საბანკო ბარათის უსაფრთხოება
ხშირად მომხმარებლები თავიანთ საბანკო ბარათს უყურადღებოდ ტოვებენ, რაც ხელსაყრელია თაღლითებისთვის. არ დატოვოთ ბარათი და ფინანსური დოკუმენტები მაგიდაზე სამსახურში ან სკოლაში, მანქანაში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც მასზე ხელი ბევრ ადამიანს მიუწვდება. ამასთან, არ გაგზავნოთ ბარათის სრული მონაცემები - ნომერი, ვადა, უსაფრთხოების კოდი - ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით და არ გაუზიაროთ ეს მონაცემები თქვენს მეგობრებსაც კი.
ბანკომატით სარგებლობისას მნიშვნელოვანია სიფრთხილე გამოიჩინოთ: არ დაუშვათ, რომ სხვა ადამიანი თქვენთან ზედმეტად ახლოს იდგეს და ხედავდეს, თუ რა კოდს კრეფთ, დაფარეთ ბანკომატის კლავიატურა, როდესაც მას იყენებთ და დარწმუნდით, რომ ბანკომატის მიმდებარე ტერიტორიაზე არ არის დაყენებული ისეთი კამერა, რომელიც ბანკს არ ეკუთვნის და რომელმაც შესაძლოა თქვენი ბარათის მონაცემები დააფიქსიროს და ჩაიწეროს. დაბოლოს, მიაქციეთ ყურადღება, რომ ბარათი ან ფული სიჩქარეში შემთხვევით ბანკომატში არ დაგრჩეთ.
სკიმინგი
„სკიმინგისგან“ თავის დაცვის მიზნით, ბანკომატის გამოყენებისას დარწმუნდით, რომ ბანკომატი განათებულ ადგილასაა განთავსებული, არ ემჩნევა დაზიანებები და რომ უშუალოდ ბანკომატზე არ არის დამონტაჟებული საეჭვო მოწყობილობები. თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ბანკომატის გამოყენება უსაფრთხოა, მაშინ აჯობებს თავი შეიკავოთ მისი გამოყენებისგან, პრობლემის არსებობის შესახებ კი დაუყოვნებლივ აცნობოთ ბანკს.
უსაფრთხოება პოსტერმინალით სარგებლობისას
ტრანზაქციების კონტროლი
საგადახდო ბარათის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში, თქვენი ბარათის დაბლოკვის მოთხოვნით დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ საფინანსო ორგანიზაციას, რომელმაც გადმოგცათ ბარათი - ამის გაკეთება ტელეფონითაც შეგიძლიათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თაღლითებმა, რომლებმაც მოიპარეს ან იპოვეს თქვენი ბარათი, შესაძლოა ძალიან სწრაფად განახორციელონ თაღლითური ოპერაციები.