კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

პროექტი "სკოლა-ბანკი"

“სკოლა-ბანკის” პროექტით გათვალისწინებული გაკვეთილები არ წარმოადგენს ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილს. თუმცა, მისი, როგორც არაფორმალური აქტივობის დანერგვა შესაძლებელია როგორც სკოლებში, (მაგალითად, თავისუფალი გაკვეთილების ან კლუბის სახით), ისე სხვა ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც.

რას გულისხმობს პროექტი „სკოლა-ბანკი“?

„სკოლა–ბანკი“ საქართველოს ეროვნული ბანკისა და Child and Youth Finance International-ის (ამჟამად Aflatoun International) მიერ შემუშავებული სპეციალური პროგრამაა, რომელიც მოზარდებში ფინანსური განათლების ამაღლებას ემსახურება. ფინანსური განათლება, თავის მხრივ, დაეხმარება მოზარდებს, გონივრულად მართონ პირადი ფინანსები და მიიღონ ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილებები.

„სკოლა-ბანკის“ მოდული 15 გაკვეთილს მოიცავს, რომელიც ბავშვებისთვის გასაგები ენითა და სახალისო ფორმით არის შედგენილი და მომხმარებელსა და ბანკს შორის ურთიერთობის ყველა საკვანძო საკითხს ფარავს.

რომელ ასაკობრივ სეგმენტზეა გათვლილი „სკოლა-ბანკი“?

„სკოლა-ბანკის“ გაკვეთილები მორგებულია VII-IX კლასის მოსწავლეებზე, თუმცა, შესაძლებელია მისი ადაპტირება სხვა კლასების მოსწავლეებისთვისაც.

რა თემებს მოიცავს „სკოლა-ბანკი?“

გაკვეთილებზე ბავშვები ეცნობიან ფინანსური განათლების ისეთ საკვანძო თემებს, როგორიცაა დაზოგვა და ბიუჯეტირება, საბანკო პროდუქტები, გონივრული სესხება, მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობები, ფინანსური უსაფრთხოება.

როგორ არის აგებული გაკვეთილები?

„სკოლა-ბანკის“ მოდული 15 გაკვეთილისგან შედგება, თითოეული გაკვეთილის ხანგრძლივობა, საშუალოდ, 1 საათს შეადგენს. აქტივობები წუთობრივად არის გაწერილი და მოცემულია დეტალური ინსტრუქცია და საჭირო რესურსები, რაც მასწავლებელს გაკვეთილის დაგეგმვას ძალიან უმარტივებს. 

რა მეთოდით სწავლებას ითვალისწინებს „სკოლა-ბანკი“?

„სკოლა-ბანკის“ გაკვეთილები „კეთებით სწავლების“ პრინციპზეა აგებული - მოსწავლეები თამაშ-თამაშით, გაკვეთილზევე სწავლობენ ფინანსური განათლების საკითხებს. აქტივობები მოიცავს ჯგუფურ სავარჯიშოებს, როლურ თამაშებს, ერთმანეთისთვის სწავლებას, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დანახვას, გონებრივ იერიშს და ა.შ.

როგორ შეიძლება დავნერგო პროექტი ჩემს სკოლაში/ორგანიზაციაში?

„სკოლა-ბანკის“ პროექტის დასანერგად, მასწავლებელმა/ტრენერმა:

  1. მონაწილეობა უნდა მიიღოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებულ 2-დღიან პირისპირ ტრენინგში. ტრენინგზე დაიფარება ყველა ის თემა და სწავლების აქტიური მეთოდი, რაც „სკოლა-ბანკის“ სახელმძღვანელოშია მოცემული. მონაწილეებს გადაეცემათ „სკოლა-ბანკის“ სახელმძღვანელო, რომლითაც შეძლებენ გაკვეთილების ჩატარებას. 
  2. უნდა ჩაატაროს საკუთარ სკოლაში/ორგანიზაციაში „სკოლა-ბანკის“ მოდულით გათვალისწინებული 15 გაკვეთილი. მასწავლებელი თავად უზრუნველყოფს სკოლაში მოსწავლეების შეკრებასა და პროექტის ორგანიზებას. „სკოლა-ბანკის“ დანერგვა შესაძლებელია მოხდეს როგორც უშუალოდ საგაკვეთილო პროცესში, ისე დამრიგებლის საათზე, კლუბის სახით და ა.შ.

ვის შეუძლია „სკოლა-ბანკის“ ტრენინგში მონაწილეობის მიღება?

ტრენინგზე დასწრება შეუძლია ნებისმიერი საგნის მასწავლებელს ან ტრენერს, რომელსაც აქვს სურვილი და შესაძლებლობა, მოზარდებს პროექტით გათვალისწინებული 15 გაკვეთილი  ჩაუტაროს. ტრენინგის გასავლელად არ არის აუცილებელი, მონაწილე ფლობდეს რაიმე წინარე ფინანსურ ცოდნას. 

როგორ ხდება „სკოლა-ბანკის“ ტრენინგზე რეგისტრაცია?

„სკოლა-ბანკის“ პროექტის ფარგლებში ფინანსური განათლების საკითხებზე მასწავლებლების ტრენინგი პერიოდულად, როგორც წესი, შაბათ-კვირას ან სასკოლო არდადეგების პერიოდში კვირის სხვა დღეებში ფიზიკური დასწრებით ტარდება. დაგეგმილი ტრენინგების შესახებ ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა კი ფინედუს ვებგვერდსა და ფეისბუქგვერდზე ქვეყნდება. 

„სკოლა-ბანკის“ ტრენინგების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, დააჭირეთ აქ.

„სკოლა-ბანკის“ სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსიის ჩამოსატვირთად, დააჭირეთ აქ.