შესყიდვის არხები
რასაც უნდა ყიდულობდეთ, იქნება ეს აუცილებელი თუ, უბრალოდ, სასურველი ნივთი, მნიშვნელოვანია იპოვოთ შეძენის ყველაზე ხელსაყრელი, უსაფრთხო და ფულისა და დროის დამზოგველი მეთოდი.
ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, ტრადიციულ ვაჭრობასთან ერთად, დიდი პოპულარობით სარგებლობს დისტანციური, მათ შორის ინტერნეტ შესყიდვებიც. თუკი ტრადიციული ვაჭრობა გულისხმობს ნივთის მაღაზიასა თუ სხვა სავაჭრო ობიექტებზე შეძენას, დისტანციური შესყიდვისას სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ ნივთის მიღება.
შესყიდვის ორივე სახეს გააჩნია როგორც დადებითი მხარეები, ასევე, საყურადღებო მომენტები. შესყიდვისას შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ რჩევებით, რომლებიც გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.
სავაჭრო ობიექტზე ყიდვის დადებითი მხარეები
პროდუქტისა და მომსახურების შესყიდვას უშუალოდ სავაჭრო ობიექტზე ბევრი პლიუსი შეიძლება გააჩნდეს. მათ შორის:
ნივთის ფიზიკურად შეხებისა და დეტალურად ვიზუალური დათვალიერების შესაძლებლობა
ნივთის ადგილზე შერჩევა საშუალებას იძლევა მყისიერად შეაფასოთ, არის თუ არა ნივთი თქვენს საჭიროებებზე მორგებული. მაგალითად, პერანგის ყიდვისას, თუკი მისი დათვალიერებისა და მოსინჯვის საშუალება შესყიდვამდე გაქვთ, ნაკლებია იმის შანსი, რომ შეძენილი ნივთი არ მოგერგებათ ან ქსოვილი არ მოგეწონებათ;
კვალიფიციური რჩევის მიღების შესაძლებლობა
თუ ნივთის ან მომსახურების შეძენის დროს სპეციალისტის დახმარება გჭირდებათ, ტრადიციული შესყიდვის მეთოდი, შესაძლოა, საუკეთესო იყოს თქვენთვის. მაგალითად, ზაფხულისთვის ენერგოეფექტური და ოთახის მოცულობის შესაბამისი კონდენციონერის შეძენა გსურთ, რომელიც ელექტროენერგიის დაზოგვაშიც დაგეხმარებათ. ამ დროს კვალიფიციური პერსონალის დახმარებით შეგეძლებათ იმ მახასიათებლების კონდენციონერი აარჩიოთ, რომელიც ზუსტად დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს;
ნივთის მომენტალური ფლობა
თუ ნივთს ადგილზე ყიდულობთ და არა დისტანციურად, ნივთის მფლობელები ძირითადად, თანხის გადახდისთანავე ხდებით. მაგალითად, თუ წიგნს მაღაზიაში შეიძენთ, იმავე წუთიდან შეგეძლებათ მისი წაკითხვა, ხოლო თუ დისტანციურად, შესაძლოა რამდენიმე დღე ელოდოთ, ვიდრე ნივთი თქვენამდე მოაღწევს;
ადგილზე შესყიდვის შემთხვევაში განსხვავებული ფასი
ზოგჯერ კომპანიები ადგილზე ვიზიტისა და პროდუქციისა თუ მომსახურების შეძენის შემთხვევაში განსხვავებულ ფასს გთავაზობენ. ამ შეთავაზებამ შეიძლება თქვენთვის უფრო ხელსაყრელი გახადოს სავაჭრო ობიექტზე მისვლა და ნივთებისა და მომსახურების ადგილზე შეძენა.
სავაჭრო ობიექტზე ყიდვის ნაკლოვანებები
მიუხედავად ტრადიციული, ადგილზე შესყიდვის მრავალი შესაძლებლობისა, ზოგჯერ თქვენ თავს არიდებთ ამ ტიპის შესყიდვას. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის ნაკლოვანი მხარეები, რაც ტრადიციულ შესყიდვას გააჩნია. მაგალითად:
შერჩევის ხანგრძლივი და დამღლელი პროცესი
როდესაც სასურველი ნივთის შეთავაზების სხვადასხვა ალტერნატივას ვეძებთ, ფასების შედარებისა და საუკეთესო შეთავაზების ასარჩევად ხშირად სხვადასხვა ადგილზე მისვლა, მაღაზიის სრულად შემოვლა, ნივთის ფიზიკურად მოძებნა და დათვალიერება გჭირდებათ. ხშირად, მაღაზიის მასშტაბურობისა და მსგავსი შეთავაზებების დიდი რაოდენობის გამო შესყიდვის პროცესი ხანგრძლივდება და დამღლელი ხდება. ამ დისკომფორტის თავიდან ასარიდებლად დისტანციურ შესყიდვებს მიმართავენ ხოლმე. დისტანციური შესყიდვების დროსაც ადარებთ ფასებს, თუმცა ალტერნატივების შედარება ამ შემთხვევაში ბევრად მარტივი და კომფორტულია;
დაუგეგმავი შესყიდვები
სავაჭრო ობიექტზე შენაძენის განხორციელების ერთ-ერთი გამორჩეული ნაკლი ე.წ. „ხელს გაყოლებული“ ნივთებია. ხშირად დახლზე ლამაზად განთავსებული პროდუქცია ან კარგად მომზადებული დამხმარე პერსონალის შეთავაზება გიბიძგებენ ის პროდუქტი და მომსახურება შეიძინოთ, რომლის შესყიდვაზეც არ გიფიქრიათ. შეძენის შესახებ მყისიერად მიღებული გადაწყვეტილება ხშირად გაუთვალისწინებელი ხარჯის სახეს იღებს და პირად ხარჯებს გიზრდით.
დისტანციური შესყიდვის დადებითი მხარეები
ტრადიციული შესყიდვის ზემოთ აღწერილი უპირატესობების მიუხედავად და ნაკლოვანებების გათვალისწინებით, არანაკლებ პოპულარულია დისტანციური შესყიდვებიც. ამას განაპირობებს დისტანციური შესყიდვების ის შესაძლებლობები, რომლებიც ტრადიციული შესყიდვის მოუხერხებლობას აბალანსებს. დისტანციური შესყიდვების პოპულარობა, სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, ქვემოთ მოცემულმა უპირატესობებმაც განაპირობა:
მოხერხებულობა
დისტანციური შესყიდვები შესაძლებელია სახლიდან ან სამუშაო ადგილიდან გაუსვლელად განახორციელოთ. ცუდ ამინდში, მაშინ როდესაც საყიდლებზე გასვლა საკმაოდ არაკომფორტულია, არჩევანი შეგიძლიათ სახლში, თბილად მოკალათებულებმა გააკეთოთ;
ფართო ასორტიმენტი
თუ პროდუქტს ან მომსახურებას დისტანციური არხებით შეიძენთ, საშუალება გექნებათ სწრაფად და მარტივად დაათვალიეროთ უფრო მეტი შეთავაზება. მაღაზიაში ფიზიკურად მისვლა და ადგილზე პროდუქტის ნახვა დიდ დროს წაგართმევთ, მაშინ როდესაც ინტერნეტით კატალოგის დათვალიერებას ბევრად ნაკლები დრო სჭირდება. ამასთან, ერთი ინტერნეტ მაღაზიიდან მეორეზე ყურადღების გადატანა დროს არ დაგაკარგვინებთ, მაშინ როდესაც ერთი მაღაზიიდან მეორეში ფიზიკურად მისვლა ძირითადად დიდ დროს მოითხოვს.
ფასების შედარების შესაძლებლობა
ინტერნეტში განთავსებული პროდუქციის მახასიათებლების კატალოგი საშუალებას გაძლევთ მაღაზიაში მისვლის გარეშე მოიძიოთ თქვენთვის სასურველი ნივთის ფასი. მაგალითად, თუ ტელევიზორის შეძენა გადაწყვიტეთ და სასურველი მოდელი აარჩიეთ, შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია, რომელი მაღაზია რა ფასად ჰყიდის ამ ნივთს. ეს ონლაინ კატალოგებში მითითებული ფასის ნახვით ან ორგანიზაციასთან დაკავშირებით შეიძლება. დისტანციურ შესყიდვებში ფასის შედარების შესაძლებლობა უფრო მოქნილია, ვიდრე ობიექტებზე შეძენისას. დისტანციური შესყიდვის არხების გამოყენებისას სულ რამდენიმე წუთში შევძლებთ ბევრი განსხვავებული შეთავაზების შედარებას. მაშინ, როდესაც მაღაზიებში სიარულით ამის გაკეთებას ბევრად მეტი დრო დასჭირდება;
გაზრდილი ხელმისაწვდომობა პროდუქტებსა და მომსახურებებზე
დისტანციური შესყიდვები 24/7-ზე შესყიდვის შესაძლებლობას გაძლევთ. დღე-ღამის თქვენთვის სასურველ მონაკვეთში შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია პროდუქტებსა და მომსახურებებზე და შეიძინოთ კიდეც ისინი. ეს მახასიათებელი დისტანციურ შესყიდვებს ტრადიციულ შესყიდვებთან შედარებით დიდ კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს;
პირადი სივრცის დაცულობა
დისტანციური შესყიდვის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ შეგიძლიათ მომსახურე პერსონალის მხრიდან გადაჭარბებულ ყურადღებას და თქვენი პირადი ინფორმაციის სხვა პირებზე გაცემას თავი აარიდოთ. მაგალითად, ზოგჯერ ობიექტზე ნივთებისა და მომსახურებების შეძენისას არ გსიამოვნებთ კონსულტანტების გადაჭარბებული ჩართულობა ან ყიდულობთ პირადი მოხმარების ნივთს, რომლის აფიშირებაც სხვა მომხმარებლების თვალწინ უხერხულობას გიქმნით. ამ დისკომფორტს დისტანციური შესყიდვა მარტივად აგარიდებთ - ნივთებს არჩევთ ინდივიდუალურად, გაქვთ საკმარისი დრო გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მისაღებად და, ასევე, შეძენილი პროდუქციის შესახებ ინფორმაცია სხვა მყიდველებისთვის უცნობი რჩება;
დროის დაზოგვა
დისტანციურ შესყიდვების გამორჩეულ უპირატესობად, ზემოთ ჩამოთვლილი მომენტების გათვალისწინებით, შეგიძლიათ დროის დაზოგვა მიიჩნიოთ. დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში დისტანციურად პროდუქციის დათვალიერება, ალტერნატივების მოძიება და მათი პირობებისა და მახასიათებლების შედარების შესაძლებლობა, შესყიდვისას დროის დაზოგვის საშუალებას გაძლევთ.
დისტანციური შესყიდვის ნაკლოვანებები
ზემოთ აღწერილი უპირატესობების მიუხედავად, დისტანციურ შესყიდვებსაც აქვს ნაკლოვანებები, რომელიც საჭიროა გაითვალისწინოთ შესყიდვის მეთოდის არჩევისას. მათ შორის აღსანიშნავია შემდეგი:
პროდუქციის ფიზიკური დათვალიერების შეუძლებლობა
ვინაიდან პროდუქციას მხოლოდ სურათით ათვალიერებთ, სრულ წარმოდგენას ვერ შეიქმნით მის რეალურ მახასიათებელზე; ამიტომ, მნიშვნელოვანია დეტალურად გაეცნოთ როგორც პროდუქციის მახასიათებლებს, ასევე, პროდუქციის მიტანის პირობებსა და შეძენასთან დაკავშირებულ სხვა მომხმარებლების გამოცდილებას. სასურველია, თუ გაეცნობით კომპანიისა და მისი მომსახურების შეფასებებს, რათა შეძლოთ იმ მომსახურების მიღება, რომელიც გსურთ.
პროდუქციის მომენტალურად მიღების შეუძლებლობა
დისტანციურად შეძენილი პროდუქტი ფიზიკურად უფრო გვიან გადმოგეცემათ, ასევე მისი უკან დაბრუნების პროცედურა შედარებით ხანგრძლივია - თუ შეძენილი პროდუქცია წუნდებული აღმოჩნდება, მისი დაბრუნება პროცედურულად გაგირთულდებათ. მაგალითად, თუ ნივთი დისტანციურად იყიდეთ, საჭირო გახდება მომწოდებელთან დაკავშირება, წუნის აღწერა, ნივთის ტრანსპორტირება და სხვა მსგავსი პროცედურის გავლა. ობიექტზე ნივთის შეძენისას კი, ადგილზევე შეგიძლიათ გადაცვალოთ ან დააბრუნოთ წუნდებული პროდუქტი;
დამატებითი ხარჯები პროდუქციის მიწოდებისას
ინტერნეტით ნივთის შეძენისას, შესაძლებელია დაგემატოთ ნივთის ტრანსპორტირების ღირებულება. აღნიშნული, საბოლოო ჯამში, აძვირებს პროდუქტს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, შეძენის მეთოდის არჩევისას პროდუქტთან დაკავშირებული ყველა ხარჯი კარგად გაარკვიოთ;
ინდივიდუალურად რჩევის მიღებისა და ნივთის მოხმარების ინსტრუქციის ადგილზე გაცნობის შეუძლებლობა
თუ ნივთის შეძენისას გესაჭიროებათ ინდივიდუალური კონსულტაცია, ან ინფორმაციის ადვილად აღსაქმელად გირჩევნიათ პრაქტიკულად იმის ნახვა რასაც კონსულტანტი გიხსნით, დისტანციური შესყიდვებისას ეს შესაძლებლობა არ გექნებათ. მაგალითად, თუ გსურთ შეიძინოთ სამზარეულოს მრავალფუნქციური წვენსაწური, შეიძლება გერჩივნოთ ადგილზე, დარბაზში საჩვენებელი მოდელის მუშაობის შეფასება, რასაც დისტანციური შესყიდვისას ვერ შეძლებთ.
ფასზე მოლაპარაკების შეუძლებლობა
პროდუქციის შეძენისას ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია მისი ფასი. როდესაც ნივთის შეძენა სავაჭრო ობიექტზე ხდება, ზოგჯერ გაქვთ შესაძლებლობა დაიწყოთ მოლაპარაკებები ფასდაკლებაზე. დისტანციური შესყიდვებისას, თუ გამყიდველს ფასდაკლება წინასწარ განსაზღვრული არ აქვს, შეუძლებელია ფასის ცვლილება.
თაღლითობის რისკები და ინტერნეტგვერდის უსაფრთხოების პრობლემები
დისტანციურად, ინტერნეტით შესყიდვის განხორციელება დამატებით რისკებსაც უკავშირდება. ასეთია მაგალითად, ინტერნეტგვერდის უსაფრთხოების პრობლემა - რამდენად დაცულია ვებგვერდზე თქვენ მიერ შეყვანილი პირადი მონაცემები გარე პირების წვდომისგან, ვირუსის გავრცელება ინტერნეტგვერდზე გადასვლისას, ვებგვერდის დასახელების გაყალბება და მომხმარებლის მონაცემებისა და ფულადი რესურსების მითვისება. ამ და სხვა ტიპის რისკებისა თუ პრობლემების თავიდან ასარიდებლად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების საკითხების გათვალისწინება;
მომხმარებელთა კომენტარების გაყალბება
ინტერნეტმაღაზიების სანდოობას, ძირითადად, მომხმარებელთა უკუკავშირი და შეფასებები აყალიბებს. ზოგჯერ ორგანიზაციები ამ სანდოობის შექმნას ხელოვნურად ცდილობენ. ამ კუთხით ცნობილი პრაქტიკაა მომხმარებელთა ყალბი პროფილების შექმნა და მათი სახელით ორგანიზაციის, პროდუქციისა და მომსახურების გადაჭარბებულად პოზიტიური შეფასება;
პროდუქციის მახასიათებლების აღწერის ნაკლოვანება
ინტერნეტ-მაღაზიები პროდუქციის აღწერისას, ძირითადად, მთავარი მახასიათებლების მითითებით შემოიფარგლებიან. თუმცა, ნივთის შეძენისას, შესაძლოა მეტი ინფორმაციის მიღება გჭირდებოდეთ. დისტანციური შესყიდვები მომხმარებელთა ამ საჭიროებას ვერ აკმაყოფილებს.