რას უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება მეწარმე ქალებმა? გიზიარებთ რამდენიმე საბაზისო რჩევას:
დაზოგეთ რესურსები
ბიზნეს უწყვეტობის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია რესურსების დაზოგვა. აქ იგულისხმება არა მხოლოდ ფინანსური, არამედ ნებისმიერი სამეწარმეო, მათ შორის, ადამიანური, ელექტროენერგიის, დროითი და სხვა ტიპის რესურსები. რესურსების დაზოგვა დამწყებ მეწარმეს საშუალებას აძლევს, ბაზარზე ზრდის ტემპი შეინარჩუნოს და მეტად კონკურენტუნარიანი გახდეს.
შეადგინეთ ბიუჯეტი
დაგეგმვა და ბიუჯეტის შედგენა დაგეხმარებათ სწორად შეაფასოთ თქვენი ბიზნესის შესაძლებლობები. ამისათვის კი აუცილებელია, ზედმიწევნით აღწეროთ შემოსავალი და ხარჯი, ამასთანავე, მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ დაზოგვაც, რათა მოულოდნელ ხარჯებს ფინანსურად მომზადებული შეხვდეთ.
გაყავით პირადი და ბიზნეს ანგარიშები
როდესაც სამეწარმეო საქმიანობას დაიწყებთ, გაითვალისწინეთ, რომ ბიზნეს ანგარიშის ცალკე წარმოება მნიშვნელოვანია. ასეთ შემთხვევაში დაზღვეული იქნებით: ერთმანეთში არ აირიოს პირადი და ბიზნესის შემოსავლები და ხარჯები, პირადი შემოსავლები გაიხარჯოს ბიზნესისთვის ან პირიქით. გარდა ამისა, ცალ-ცალკე ანგარიშის ქონა გამჭვირვალობისა და ზუსტი აღრიცხვისთვისაც მნიშვნელოვანია, რაც სამომავლოდ, როგორც გარე ფინანსების მოზიდვაში, ისე სწორად დაგეგმვასა და შედეგების შეფასებაში დაგეხმარებათ.
მოიძიეთ დაფინანსების წყაროები
დღეს არაერთი დაფინანსების წყარო არსებობს მეწარმეებისთვის, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დონეზე. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ქალი მეწარმეებისთვის სპეციალური პროგრამები და გრანტებიც არსებობს. ამიტომ მოიძიეთ ინფორმაცია. შესაძლოა, ისეთ გრანტებზეც გქონდეთ ხელმისაწვდომობა, რაც მნიშვნელოვნად გაგიიაფებთ ან გაგიმარტივებთ ბიზნესის გაფართოებას და განვითარებას.
მუდმივად იზრუნეთ ცოდნის ამაღლებაზე
ქალი მეწარმეებს არაერთი კერძო თუ საჯარო ორგანიზაცია სთავაზობს სხვადასხვა შემეცნებით თუ პრაქტიკულ კურსსა და პროგრამას. დღეს სამეწარმეო ცოდნის მიღება ხელმისაწვდომია, მთავარია, მუდმივად ეძებდეთ ინფორმაციას არსებული შესაძლებლობების შესახებ. აღნიშნულ პროგრამებში მონაწილეობა კი დაგეხმარებათ საჭირო ცოდნა მიიღოთ და კარგი საკონტაქტო წრეც გაიჩინოთ, რაც ბიზნესში აუცილებელია.
მეწარმეთათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფინანსური განათლების ამაღლება. სწორედ ის უწყობს ხელს, სამეწარმეო შესაძლებლობები მაქსიმალურად იქნეს ათვისებული, აუცილებელი კომპონენტია რისკების დაზღვევის პროცესში და საინვესტიციო გადაწყვეტილებების დროს. სწორედ ამიტომ, მუდმივად მოიძიეთ ინფორმაცია ფინანსური საკითხებზე, რათა თქვენი სამეწარმეო შესაძლებლობები უკეთ გამოიყენოთ.
ყურადღებით მოეკიდეთ ფორმალურ დოკუმენტებს
როდესაც სამეწარმეო საქმიანობას დაიწყებთ, არაერთ ფინანსურ თუ იურიდიულ დოკუმენტთან მოგიწევთ შეხება. მნიშვნელოვანია, ყურადღებით მოეკიდოთ თითოეულ მათგანს, რათა თავიდან აირიდოთ რაიმე სახის ზიანი და გაუგებრობა. ნებისმიერ დოკუმენტს ხელი მხოლოდ მას შემდეგ მოაწერეთ, რაც დარწმუნდებით რომ მისი შინაარსი გასაგები და მისაღებია თქვენთვის. თუ შინაარსი ან მისი ნაწილი ბუნდოვანია, კითხვების დასმა არ მოგერიდოთ. საკითხების დაზუსტებისას მოიძიეთ ინფორმაციის სანდო წყაროები და კომპეტენტური პირები, რათა ზედმიწევნით კარგად იცოდეთ, თუ რა შინაარსის დოკუმენტთან გაქვთ შეხება და რა ტიპის ვალდებულებებსა თუ სერვისებს უნდა ელოდოთ.
მოიძიეთ ინფორმაცია ფინანსური პროდუქტების შესახებ
მეწარმეებს ხშირად უწევთ სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტთან ურთიერთობა. ამიტომ აუცილებელია, კარგად გესმოდეთ თქვენი უფლებები და პასუხისმგებლობები, ფინანსური პროდუქტების პირობები და შესაძლებლობები. გაითვალისწინეთ, რომ გადაწყვეტილებების მისაღებად მნიშვნელოვანია საკმარისი ინფორმაციის მოძიება და ალტერნატივების შედარება - ეს თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი და მორგებული შეთავაზების მოძებნაში დაგეხმარებათ.