გარდა ზოგადი რეკომენდაციებისა, რომელიც გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის მოსამზადებლად დაგეხმარებოდათ, მნიშვნელოვანია, განვიხილოთ რამდენიმე არასასურველი მოვლენა, რომლის წინაშეც, შესაძლოა ნებისმიერი ჩვენგანი აღმოჩნდეს.
სამსახურის დაკარგვა
სამსახურის დაკარგვასთან ერთად, შემოსავალსაც კარგავთ და სანამ ახალ სამსახურს იშოვიდეთ, მნიშვნელოვანი ფინანსური გამოწვევების წინაშე დგებით. თქვენს ყოფილ დამსაქმებელთან და/ან იურიდიული კონსულტაციის საფუძველზე დააზუსტეთ, გეკუთვნით თუ არა კომპენსაცია, ასევე, გამოუყენებელი შვებულების დღეების ანაზღაურება. ამასთან, შესაძლებლობის შესაბამისად, მოელაპარაკეთ ყოფილ დამსაქმებელს რეკომენდაციების გაცემასთან დაკავშირებით და დაიწყეთ cv-ების გაგზავნა ახალ ვაკანსიებზე სამსახურის დაკარგვის პირველივე დღიდან.
თუ სამსახურში კორპორატიული დაზღვევით სარგებლობდით, გაარკვიეთ, როდემდე გაგრძელდება თქვენი დაზღვევა და საჭიროების შემთხვევაში, ისარგებლეთ კიდეც სადაზღვევო მომსახურებით. შესაძლებელია, განიხილოთ ინდივიდუალური სადაზღვევო პაკეტის შეძენაც. ასეთ დროს, სადაზღვევო შენატანები შეიძლება თქვენთვის ზედმეტი ხარჯი აღმოჩნდეს, მაგრამ ავად გახდომის შემთხვევაში, თქვენ აღარ მოგიწევთ მთლიანი ხარჯების გაწევა, რაც შემოსავლის დაკარგვის/შემცირების პირობებში კიდევ უფრო მძიმე ტვირთად შეიძლება დაგაწვეთ.
გადახედეთ თქვენს პირად ბიუჯეტს, რაზე ხარჯავდით თანხას და რომელი ხარჯების შეკვეცა შეიძლება. ამაში თქვენი საბანკო ამონაწერიც დაგეხმარებათ. თუ სესხები გაქვთ, დაუკავშირდით სესხის გამცემ ორგანიზაციას შენატანის გადახდაზე პრობლემის შექმნამდე და ვადაგადაცილების დაფიქსირებამდე დაუკავშირდით. აუხსენით მათ თქვენი ფინანსური სიტუაციის შესახებ და გაიგეთ, რისი შეთავაზება შეუძლიათ შექმნილ პირობებში - ეს შეიძლება იყოს რამდენიმე თვიანი საშეღავათო პერიოდის გაკეთება, როდესაც სესხის შენატანს ან საერთოდ არ იხდით ან იხდით მხოლოდ პროცენტს; სესხის საპროცენტო განაკვეთის შემცირება ან რესტრუქტურიზაცია - სესხის ვადის გაგრძელება ან რამდენიმე სესხის გაერთიანება.
ოჯახის წევრის გარდაცვალება
ოჯახის წევრის გარდაცვალება რთული, უმძიმესი მომენტია. ასეთ ემოციურ დროს, ნაკლებად ფიქრობთ ფინანსებზე. თუმცა ფინანსურ საკითხებს ყოველ ნაბიჯზე შეეჯახებით, მათ შორის, მაშინ, როდესაც გასარკვევი იქნება ფინანსურ ორგანიზაციებთან გარდაცვლილის ურთიერთობის საკითხები.
ფინანსური საკითხების გარკვევა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანი დოკუმენტების მოძიებით და შეგროვებით იწყება. ანდერძი, საბანკო და სხვა ფინანსური ხელშეკრულებები, სადაზღვევო პოლისები - ეს იმ დოკუმენტების ჩამონათვალია, რომელიც, პირველ რიგში, დაგჭირდებათ.
ანდერძთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ საქართველოს კანონმდებლობით განისაზღვრება როგორც კანონიერი მემკვიდრე (I რიგის მემკვიდრეები მეუღლე, შვილები და მშობლები არიან), ისე ანდერძისმიერი მემკვიდრე. ანდერძის არარსებობის შემთხვევაში, გარდაცვლილის ქონება, პირველ რიგში, ნაწილდება პირველი რიგის მემკვიდრეებზე, ხოლო ანდერძის შემთხვევაში წინასწარ არის განსაზღვრული, ვის და რა რაოდენობით დარჩება გარდაცვლილის ქონება. თუმცა, ანდერძისმიერი მემკვიდრეობის შემთხვევაშიც პირველი რიგის მემკვიდრეები იღებენ სავალდებულო წილს ქონებიდან.
ფინანსური ხელშეკრულებები დაგჭირდებათ იმის დასაზუსტებლად, რა აქტივებს ან ვალდებულებებს ფლობდა გარდაცვლილი და რომელ ფინანსურ ორგანიზაციაში.
სადაზღვევო პოლისები/სადაზღვევო ხელშეკრულებები კი დაგჭირდებათ იმ შემთხვევაში, თუ ის სარგებლობდა სიცოცხლის დაზღვევით და როგორც ბენეფიციარს, გეკუთვნით ანაზღაურება სადაზღვევო კომპანიისგან ან თუ დაზღვევა რომელიმე საკრედიტო პროდუქტის ხელშეკრულებით იყო დადებული, სესხის დაფარვა შესაძლოა ამ დაზღვევის ფარგლებში განხორციელდეს. ზოგჯერ სადაზღვევო ხელშეკრულებით, ანაზღაურების გაცემის წინაპირობას გარკვეული დოკუმენტაციის სადაზღვევო კომპანიაში წარდგენა წარმოადგენს. მნიშვნელოვანია ამ ნიუანსის მომსახურე ფინანსურ ორგანიზაციასთან და/ან სადაზღვევო ხელშეკრულების გაცნობის გზით დაზუსტება.
სამკვიდრო მოწმობა - ფინანსურ ორგანიზაციებთან ინფორმაციის დასაზუსტებლად, გარდაცვლილის საბანკო ანგარიშებსა და თანხებზე წვდომისათვის, ისევე როგორც სხვა ქონებრივი უფლებებით სარგებლობის მიზნით, საჭირო იქნება განაცხადის გაკეთება მემკვიდრეობაზე, რა მიზნითაც უნდა მიმართოთ ნოტარიუსს. სამკვიდრო მოწმობის აღება, როგორც წესი გარკვეულ დროსთან (როგორც წესი, 6 თვიან ვადასთან) არის დაკავშირებული. ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა საჭირო ნიუანსის დაზუსტებაში ნოტარიუსი დაგეხმარებათ.
თუ გარდაცვლილს ჰქონდა სასესხო ვალდებულებები, შეატყობინეთ გარდაცვალების შესახებ შესაბამის სესხის გამცემ ორგანიზაციას. სესხის გადახდის ვალდებულება, როგორც წესი, მემკვიდრეებზე გადადის ხოლმე, თუმცა ასეთ შემთხვევაში სესხის გამცემთან მოლაპარაკებით შესაძლებელია შეთანხმდეთ საშეღავათო პერიოდზე ან რესტრუქტურიზაციაზე, თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით. თუ გარდაცვლილი სარგებლობდა სიცოცხლის დაზღვევით, მაშინ სესხს სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით. თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, შესაძლებელია, საჭირო იყოს შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა.
ავადმყოფობა/დროებითი შრომისუუნარობა
მოულოდნელი ავადმყოფობა, რომელიც რომელიც მცირე ან ხანგრძლივი დროით შრომისუუნარობას იწვევს, ფიზიკურ და ემოციურ ზეგავლენასთან ერთად, შესაძლოა თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზეც აისახოს- იქნება ეს მკურნალობისა და რეაბილიტაციის ხარჯები თუ მუშაობისა და შესაბამისად, ფულის გამომუშავების შესაძლებლობის შეჩერება.
თუ ჯანმთელობის დაზღვევით სარგებლობთ, გაარკვიეთ რა ტიპის ხარჯები ანაზღაურდება თქვენი სადაზღვევო პაკეტით, ფარავს თუ არა ყველა ხარჯს დაზღვევა. ასევე, შეიძლება მოიძიოთ ინფორმაცია სპეციალური პროგრამების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო ან არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ და რომელთა ფარგლებშიც შესაძლებელია მკურნალობის თანხის სრულად ან ნაწილობრივად დაფარვა.
გაითვალისწინეთ, რომ შრომის კოდექსის თანახმად, შრომითი ურთიერთობა ჩერდება დროებითი შრომისუუნარობის დროს არაუმეტეს 40 კალენდარული დღისა ზედიზედ, ან არაუმეტეს 60 დღისა ჯამში 6 თვის განმავლობაში, რა შემთხვევაშიც დასაქმებულს არ მიეცემა შრომის ანაზღაურება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამ პერიოდის განმავლობაში დასაქმებულს არ ევალება მისი სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულება. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, დამსაქმებელს შეუძლია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, თუმცა, თქვენ შეიძლება მოელაპარაკოთ დამსაქმებელს სამუშაო ადგილის, გრაფიკის ცვლილებაზე, ისე რომ ის მოერგოს თქვენი ცხოვრების შეცვლილ წესს და პირობითად, სახლიდან გაუსვლელად შეძლოთ მუშაობა. ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილებებთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და შესაბამის რეკომენდაციებს უფრო დაწვრილებით გაეცანით შესაბამის მენიუში.