ქვემოთ გთავაზობთ ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებულ რამდენიმე მარტივ რჩევას.
კვება
იკვებეთ ჯანსაღად, ტკბილეული ჩაანაცვლეთ ხილით - ვიტამინებითა და ორგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებებით მდიდარი პროდუქტებით. კვება დაგეხმარებათ, შეინარჩუნოთ ძლიერი იმუნიტეტი და მარტივად, გართულებების გარეშე გაუმკლავდეთ ავადმყოფობას.
შეეცადეთ იკვებოთ რეგულარულად - ჯანსაღი ცხოვრების წესი ყოველთვის მოიაზრებს განსაზღვრული ულუფებით დღეში რამდენჯერმე კვებას. სასურველია, თუ დაიცავთ ამ წესს და არ გამოტოვებთ რომელიმე კვებას, მაგალითად საუზმეს ან ვახშამს. ეს დაგეხმარებათ სწორად გადაანაწილოთ საკვები ულუფები და ხელი შეუწყოთ საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანსაღად შენარჩუნებას.
პროდუქტების შეძენისას შეეცადეთ, გაეცნოთ შემადგენლობას და აირჩიოთ თქვენთვის ყველაზე სასარგებლო - შეიძლება სიჩქარეში პროდუქციის შერჩევისას დეტალურად არ გაეცნოთ მის შემადგენლობას.
თავი შეიკავეთ სწრაფი კვების პროდუქტებისგან, შეეცადეთ, თავად მოიმზადოთ სადილი და შეამციროთ გარეთ მომზადებული საკვების წილი თქვენი დღის რაციონში - სწორად შერჩეული საკვები პროდუქტები ბევრ გართულებას აგარიდებთ თავიდან. საკვების შერჩევისას საყურადღებოა პროდუქტის ხარისხი, რომელსაც არაერთი საკითხი განაპირობებს, მათ შორის: მომზადების წესების სრული დაცვით მომზადდა თუ არა საკვები, რა ტიპის ცხიმი იქნა გამოყენებული, იყო თუ არა დაცული შენახვის პირობები და სხვა. ვინაიდან სწრაფი კვების ობიექტებში ამ ყველაფრის გადამოწმება თითქმის შეუძლებელია, უმჯობესია თუ თქვენ მიერ მომზადებული საკვებით ისადილებთ. არაჯანსაღი საკვები, პირველ რიგში, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს ქმნის, რაც თავის მხრივ, ჯაჭვურ რეაქციის მსგავსად იწვევს სხვა პრობლემებსაც.
მიიღეთ ბევრი სითხე - ადამიანის ორგანიზმი დიდი ოდენობით სითხისგან შედგება.
ფიზიკური აქტივობა
ისეირნეთ ყოველ დღე - ზომიერი ფიზიკური აქტივობა და სუფთა ჰაერი დაგეხმარებათ ორგანიზმის გაჯანსაღებასა და იმუნური სისტემის გაძლიერებაში.
შეეცადეთ, ხშირად დაისვენოთ - გადაღლილი, ფიზიკურად და ემოციურად გადატვირთული ადამიანი ნაკლებად მედეგია მთელი რიგი დაავადებების მიმართ. ამიტომ, შეეცადეთ, შეძლებისდაგვარად, ხშირად მოიწყოთ დასვენებისა და განტვირთვის პერიოდები.
მოერიდეთ დიდი ხნის განმავლობაში ჯდომას - უმოძრაო ცხოვრების სტილი ორგანიზმისთვის საკმაოდ სარისკოა. დიდი ხნით ჯდომამ შესაძლოა ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს. იმისთვის, რომ ეს რისკი თავიდან აირიდოთ, სასურველია, თუ თავისუფალ დროს აქტიური სპორტით დაკავდებით, ასევე სასურველია, თუ სამუშაო დროის განმავლობაში პერიოდულად შეძლებთ სამუშაო ადგილის დატოვებას და ფეხზე ადგომას.
ჰიგიენის დაცვა
ყურადღება მიაქციეთ პირად ჰიგიენას - ხშირად დაიბანეთ ხელები.
გამოიყენეთ ნაკლებ ტოქსიკური საოჯახო ქიმია - ეს პირდაპირ დაგეხმარებათ რისკების შემცირებაში. მაგალითად, შეიძლება საოჯახო ქიმიამ გამოიწვიოს ადგილობრივი ალერგია, სუნთქვის პრობლემები, დამწვრობა ან სხვა სახის დაზიანებაც კი. თუ თქვენ უარს იტყვით მაღალი ტოქსიკურობის მქონე ქიმიის გამოყენებაზე, თავიდან აირიდებთ მსგავს გართულებებს.
გაითვალისწინეთ დაავადების საინკუბაციო პერიოდი - ავადმყოფობისგან თავის არიდების საუკეთესო გზა, მისი გავრცელების კერისგან მოშორებით ყოფნაა. ასევე, თუ თავად ხართ ავად, უმჯობესია, თუ მოერიდებით საზოგადოებაში გასვლას, რათა სხვების დაინფიცირების ალბათობა შეამციროთ. დაავადებას გააჩნია საინკუბაციო პერიოდი, ანუ ის დრო, რომლის განმავლობაშიც კონკრეტული დაავადება ორგანიზმში ფარულად მიმდინარეობს და შესაძლოა, გადამდები იყოს ერთი ადამიანიდან მეორეზე.
ვირუსების გავრცელების აქტიურ პერიოდში მოერიდეთ მრავალჯერადი ნივთების გამოყენებას - თუ თქვენ ირგვლივ გრიპებისა და ვირუსების გავრცელების პერიოდია, მისგან თავსი დასაცავად სხვა ფაქტორებთან ერთად, დაგეხმარებათ მრავალჯერადი ნივთების გამოყენების შეზღუდვა. მაგალითად, არაა რეკომენდებული მრავალჯერადი ხელსაწმენდის, საზიარო ჭურჭლის გამოყენება.