რა არის ფინანსური განათლება?
ფინანსური განათლება ცოდნის, უნარების, დამოკიდებულებებისა და ქცევების ერთობლიობაა, რომელიც აუცილებელია ფინანსურად ჯანსაღი და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებისა და ფინანსური კეთილდღეობის მიღწევისათვის.
ფინანსური განათლება არ არის აკადემიური საგანი, არ გულისხმობს კომპანიის ფინანსების მართვას, ბუღალტერიას, ეკონომიკას და ა.შ. თუმცა, რა თქმა უნდა, გარკვეული კავშირი აქვს ამ ჩამონათვალთან. ფინანსური განათლება შეიძლება მივიჩნიოთ საბაზისო, ცხოვრებისეულ უნარად, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენი პირადი ფინანსების მართვისთვის გვჭირდება. ფინანსური განათლება საჭიროა ყველა პროფესიისა და ასაკის ადამიანის, მათ შორის, ბავშვებისთვისაც, რადგან ისინი ფულის გამოყენებას სკოლის ასაკიდანვე იწყებენ - მაგალითად, როდესაც მშობლები ჯიბის ფულს აძლევენ. ბავშვებს, ასევე, საფინანსო ორგანიზაციებთანაც აქვთ შეხება, რადგან, შესაძლოა, საბანკო ბარათებითაც სარგებლობდნენ.
რა შეუძლიათ ფინანსურად განათლებულ ადამიანებს?
ფინანსურად განათლებულ ადამიანებს:
- უკეთ ესმით იმ ფინანსური პროდუქტების არსი და მახასიათებლები, რომლითაც სარგებლობენ;
- შეუძლიათ გააკეთონ გააზრებული, ინფორმირებული არჩევანი სხვადასხვა ფინანსურ საკითხთან მიმართებაში, მაგალითად, დაზოგვისა და ინვესტირების დროს;
- შეუძლიათ მიიღონ პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებები სესხებთან თუ სხვა ფინანსურ პროდუქტებთან მიმართებაში;
- აქვთ ცოდნა საკუთარი, როგორც საფინანსო სექტორის მომხმარებლების, უფლებების შესახებ და ისიც იციან, სად მიიღონ საჭირო ინფორმაცია ან ვის მიმართონ ამ უფლებების დარღვევის შემთხვევაში;
- იციან, როგორ ამოიცნონ ფინანსური თაღლითობის სხვადასხვა შემთხვევა და როგორ დაიცვან მისგან თავი;
- გეგმავენ, აზღვევენ რისკებს, ზრუნავენ მომავალსა და საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.
რატომ არის მნიშვნელოვანი ახალგაზრდების ფინანსური განათლება?
განვიხილოთ ფინანსური განათლების ზემოთ ნახსენები სამივე კომპონენტი. ფინანსური ცოდნა ის კომპონენტია, რომელიც შედარებით მოკლე ვადაში შეიძლება გაუმჯობესდეს, ფინანსური დამოკიდებულებების და, მითუმეტეს, ფინანსური ქცევების ცვლილებას კი გაცილებით მეტი დრო დასჭირდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ფინანსური განათლება რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან, დაიწყოს. ამ რეკომენდაციას გასცემს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების საერთაშორისო ორგანიზაციაც (OECD), რადგან პირადი ფინანსების მართვის ჩვევის გამომუშავება ახალგაზრდა ასაკში გაცილებით ადვილია, ზრდასრულ ასაკში ადამიანის უკვე ჩამოყალიბებული დამოკიდებულებების, ქცევებისა და კულტურული თავისებურებების შეცვლა უფრო რთულია. იმის გათვალისწინებით, რომ ფინანსური განათლების დონე ზრდასრულ მოსახლეობაში საკმაოდ დაბალია და ცოდნის მიღების შესაძლებლობაც ოჯახებიდან ნაკლებად ალბათურია, სკოლის კურიკულუმში ფინანსური განათლების საკითხების ჩასმა, ბავშვებისა და მოზარდების ფინანსური განათლების ასამაღლებლად, ერთ-ერთ მნიშვნელოვან და ეფექტიან გზად ითვლება. კურიკულუმის თითოეულ საფეხურზე ფინანსური განათლების საკითხების ინტეგრირება მოსწავლეებს ფინანსური უნარების განვითარების და ჯანსაღი ფინანსური ჩვევების გამომუშავების საშუალებას ადრეული ასაკიდანვე აძლევს. ეს კი მნიშვნელოვანია მომავალში მათი პასუხისმგებლობიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებისა და გრძელვადიანი ფინანსური კეთილდღეობისთვის. რა თქმა უნდა, ფინანსური განათლების საკითხების სწავლება მოსწავლის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით და მათთვის გასაგები ენითა და ფორმით უნდა მოხდეს.
ფინანსური განათლება სასკოლო კურიკულუმში
სკოლებში ფინანსური განათლების დანერგვა, არაერთი ქვეყნის მაგალითზე, საუკეთესო პრაქტიკას წარმოადგენს. ავსტრალია, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, გაერთიანებული სამეფო, იაპონია, აშშ - იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც ჯერ კიდევ 2000-იანი წლებიდანაა ფინანსური განათლება სკოლის კურიკულუმის ნაწილი და ხშირად სკოლაში სწავლის სრულ პერიოდზე - პირველიდან ბოლო კლასის ჩათვლით ისწავლება. როგორც წესი, ფინანსური განათლება არ არის წარმოდგენილი როგორც ცალკე საგანი, არამედ ინტეგრირებულია ისეთ საგნებში, როგორიცაა სოციალური მეცნიერებები, მოქალაქეობა, ეკონომიკა, მათემატიკა, ინგლისური ენაც კი და ზოგადად, წარმოადგენს ე.წ. კურიკულუმის გამჭოლ კომპეტენციას. ასევე, ცალკეულ შემთხვევებში, მაგალითად, აშშ-ს მაგალითზე, პირადი ფინანსების მართვა რამდენიმე შტატში სავალდებულო საგანია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოშიც ფინანსური განათლების საკითხები ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილია, დაწყებით საფეხურზე - საგანში „მე და საზოგადოება“, საბაზო და საშუალო საფეხურებზე კი საგანში „მოქალაქეობა“. გარდა ამისა, ფინანსური წიგნიერება განათლების სამინისტროს მიერ მიჩნეულია ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთ პრიორიტეტულ თემად.
ახალგაზრდების ფინანსური განათლება საქართველოს ეროვნული ბანკის დღის წესრიგში
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის (ფინანსური განათლების ძირითადი სახელმძღვანელო დოკუმენტი) ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ახალგაზრდა თაობისთვის ფინანსური განათლების მიწოდება და მისი მომავალი ცხოვრებისთვის მომზადებაა. ამ მიმართულებით მეტად მნიშვნელოვანი ამოცანა კი სკოლებში ფინანსური განათლების დანერგვის ხელშეწყობაა.
სტრატეგიის მიხედვით, სკოლებში ფინანსური განათლების აქტივობები, შესაძლებელია, მიწოდებული იყოს როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური გზით და ისინი ორიენტირებული უნდა იყოს არა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებაზე, არამედ, უნარების განვითარებაზე, დამოკიდებულებებისა და ქცევის ცვლილებაზე, ახალგაზრდების შრომის ბაზარზე გასასვლელად მომზადებაზე.
სტრატეგიაში ხაზგასმულია, რომ ფინანსური განათლების სკოლებში დანერგვის მნიშვნელოვანი კომპონენტი მასწავლებლების შესაძლებლობების ზრდა და მათთვის საჭირო რესურსების მომზადებაა. ამ მიმართულებით ეროვნულ ბანკი პერიოდულად ატარებს ტრენინგებს მასწავლებლებისთვის, შემუშავებული აქვს დამხმარე სახელმძღვანელოები და სხვა სასწავლო რესურსები, რომლებიც უფასოდაა ხელმისაწვდომი როგორც მასწავლებლებისათვის, ისე ფინანსური განათლების გავრცელებით დაინტერესებული ნებისმიერი პირისათვის.