იდეალურ შემთხვევაში, ოჯახს შესაბამისი დანაზოგის სახით ე.წ. "ფინანსური უსაფრთხოების ბალიში" ექნება მსგავსი სიტუაციების დასაბალანსებლად. თუმცა შეიძლება ისეც მოხდეს, რომ გაუთვალისწინებელი მოვლენა უფრო ადრე მოხდეს, ვიდრე საჭირო ფონდში შესაბამისი თანხა შეგროვდება. ასეთ დროს ადამიანებში ხშირია შფოთვა მომავალზე, აუცილებელი ხარჯების დაფარვის პრობლემები და ზოგადი სტრესი ფინანსური არასტაბილურობის გამო.
ფინანსური სტრესი დგება მაშინაც როდესაც ნეგატიურ მოვლენა არ მომხდარა,მაგრამ ოჯახის წევრებს აქვთ განცდა, რომ მათი შემოსავალი არასტაბილურია, შეუძლიათ შემოსავლის მიღების თარიღებს შორის არსებული ფულადი რესურსით ყველა ხარჯი დააფინანსონ, ასევე, მაშინ როცა მოსალოდნელია ხარჯების ზრდა და არ არსებობს შესაბამისი მზაობა.
ფინანსური შეჭირვების პერიოდებში ყველაზე გავრცელებული შეცდომა ფინანსური გაჯანსაღების პატარ-პატარა ნაბიჯებზე უარის თქმა, განწყობის გაუარესება და ოჯახური რუტინების დარღვევაა. სირთულეების დროს სწრაფად ადაპტირება და ოპტიმისტური პროგნოზებით მომავლის დაგეგმვა ყველაზე კარგი გამოსავალია.
როგორ ვმართოთ ფინანსური სირთულეების პერიოდი
ოჯახის წევრებთან ერთად შეიმუშავეთ ახალი ფინანსური გეგმა
რაც უნდა იყოს ფინანსური პრობლემის მიზეზი, მნიშვნელოვანია, ოჯახის წევრებმა საერთო ხედვით გადაგეგმონ საკუთარი ფინანსები. თუ მოგიწევთ ხარჯების შემცირება, ფინანსური მიზნების გადავადება, მნიშვნელოვანია, შესაბამისი გადაწყვეტილება ოჯახის წევრებმა ერთად და გაცნობიერებულად მიიღოთ;
ისაუბრეთ პრობლემებზე და შეინარჩუნეთ ერთმანეთთან კომუნიკაცია
საკითხის გადაწყვეტის გზა ყველაზე ნათლად მაშინ ჩანს, თუ მას დეტალურად შეისწავლით. პრობლემის შესახებ გაზიარებული ინფორმაცია, ერთი მხრივ, გეხმარებათ ოჯახის სხვა წევრის ჩართულობით უფრო რაციონალურად შეძლოთ მისი გაანალიზება, მეორე მხრივ კი, გამოსავლის მოძებნასაც ამარტივებს. შესაძლოა, ის, რაც ერთი ადამიანისთვის მოკლევადიან პერიოდში ფინანსურ სირთულეს ქმნის, მეორე ადამიანისთვის ადვილად მართვადი იყოს. ოჯახის ბიუჯეტი და ფინანსების გაერთიანებული მართვა ამ საკითხების დასაბალანსებლად იდეალური მიდგომაა;
მცირე ნაბიჯებიც მნიშვნელოვანია
თუ თქვენი ფინანსური მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა, ნუ დაივიწყებთ ჯანსაღ ფინანსურ ქცევებს. ცხოვრების ამ ეტაპზე სწორად გადადგმული სულ მცირე ნაბიჯებიც დიდი დახმარებას გაგიწევთ რეალობის გაუმჯობესებაში. მაგალითად, არ დაივიწყოთ მიზნისთვის დაზოგვა, შესაძლოა, თქვენი დანაზოგი სიმბოლური იყოს, თუმცა ჩვევასაც შეინარჩუნებთ და მცირედით, მაგრამ მაინც მიუახლოვდებით სასურველ მიზანს. განაგრძეთ ხარჯებისა და შემოსავლების ანალიზი. შესაძლოა, ისეთი ცვლილების შესაძლებლობა დაინახოთ, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენს ფინანსურ მდგომარეობას, ან სიტუაციის გამოსწორების ახალ გზები გამოჩნდეს;
შეინარჩუნეთ ოჯახური რუტინა
ყოველდღიური რუტინები, მაგალითად, ოჯახური ვახშამი, კითხვისა თუ ფილმის ყურება ფინანსური შეჭირვების ჟამსაც აუცილებელია. სტრესის გასანეიტრალებლად და ცხოვრების ხარისხის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია იმაზე მეტად არ შეცვალოთ თქვენი ოჯახური წესრიგი, ვიდრე მის შეცვლას მიმდინარე ფინანსური მდგომარეობა გაიძულებთ;
გაეცით, ითხოვეთ და მიიღეთ დახმარება
ოჯახის წევრისთვის დახმარების შეთავაზება ან მისთვის დახმარების თხოვნა ყველაზე სწორი ნაბიჯია ფინანსური შეჭირვების ჟამს. თუ დახმარება ითხოვეთ ყველგან, სადაც შესაძლებელია. მაგალითად, თუ ფინანსური სირთულეები საფინანსო ვალდებულებებმა შექმნა, დაელაპარაკეთ საფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, განიხილეთ ვალის მართვის ყველა შესაძლო ვარიანტი. თუ თქვენი პრობლემები შემოსავლების შემცირებამ გამოიწვია, გაესაუბრეთ დამსაქმებელს, თუ შესაძლებელია, დაიმატეთ დატვირთვა, ჩაერთეთ დამატებით ანაზღაურებად საქმიანობაში. ნებისმიერ შემთხვევაში, იპოვეთ ის ადამიანი თუ ორგანიზაცია, ვისაც არსებულ სიტუაციაში თქვენთვის დახმარების გაწევა შეუძლია;
შეეცადეთ შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა
ფინანსურ სირთულეებს, შესაძლოა, ბევრი რამ სდევდეს თან: გეგმებსა და მიზნებზე სრულად ან ნაწილობრივ უარის თქმა, ცხოვრების სტილის შეცვლა, ყოველდღიური დატვირთულობის ცვლილება ან შფოთი და ნეგატიური ემოციები, რაც ენთუზიაზმს, მონდომებას, პოზიტიურ განწყობას გაკარგვინებთ. გახსოვდეთ, საკითხების მოგვარება დამოკიდებულებიდან იწყება, პოზიტიური დამოკიდებულებით უფრო რეალურად შეხედავთ საკითხს და უფრო რაციონალურად იპოვით სიტუაციიდან გამოსავალს. მართალია, ალტერნატივები ყოველთვის ხელსაყრელი არაა, თუმცა ჯანსაღი ემოციური მდგომარეობის შენარჩუნება, არსებულ ალტერნატივებს შორის საუკეთესოს შერჩევაში დაგეხმარებათ.