სესხება ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, დაიფინანსონ საკუთარი მიზნები: დაიწყონ თუ განავითარონ ბიზნესსაქმიანობა, მიიღონ განათლება, შეიძინონ ან გაარემონტონ სახლი და ა.შ. სესხი ეს არის თანხა, რომელსაც მსესხებელი იღებს იმ პირობით, რომ ნასესხებ თანხას წინასწარ შეთანხმებულ ვადაში და წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით ეტაპობრივად ან ერთიანად გადაიხდის, როგორც წესი, მასზე დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან ერთად. სესხება სხვადასხვა წყაროდანაა შესაძლებელი, მაგალითად, კომერციული ბანკისგან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან, მეგობრისგან და სხვა.
სესხება ძალზე საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. თუ გონივრულ სესხებას დამატებითი შესაძლებლობების მოცემა შეუძლია, იმპულსურმა, დაუფიქრებელმა სესხებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემები გამოიწვიოს. ამიტომ, თანხის სესხებამდე, მნიშვნელოვანია, სწორად იქნეს შეფასებული საკუთარი სურვილები და შესაძლებლობები. ასევე, უნდა განისაზღვროს რისკები, რომელიც, სესხის აღების გადაწყვეტილებას ახლავს თან. მაგალითად, საჭიროა შეფასდეს, რამდენად გამართლებულია სესხის აღება მოგზაურობისთვის მაშინ, როდესაც სესხის შენატანის გადახდა საკუთარი შემოსავლებით საკმაოდ გართულდება ან მისი დაფარვისთვის იმდენად ხანგრძლივი დრო იქნება საჭირო, რომ მოგზაურობის სიამოვნებას უბრალოდ გადაგავიწყებთ.
ამ ბლოკში განხილული იქნება სესხის ტიპები და წყაროები, სესხთან დაკავშირებულ ხარჯები და პირობები, სესხის აღების პროცესის თავისებურებები, სესხის ხელშეკრულებში ყურადსაღები საკითხები, მსესხებლის უფლებები და პასუხისმგებლობები. ასევე, გაგაცნობთ შეკითხვებს, რომელიც სესხის გამცემ ორგანიზაციას სესხის აღებამდე აუცილებლად უნდა დაუსვათ, რათა საბოლოოდ გონივრული და თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი გადაწყვეტილება მიიღოთ.