააკვირდით, რა ინფორმაციას აზიარებთ სოციალური ქსელით
მოერიდეთ სოციალური ქსელებით თქვენს შესახებ ისეთი ინფორმაციის გაზიარებას, რაც შეიძლება თაღლითებს დაეხმაროს თქვენი პაროლების გამოცნობაში, თქვენი პერსონალური ინფორმაციის მითვისებაში და ა.შ. აკონტროლეთ, ვის შეუძლია თქვენს მიერ გაზიარებული ინფორმაციისა თუ ფოტოების ნახვა.
დააკვირდით, სად და რა ბმულებს "აკლიკებთ"
უცნობი გამომგზავნისგან, ან მოულოდნელად მიღებული ელექტრონული წერილები, ასევე, სოციალურ ქსელში მიღებული შეტყობინებები, რომლებიც გაფრთხილებენ ანგარიშის/ბარათის დაბლოკვაზე, ან გთავაზობენ გათამაშებაში მონაწილეობის მიღებას და ამისთვის წერილში მოცემულ ბმულზე თქვენს გადამისამართებას ახდენენ, ფიშინგის ან მავნე პროგრამით დაინფიცირების საფრთხეს წარმოადგენენ. არ გადახვიდეთ ასეთ ბმულებზე და არასოდეს შეიყვანოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია.
ამასთან, როდესაც ვებგვერდზე ბარათით გადახდას ახორციელებთ, დააკვირდით, რომ მისი მისამართი იწყებოდეს https://-ით (და არა http://-ით). თუ ვებგვერდის მისამართი იწყება https://-ით, ეს ნიშნავს, რომ თქვენ მიერ ვებგვერდზე შეყვანილი პირადი თუ ბარათის მონაცემები იგზავნება არა ღია, არამედ დაშიფრული სახით. თუმცა, მხოლოდ მისამართის ასეთი ფორმატით დაწყება არ მიუთითებს იმას, რომ გვერდი ნამდვილია - საჭიროა, გადაამოწმოთ დამატებით მისამართის სიზუსტეც (ასოების თანმიმდევრობა ხომ არაა შეცვლილი ან რომელიმე ასო ხომ არაა ჩანაცვლებული - მაგალითად, მისამართში ნაცვლად banking-ისა ხომ არ წერია bakning ან bamking).
დააკვირდით ვებგვერდის მისამართსა და შინაარსს
მისამართის სიზუსტის გადამოწმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც მასზე რომელიმე ბმულით, მათ შორის, საძიებო სისტემებით გამოტანილი ბმულებით გადადიხართ. ზოგადად, უმჯობესია, თუ მოერიდებით ბმულების გამოყენებას და სასურველ ვებგვერდზე მოსახვედრად მის მისამართს თავადვე აკრეფთ კლავიატურაზე.
ყალბი ვებგვერდის გარჩევა, ზოგჯერ მის შინაარსზე დაკვირვებითაც ადვილი შესაძლებელია. დააკვირდით მასზე გამოტანილ შინაარსს - ნამდვილად შეესაბამება იმ მიზანს, რისთვისაც ამ ვებგვერდზე შემოხვედით? ტექსტები გამართულია თუ ინტერნეტით ნათარგმნ, დაულაგებელ შინაარსსა და საკმაოდ ბევრ ორთოგრაფიულ თუ სხვა სტილისტურ შეცდომას შეიცავს? თუ მსგავსი ეჭვები გაგიჩნდათ, დიდი ალბათობით, თქვენ ინტერნეტთაღლითების მიერ შექმნილ ვებგვერდზე ხართ და პერსონალური მონაცემების გაზიარებისგან თავი უნდა შეიკავოთ.
იზრუნეთ თქვენი სმარტფონის უსაფრთხოებაზე
გამოიყენეთ ტელეფონის ეკრანის ავტომატური დაბლოკვის ფუნქცია, გააქტიურეთ თითის ანაბეჭდით, ან სხვა ბიომეტრული მონაცემით იდენტიფიკაცია. ეს დაიცავს თქვენს ტელეფონში არსებულ ინფორმაციას უცხო ხელში მოხვედრის შემთხვევაში.
არ შეინახოთ პერსონალური ინფორმაცია მობილურ ტელეფონსა და კომპიუტერში
ინტერნეტბანკის მომხმარებლის სახელის, პაროლის, პინკოდისა თუ სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შენახვა „ნოუთის“ სახით, ერთი შეხედვით, თითქოს მოსახერხებელია, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ კი ეს ინფორმაცია სხვა ადამიანს ჩაუვარდა ხელში? ამით მათ პირდაპირი წვდომა ექმნებათ თქვენს ანგარიშზე არსებულ თანხებზე.
დაფიქრდით, ვიდრე აპლიკაციას გადმოწერდეთ
აპლიკაციები, რომელთა გამოყენებასაც გადაწყვეტთ, ყოველთვის ოფიციალური წყაროდან გადმოწერეთ. ამასთან, დააკვირდით, თქვენს რომელ მონაცემებზე წვდომას ითხოვს იგი: შესაძლოა, აპლიკაცია ითხოვდეს დიდი რაოდენობით მონაცემებზე წვდომას, რომელიც მას რეალურად სულაც არ სჭირდება ფუნქციონირებისთვის - მაგალითად, ფოტოებზე, მობილურის კონტაქტებზე და ა.შ. (მაგალითისთვის, გადმოიწერეთ ფანრის აპლიკაცია, რომელიც ითხოვს წვდომას ისეთ რესურსებზე, როგორებიცაა კონტაქტები, სურათები, შეტყობინებები და სხვა, რომლებიც, წესით, არ უნდა ყოფილიყო საჭირო).
განაახლეთ ოპერაციული სისტემები
ტელეფონსა თუ კომპიუტერში, ყოველთვის ისარგებლეთ ოპერაციული სისტემის უახლესი ვერსიით. ჩამოტვირთეთ განახლებები (updates). ისარგებლეთ ანტივირუსული პროგრამებით.
მსგავსი თემები
- როგორ მოქმედებენ თაღლითები?
- როგორ გაიაქტიუროთ 2 დონიანი ავთენტიფიკაცია Facebook-სა და Gmail-ზე?
- 6 რჩევა უსაფრთხო ბრაუზინგისთვის
- კერძო გარიგებებთან დაკავშირებული თაღლითობები
- რჩევები ფინანსური პროდუქტით სარგებლობისას
- 10 რჩევა ინტერნეტბანკის უსაფრთხოებისთვის
- ფიშინგი
- როგორ დავიცვათ თავი ფინანსური თაღლითებისგან?