ფინანსური მზაობა ბავშვის შეძენამდეც მნიშვნელოვანია და მისი აღზრდის პროცესშიც
ბავშვის შეძენასთან დაკავშირებულ ხარჯებთან უკეთ გასამკლავებლად შეგიძლიათ ორი, ყველაზე გავრცელებული მეთოდი გამოიყენოთ: დაზღვევა და დანაზოგი.
სასურველია თუ ჯანმრთელობის ისეთ სადაზღვევო პაკეტის აირჩევთ, რომელიც ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის სამედიცინო მოვლის ხარჯს სრულად ან უმეტეს ნაწილს დაგიფინანსებთ.
ჯანმრთელობის კარგი სადაზღვევო პაკეტი, როგორც წესი, სადაზღვევო შემთხვევის ხარჯებს ფარავს, მაგრამ ისეთი ხარჯები, როგორიცაა ბავშვის საფენების, სათამაშოების ტანსაცმლის და სხვა, სადაზღვევო პოლისით არ დაიფარება. ამ ხარჯებისთვის მოსამზადებლად საუკეთესო საშუალება დანაზოგის შექმნაა. სასურველია, თუ დანაზოგის შექმნას ბავშვის შეძენამდე დაიწყებთ, ასე უფრო მშვიდად შეძლებთ მიმდინარე შემოსავლებიდან სასურველი თანხის მობილიზებას. თქვენ შეგიძლიათ ის თანხაც კი დაიანგარიშოთ, რაც საშუალოდ თვის განმავლობაში დაგჭირდებათ ბავშვისთვის ნივთების შესაძენად და ამის მიხედვით დაიწყოთ დაზოგვა.
გარდა ამისა, სასურველია, თუ თქვენი ყოველთვიური შემოსავლიდან გადაუდებელი საჭიროებების ფონდსაც გააკეთებთ და ერთგვარ "უსაფრთხოების ბალიშსაც" შექმნით. ასე დაცული იქნებით გაუთვალისწინებელი ფინანსური რყევების მიმართაც, რაც მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება, როცა საქმე შვილებს ეხება.
ეცადეთ, მოსალოდნელ ხარჯებს ყოველთვის მომზადებული შეხვდეთ
ზოგადად, როცა ხარჯები გარდაუვალია, სიურპრიზები ნამდვილად არაა სასიამოვნო. ამიტომ სჯობს ყველა მოსალოდნელ ხარჯს მაქსიმალურად მომზადებული შეხვდეთ.
მოიძიეთ ინფორმაცია მოსალოდნელ ხარჯებზე
როგორ შეგიძლიათ წინასწარ განსაზღვროთ, რა დაგჭირდებათ ან როგორ გათვლით რისთვის უნდა იყოთ მზად?
საკუთარი გამოცდილება - ამ გათვლებს სხვების გამოცდილების მოძიებასთან ერთად საკუთარი ძალისხმევითაც შეგიძლიათ გაართვათ თავი. თუ თქვენ უკვე გყავთ შვილი, შეგიძლიათ თქვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით დაგეგმოთ მომავალი ხარჯები. ხოლო, თუ პატარა წევრი პირველად გემატებათ ოჯახში, უფრო მეტი ინფორმაციის მოძიება დაგჭირდებათ. ფინანსური სტაბილურობის გარდა აუცილებლად დაგჭირდებათ ემოციური მზაობა, ამისთვის კი სასურველია, სწორ და საჭირო ინფორმაციას ფლობდეთ თქვენი მომავალი პატარას შესახებ.
მშობელთა სკოლები - ინფორმაციის მისაღებად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება მშობელთა სკოლების შეხვედრებზე დასწრებაა. ამ ტიპის შეხვედრები ძირითადად ეძღვნება ორსულობის და მშობიარობის პერიოდების საჭიროებების განსაზღვრას. მშობელთა სკოლის შეხვედრებზე დასწრება საშუალებას მოგცემთ, სწორად შეაფასოთ თქვენს ცხოვრებაში მოსალოდნელი ცვლილებები და მოისმინოთ ის რეკომენდაციები, რომელიც სიახლეების უმტკივნეულოდ მიღებაში დაგეხმარებათ.
რეკომენდაციების მოძიება - გარდა მშობელთა სკოლისა, ბავშვის შეძენასთან მზაობაში თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან მოძიებაც დაგეხმარებათ. ხშირად, ირგვლივ მყოფთა გამოცდილებისა თუ რეკომენდაციების გაზიარება საუკეთესო გზაა ინფორმაციის მოსაძიებლად. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ თუ რამე მისაღები და მოსაწონი იყო სხვისთვის, არ ნიშნავს თქვენთვისაც ანალოგიური იქნება. საუკეთესო გზა ამ შემთხვევაში არის, თუ მნიშვნელოვან საკითხზე მოიძიებთ ალტერნატიულ ინფორმაციას და საბოლოოდ თქვენთვის ყველაზე მისაღები ვარიანტებს შეარჩევთ. მაგალითად, ბავშვისთვის საჭირო ნივთებზე: სად შეიძინოთ, რა რაოდენობით, რა ბიუჯეტი დაგჭირდებათ და სხვა. ასე შეძლებთ შეარჩიოთ თქვენი ბიუჯეტის შესაფერისი საუკეთესო ალტერნატივა.
პასუხისმგებლობით მიუდექით ახალ ვალდებულებებს
და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ სწორი ფინანსური გადაწყვეტილებები დაგეხმარებათ თქვენთვის მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მომენტები ბევრად უფრო სასიამოვნო და ნაკლებად სტრესული იყოს. მნიშვნელოვანია, თუ ამგვარ მომენტებს ფინანსურ ჭრილში გააანალიზებთ და მომზადებული შეხვდებით.