კომერციული ბანკის სტატუსი
კომერციული ბანკი (ბანკი) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირია, რომელიც, სხვა საქმიანობასთან ერთად, იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი სახელით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას.
იმისთვის, რომ ორგანიზაციას კომერციული ბანკის სტატუსი მიენიჭოს, მან უნდა დააკმაყოფილოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნები და მიიღოს შესაბამისი ლიცენზია. დღესდღეობით საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
კომერციული ბანკების საქმიანობა
საფინანსო ბაზარზე კომერციული ბანკები ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს შორის ყველაზე მრავალფეროვან საქმიანობას ეწევიან როგორც საოპერაციო, ისე საკრედიტო კუთხით. საბანკო რეგულაციებიდან გამომდინარე, მხოლოდ მათ შეუძლიათ ერთდროულად შემოგვთავაზონ ისეთი მომსახურება, როგორიცაა მიმდინარე ანგარიშის გახსნა, სადეპოზიტო (ანაბრის) ანგარიშის გახსნა, სადებეტო/საკრედიტო ბარათებით სარგებლობა, სხვადასხვა ტიპის სესხის აღება და სხვა. თუმცა, მრავალფეროვნების მიუხედავად, ბანკის მიერ განსახორციელებელი საქმიანობების სფერო კანონითაა განსაზღვრული/ლიმიტირებული ანუ მას მხოლოდ კანონმდებლობით დაშვებული საქმიანობის წარმოების უფლებამოსილება აქვს. დეტალურად ამ ჩამონათვალს შეგიძლიათ გაეცნოთ შესაბამის კანონში კომერციული ბანკების შესახებ, ძირითადად კი ეს საქმიანობა შესაძლოა იყოს:
- დეპოზიტების მოზიდვა
- სესხების გაცემა, ფაქტორინგული ოპერაციები, კომერციულ გარიგებათა დაფინანსება, გარანტიების, აკრედიტივებისა და აქცეპტების გამოცემა ფორფეტირების ჩათვლით
- დერივატივის დადება, საკუთარი და კლიენტთა სახსრებით ფულადი საბუთების, ფასიანი ქაღალდების, სავალუტო და საპროცენტო ინსტრუმენტების, სავალო საბუთების, უცხოური ვალუტის, ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ყიდვა-გაყიდვა
- ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციების და საკასო-საინკასაციო მომსახურების განხორციელება
- გადახდის საშუალებების გამოშვება და მათი მიმოქცევის ორგანიზება
- კლიენტების დავალებით ნდობით (სატრასტო) ოპერაციების განხორციელება, სახსრების მოზიდვა და განთავსება
- საკრედიტო-საცნობარო მომსახურება
- ქონების იჯარით გაცემა
- საგადახდო მომსახურების განხორციელება, საგადახდო სისტემის ოპერირება, ანგარიშსწორების აგენტის ფუნქციების შესრულება
- ქონების ლიზინგით გაცემა.
აქვე მნიშვნელოვანია, რომ კომერციული ბანკი ფინანსური სექტორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია, მისი გამართული ფუნქციონირება კი - ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთი ქვაკუთხედი. სწორედ ამიტომ, ასევე, დეპოზიტარებისა და ინვესტორების სახსრების მეტი დაცულობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს სხვა ფინანსურ ორგანიზაციებთან შედარებით ყველაზე მკაცრ და მრავალმხრივ ზედამხედველობას უწევს, რაც მათ უფრო მეტად სანდოსა და მდგრადს ხდის.