სესხის უზრუნველყოფა
თუ მეწარმე სესხს უზრუნველყოფს უძრავი ქონებით, მაშინ ამ ქონების საკუთრების დასადასტურებლად მას დასჭირდება საჯარო რეესტრიდან ამონაწერი. ფინანსური ინსტიტუტი ამ ქონებას შეამოწმებს ადგილზე და აღბეჭდავს ფოტოზე, რათა შეაფასოს მისი ღირებულება. ფინანსური ორგანიზაცია სესხის უძრავი ქონებით უზრუნველყოფას ითხოვს იმისთვის, რომ შეამციროს სესხის დაუბრუნებლობასთან დაკავშირებული რისკი და, საჭიროების შემთხვევაში, სესხი დაიბრუნოს ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხით. სესხის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ფიზიკური და იურიდიული პირის უძრავი და მოძრავი ქონება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სესხის მაქსიმალური თანხა ძირითადი საშუალებების (მიწა, შენობა, აღჭურვილობა და სხვა) მთლიანი ღირებულების დაახლოებით, 70%-80%-ია. სესხის თანხის ფარდობას უზრუნველყოფის საბაზრო ღირებულებასთან სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი ეწოდება.
უზრუნველყოფა ფინანასური ინსტიტუტის მიერ მეწარმის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია; თუმცა, თუ მსესხებლის გადახდისუნარიანობა არ არის დამაკმაყოფილებელი, მაშინ ფინანსური ინსტიტუტისთვის ქონებით უზრუნველყოფა უკვე ნაკლებმნიშვნელოვანია.
სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში, შესაბამისი წესით, საქართველოს კანონმდებლობისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების საფუძველზე, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ყადაღა, რაც თავის მხრივ აისახება ბიზნესსაქმიანობაზე, ხოლო ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია ბიზნესის შეჩერების ერთ-ერთი მიზეზიც გახდეს.
თავდებობა
მნიშვნელოვანია, რომ როგორც მსესხებელი, ისე თავდები აცნობიერებდნენ, რომ მსესხებლის მიერ სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში ფინანსურ ორგანიზაციას უფლება აქვს დავალიანების დაფარვა მოსთხოვოს თავდებს. ზოგ შემთხვევაში, სესხის გაცემამდე საფინანსო ორგანიზაციამ შესაძლოა შეაფასოს თავდების გადახდისუნარიანობაც.
მაგალითი: გსურთ აიღოთ სესხი 50 000 ლარის ოდენობით, სესხის გამცემი ორგანიზაცია კი თავდებს ითხოვს. დახმარებისთვის მიმართეთ ოჯახის წევრს ან მეგობარს, მისი გადახდისუნარიანობა ბანკისთვის საკმარისია და ეს ადამიანი გახდა სესხის თავდები. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ვერ გადაიხდით სესხს, ფინანსური ორგანიზაცია სესხის დაფარვას თავდებს მოსთხოვს.
თანამსესხებლობა