სხვა ადამიანების მსგავსად, სავარაუდოდ, თქვენც ხშირად ფიქრობთ იმ სურვილებზე, რომლებსაც აისრულებდით საკმარისი ფულადი რესურსების არსებობის პირობებში. თუმცა, ბევრი რამ, რისი შეძენა თუ განხორციელებაც გსურთ, შესაძლოა ხელმისაწვდომი არ იყოს მხოლოდ იმიტომ, რომ გაზრდილი ყოველდღიური ხარჯები ამის საშუალებას არ გაძლევთ. შეიძლება იფიქროთ, რომ თუ უფრო მეტი ფული გექნებოდათ, ალტერნატივების წინაშე არ დადგებით და ყველა სურვილს აისრულებთ. თუმცა უსასრულო რესურსები არ არსებობს. შესაბამისად, მეტ ფულზე ოცნებასთან შედარებით რეალურია არსებული შემოსავლების ჭკვიანურ განკარგვაზე ზრუნვა. დანაზოგი საუკეთესო გზაა დასახული მიზნების მისაღწევად. თუმცა, როგორ უნდა დაზოგოთ ან როგორ იწყება დაზოგვისთვის მზადება, ეს ის საკითხებია, რომელზეც უნდა დაფიქრდეთ და დაზოგვის პროცესს ნაბიჯ-ნაბიჯ გაჰყვეთ.
სანამ მიზნის მისაღწევად ფულის დაზოგვას დაიწყებდეთ, სასურველია, მიმდინარე პერიოდში თქვენი ფინანსები გააანალიზოთ. ამისათვის კი საჭიროა შეადგინოთ პირადი ბიუჯეტი და დეტალურად შეისწავლოთ მისი კომპონენტები. პირადი ბიუჯეტის შედგენა დაგანახებთ, თქვენი შემოსავლების რა ნაწილი მიდის ხარჯების დაფინანსებაზე. ასევე, მოგცემთ საშუალებას, კონკრეტულად დააკვირდეთ თქვენი ხარჯების სტრუქტურას და, საჭიროების შემთხვევაში, მარტივად განსაზღვროთ ხარჯის ისეთი ნაწილი, რომლის შეცვლაც შეგიძლიათ.