რას ნიშნავს დისტანციური ხელშეკრულება?
დისტანციური ხელშეკრულება - ხელშეკრულება, რომელიც დადებულია მოვაჭრესა და მომხმარებელს შორის მხოლოდ დისტანციური კომუნიკაციის (ინტერნეტი, სატელეფონო კავშირი და ა.შ) ერთი ან რამდენიმე საშუალების გამოყენებით და არ მოითხოვს მომხმარებლისა და მოვაჭრის ფიზიკურ თანაყოფობას.
რას ნიშნავს სარეწი და რა ითვლება სარეწს გარეთ დადებული ხელშეკრულება?
სარეწი - ნებისმიერი უძრავი ობიექტი ან მოძრავი ობიექტი, სადაც მოვაჭრე, ჩვეულებრივ, კომერციულ საქმიანობას ახორციელებს.
სარეწს გარეთ დადებული ხელშეკრულება (ე.წ. „ქუჩაში დადებული ხელშეკრულება“) ეს არის:
- ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელიც დადებულია მოვაჭრესა და მომხმარებელს შორის სარეწის გარეთ და მოითხოვს მოვაჭრისა და მომხმარებლის ფიზიკურ თანაყოფობას;
- ხელშეკრულება, რომელიც დადებულია სარეწში ან დისტანციური კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალების გამოყენებით, დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც მომხმარებელმა ხელშეკრულების დადების შესახებ ინდივიდუალური შეთავაზება უშუალოდ მიიღო მოვაჭრისგან სარეწის გარეთ, მოვაჭრისა და მომხმარებლის ფიზიკური თანაყოფობისას;
- ხელშეკრულება, რომელიც დადებულია ექსკურსიის დროს, რომელიც მოვაჭრის მიერ იყო ორგანიზებული საქონლის ან მომსახურების გაყიდვის ხელშეწყობისთვის ან ასეთ შედეგს იწვევს.
რა უფლებები აქვს მომხმარებელს, როცა საქონელს ან მომსახურებას დისტანციურად ყიდულობს?
საქონლის ან მომსახურების დისტანციურად შეძენისას, როდესაც მომხმარებელს გასაყიდი პროდუქტის უშუალოდ გაცნობის შესაძლებლობა არ აქვს, კანონით მომხმარებლის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტია გათვალისწინებული, მათ შორის, მომხმარებელს უფლება აქვს მიიღოს მკაფიო (მომხმარებლისთვის გასაგები) ინფორმაცია საქონლის ფასზე, მიტანის პირობებზე, დაბრუნების შესაძლებლობაზე, მომსახურების გაწევის პირობებზე, საგარანტიო პირობებზე.
რა ინფორმაცია უნდა მიაწოდოს მოვაჭრემ მომხმარებელს საქონლის ან მომსახურების დისტანციურად შეძენისას?
- მოვაჭრის დასახელება და იურიდიული მისამართი;
- საქონლის ან მომსახურების ძირითადი მახასიათებლები;
- საქონლის ან მომსახურების ღირებულება;
- საქონლის მიტანის ღირებულება და მეთოდები;
- ხელმისაწვდომი გადახდის მეთოდები;
- მომსახურების გაწევის ხანგრძლივობა და პირობები;
- საგარანტიო პირობები.
- უკან დაბრუნების პოლიტიკა და მასთან დაკავშირებული გამონაკლისები;
- „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია